ავტორი:

გენიალურად შესრულებული როლები, ცხოვრების სიყვარული და ტრაგიკული გარდაცვალება - როგორ აღმოაჩინა ქართული კინოს ლეგენდა, გიორგი (ჟორა) შავგულიძე კოტე მარჯანიშვილმა ქუჩაში

გენიალურად შესრულებული როლები, ცხოვრების სიყვარული და ტრაგიკული გარდაცვალება - როგორ აღმოაჩინა ქართული კინოს ლეგენდა, გიორგი (ჟორა) შავგულიძე კოტე მარჯანიშვილმა ქუჩაში

ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში ერთ-ერთი კაშკაშა, გამორჩეულ და ხალხისთვის საყვარელი მსახიობს იყო გიორგი (ჟორა) შავგულიძე. მას ჰქონდა უნიკალური უნარი, თანაბარი წარმატებით მოერგო როგორც კომედიური, ისე დრამატული და ტრაგიკული როლები.

გიორგი (ჟორა) შავგულიძე 1910 წლის 16 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. ქუთაისში სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში, ქუთაისი-ბათუმის თეატრის დასში დაიწყო მუშაობა. დასს დიდი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა.

  • პირველი შეხვედრა

კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შავგულიძის პირველი შეხვედრა ქუთაისში, “თეთრ ხიდზე“ 1928 წელს მოხდა, რაც ქართული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ლეგენდარულ ეპიზოდად ითვლება.

კოტე მარჯანიშვილი “თეთრ ხიდზე“ სეირნობდა, როდესაც მისი ყურადღება მიიქცია გამორჩეული, ათლეტური აღნაგობისა და ქარიზმატულმა ახალგაზრდამ. სანამ რეჟისორი მას აკვირდებოდა, 18 წლის ჟორა შავგულიძე ხიდიდან მდინარე რიონში ულამაზესი ნახტომით გადაეშვა. პლასტიკითა და მისი გარეგნობით მოხიბლული რეჟისორი დაელოდა, სანამ ახალგაზრდა წყლიდან ამოვიდოდა და ვინაობა ჰკითხა. ბიჭმა უპასუხა: “შავგულიძე ვარ, ბატონო კოტე. თქვენ ვინ არ გიცნობთ, თეატრი ძალიან მიყვარს და ყოველდღე ქანდარაზე ვზივარო“. მარჯანიშვილმა მას მაშინვე თეატრში დაუძახა.

  • პროფესიული აღიარება და მფარველობა

მარჯანიშვილმა მალევე იგრძნო ახალგაზრდის დიდი ნიჭი და გამოუცდელ მსახიობს ლეგენდარული უშანგი ჩხეიძის დუბლიორობაც კი მიანდო.

შავგულიძე რეპეტიციებზე ხშირად აგვიანებდა, დაგვიანებებზე მსახიობებს მკაცრად სჯიდნენ. თუმცა, რეჟისორის თანაშემწეები ამბობდნენ, რომ მის დაჯარიმებას აზრი არ ჰქონდა, რადგან კოტე მარჯანიშვილი ჟორას გვარს საჯარიმო სიიდან ყოველთვის ჩუმად ამოშლიდა ხოლმე. როდესაც მარჯანიშვილის დასი ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა (შემდგომში მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რეჟისორმა ნიჭიერი ახალგაზრდა თან წამოიყვანა, რითაც დიდი სცენისკენ გზა გაუხსნა.

კოტე მარჯანიშვილის მოწაფე ჟორა შავგულიძე მარჯანიშვილის თეატრის სცენის ნამდვილი საყრდენი, ვარსკვლავი იყო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი თამაში პლასტიკით, ტემპერამენტით, მახვილი იუმორითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩეოდა.

დაუვიწყარი როლები შექმნა თეატრსა და კინოში.

