აშშ-ის მთავრობამ მიიღო რეზონანსული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხრეთ აფრიკაში აივ-ინფექციისა და შიდსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პროგრამების დაფინანსება წყდება. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოში ყველაზე მეტი - 8 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ამ დიაგნოზით.
ვაშინგტონის ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია ორ ქვეყანას შორის დაძაბულ დიპლომატიურ ურთიერთობებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიანიშნა, რომ დაფინანსების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი სამხრეთ აფრიკის მხრიდან თეთრკანიანი უმცირესობის — აფრიკანერების დაუცველობაა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ აფრიკის პოლიტიკა ხელს უწყობს ძალადობას „რასობრივი ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი მიწათმფლობელების“ წინააღმდეგ. მეტიც, ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „თეთრკანიანთა გენოციდი“ მიმდინარეობს.“
ამერიკული მხარის განცხადებით, სამხრეთ აფრიკა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაა და მას თავად შეუძლია საკუთარი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უკვე დიდი ხანია აქვთ „თვითკმარი გეგმა“ და სიცოცხლისთვის აუცილებელი ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შეძენა ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.