ფართო მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს მისი როლი ფილმიდან “ქეთო და კოტე“ - სადაც სიკოს მეგობარი ნიკო გახლავთ და ვასო გოძიაშვილთან დუეტში ბრწყინვალედ თამაშობს...

  • როგორი იყო ცხოვრებაში?

ჟორა შავგულიძეს ახასიათებდნენ როგორც თბილ, მეგობრულ, იუმორით სავსე და უბოროტო ადამიანს. მას ჰქონდა განსაკუთრებული ქარიზმა, რის გამოც ხალხს უყვარდა. არსებობდა უამრავი თეატრალური ამბავი, ანეკდოტი, სევდიანი ისტორია, მითი, თავგადასავალი მის შესახებ, რაც მის პოპულარობაზე მეტყველებდა. მისი ნაადრევი გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იყო.

კადრი ფილმიდან ''გიორგი სააკაძე''

ამბები მასზე

  • ჟორა და აკაკი ხორავას “წვერი“

კინოსტუდიაში თუ თეატრში ჟორას ოინებს მსხვერპლი ხშირად ჰყავდა, თუმცა მისი ხუმრობები ბოროტი არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი აკაკი ხორავას უკავშირდება.

სპექტაკლის წინ ხორავა საგრიმიოროში სავარძელში თვლემდა, სანამ გრიმიორი მისთვის გრძელ, დიდებულ წვერს აწებებდა. ჟორა ჩუმად შეეპარა, გრიმიორს თვალი ჩაუკრა, მაკრატელი გამოართვა და ხორავას გრანდიოზული წვერი შუაზე გადაჭრა. ხორავამ რომ გაიღვიძა და სარკეში ჩაიხედა, გაგიჟდა, მთელი თეატრი შეძრა - “ვინ ქნა ეს, ვინ გამანადგურაო!“. ჟორა კი იქვე იდგა, აუღელვებლად ეწეოდა სიგარეტს და სხვებთან ერთად “ეძებდა“ დამნაშავეს.

  • სპექტაკლი სტალინზე, რომელიც შავგულიძემ გადაარჩინა

ერთ-ერთ სპექტაკლში, რომელიც სტალინს ეძღვნებოდა, ჟორა შავგულიძე მენშევიკს თამაშობდა, მისი მეგობარი, ცნობილი მსახიობი - ემანუელ აფხაიძე - ერთ-ერთ რევოლუციონერს. პიესის მიხედვით, აფხაიძის პერსონაჟს სცენაზე ჟორასთვის რევოლვერი უნდა დაეძრო, ეყვირა: “აჰა, შენ, ნაძირალავ!“ და “მოეკლა“.

სცენაზე აფხაიძემ იარაღი ამოიღო, სასხლეტს თითი გამოჰკრა, მაგრამ რევოლვერმა არ გაისროლა (კაფსულამ უმტყუნა). აფხაიძე დაიბნა, ისევ გამოჰკრა - ხმა არ არის. არადა, სტალინზე სპექტაკლის ჩაგდება იმ დროს პირდაპირ ციმბირს ან დახვრეტას ნიშნავდა. დარბაზში მყოფი ცეკას ჩინოვნიკები დაიძაბნენ.

სიტუაცია ჟორამ გადაარჩინა: უეცებ ფანტაზიას მოუხმო, გულზე ხელი იტაცა, სცენაზე დაეცა და დაიყვირა:

“ვაიმე, გული... შენი რევოლვერის დანახვაზე გული გამისკდა!“ - და სული განუტევა. სპექტაკლი გადარჩა, მაყურებელი კი ვერაფერს მიხვდა.

კადრი ფილმიდან ''დავით გურამიშვილი“

  • უსაზღვრო ხელგაშლილობა და “ცარიელი ჯიბეები“

ჟორა შავგულიძეს ჯიბეში ფული არასდროს უჩერდებოდა. როგორც კი ჰონორარს აიღებდა, მაშინვე რესტორანში მიდიოდა მეგობრებთან, ნაცნობებთან თუ სრულიად უცნობებთან ერთად და ყველაფერს ბოლო კაპიკამდე ხარჯავდა.

ამბობენ, ხშირად სახლში ისე ბრუნდებოდა, პალტო ან პიჯაკი აღარ ეცვა - გზად ვინმე გაჭირვებულს თუ გადაეყრებოდა, ჩუქნიდაო.

  • ტრაგიკული დასასრული

მსახიობი სულ რაღაც 48 წლის ასაკში, 1959 წლის 13 აპრილს, თბილისში, პლეხანოვის გამზირზე მოულოდნელად და ტროლეიბუსის დაჯახების შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

  • ორეული სომეხი ტაქსის მძღოლი

მისი გარდაცვალებისას რეჟისორი ლევან ხოტივარი იღებდა ფილმს “განაჩენი“, სადაც ჟორა მთავარ როლს ასრულებდა და რამდენიმე ეპიზოდი კვლავ გადასაღები იყო. მსახიობის ორეულის ძებნა რომ დაიწყეს, ერთ სომეხ ტაქსის მძღოლს მიაგნეს, რომელიც ფიზიკურადაც და ხმის ტემბრითაც ძალიან ჰგავდა გარდაცვლილ არტისტს. მძღოლმა თავიდან გადაღებისთვის უზარმაზარი თანხა (ფილმის მთელი ბიუჯეტი მესამედი) მოითხოვა, რადგან ეგონა, რომ კინო კოლოსალურ შემოსავალს მოუტანდა. თუმცა, როდესაც აუხსნეს, რომ ეს დიდი მსახიობის ხსოვნისთვისა და ფილმის გადასარჩენად იყო საჭირო, თანხაზე უარი თქვა, უფასოდ გადაიღეს და კადრები ისე დაამონტაჟეს, რომ მაყურებელმა სხვაობა ვერც კი შეამჩნია. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. ტაქსისტ სერგო ოგანოვს ფული აუღია და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია.

  • მეუღლე - ლიზა ვაჩნაძე

ლიზა ვაჩნაძემ ქმრის, გიორგი (ჟორა) შავგულიძის, ტრაგიკული დაღუპვის ამბავი სცენაზე დგომისას, სპექტაკლის მსვლელობისას შეიტყო.

1959 წლის 13 აპრილს, როდესაც პლეხანოვის გამზირზე გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა და სასიკვდილოდ დააშავა, მისი მეუღლე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამაშობდა - მაღალი თანამდებობის პირის ცოლის როლი ჰქონდა, რომლის ქალიშვილსაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რაიონში ანაწილებდნენ. სცენარის მიხედვით, მსახიობი მოთქმითა და გოდებით ამბობდა ფრაზას: “რა უბედური ვყოფილვარ!“.

“ჩვეულებრივ, ამ სცენაზე მაყურებელი ყოველთვის ხარხარებდა, თუმცა იმ დღეს დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს პარტერი დაცარიელდაო. ძალიან შეწუხებული და თითქმის შერცხვენილიც გავედი სცენიდან. ვერ გამეგო, რა გავაფუჭე, რა შევცვალე, რომ მაყურებელი ასეთი დადუმებული დავტოვე… კი, არავის გაუცინია, რადგან ხალხმა უკვე იცოდა ქალაქში მომხდარი უბედურების შესახებ.

სპექტაკლის შემდეგ კინოში, თერთმეტსაათიან სეანსზე ბილეთი მქონდა - მე და მედეა ჯაფარიძე შევთანხმდით, რომ სურათის სანახავად ერთად წავიდოდით.

მაგრამ იმ ამბით შეწუხებულმა, რომ მაყურებელი დადუმებული დავტოვე, გრიმი მოვიცილე და მედეას ველოდებოდი, როდის გათავისუფლდებოდა... საგრიმიოროში ისეთი სახით შემოვიდა ოთახში, რომ სიტყვა პირზე შემაშრა. უკან ქალები მოჰყვებოდნენ. “ჟორაო“, - წაიბურტყუნა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდათ, რომ მეტი აღარაფერი გამიგია. როგორ მოვწყდი ადგილიდან, არ ვიცი. ის კი მახსოვს, თეატრის წინ ვიღაცამ მანქანა გამიჩერა: “ვიცი, სადაც მიბრძანდებით, ქალბატონო“. თურმე ეს საზარელი ამბავი ჩემი სცენაზე ყოფნის დროს მომხდარა და მაყურებელმა სწრაფად შეიტყო, – ქალაქში ჩემი და ნუკრის (შვილი) გარდა უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა,“ - ჰყვებოდა ლიზა ვაჩნაძე თავის მოგონებებში.

  • სიყვარული ამბავი

გიორგი (ჟორა) შავგულიძისა და ლიზა ვაჩნაძის სიყვარულის ისტორია მარჯანიშვილის თეატრში დაიბადა, სადაც ორ ახალგაზრდას, მიუხედავად რთული რეალობისა (ორივეს მამა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული იყო), ერთმანეთი უსაზღვროდ შეუყვარდათ. ეს ლეგენდარული ისტორია რამდენიმე დასამახსოვრებელ და კურიოზულ ეპიზოდს აერთიანებს:

  • ეჭვიანობა სცენაზე (“ყვარყვარე თუთაბერი“)

მათი ტრფობა სავსე იყო სახალისო ფათერაკებით, რაც ხშირად პირდაპირ სცენაზეც ვლინდებოდა. სპექტაკლ “ყვარყვარე თუთაბერში“ ლიზა ვაჩნაძე თამაშობდა გულთამზეს, ჟორა შავგულიძე – მის შეყვარებულ ერასტის, ხოლო უშანგი ჩხეიძე – თავად ყვარყვარეს.

ერთ-ერთ სცენაში ყვარყვარეს (უშანგი ჩხეიძეს) გულთამზე (ლიზა) მუხლზე უნდა დაესვა. ამის დანახვაზე კულისებში თუ საფარში მყოფი შეყვარებული ჟორა შავგულიძე საშინლად ნერვიულობდა და ეჭვიანობდა. ემოციებს აყოლილი ჟორა რეპლიკას არ უცდიდა, დროზე ადრე გამოხტებოდა ხოლმე საფარიდან, უშანგი ჩხეიძეს განზე ისროდა და სცენას აფუჭებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავად ლიზამ უსაყვედურა: “გვაცადე თამაშიო“.

საყვედურის შემდეგ ჟორამ მეორე უკიდურესობას მიმართა და საერთოდ დააგვიანა სცენაზე გამოსვლა, რის გამოც შეწუხებული უშანგი ჩხეიძე სცენიდანვე ეძახდა: “ჟორჟიკა ბიჭო, გამოდიო“. როდესაც უშანგიმ ჟორას პორტსიგარში ლიზას ფოტო აღმოაჩინა, ყველაფერს მიხვდა და ამის შემდეგ რეპლიკებს სპეციალურად ადრე ამბობდა, რომ შეყვარებული მსახიობი არ გაემწარებინა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ცხოვრება სავსე იყო ეკონომიური სიდუხჭირითა და მძიმე პირადი ტრაგედიებით (მათ სიდუხჭირის გამო ტყუპი შვილიდან ერთ-ერთი გარდაეცვალათ), მათი ერთგულება ურყევი დარჩა. ლიზა ვაჩნაძეს მეუღლის დაკარგვის შემდეგ მეორედ აღარ უქორწინია. მან მეუღლის გარდაცვალებიდან 45 წელი იცოცხლა, 2004 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვა. თავისი ერთადერთი სიყვარულის ერთგული დარჩა. ორივე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

ჟორა შავგულიძის გარდაცვალების შემდეგ პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ დაწერა ლექსი, “კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“, რომელიც ჟორა შავგულიძეს მიუძღვნა.