უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს, "თეთრი არწივის ორდენის" გარეშე დარჩა. ვარშავის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი კიევის მიერ, ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფისთვის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი "უკრაინის ამბოხებულთა არმიის" (UPA) სახელის მინიჭება გახდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი" და "გაუგებარი" უწოდა. მისი განცხადებით, UPA პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე.
"ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ ანგრევს წლებისა და ბოლო თვეების განმავლობაში ნაშენებ ნდობას", - აღნიშნა ნავროცკიმ თავის მიმართვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვედანაყოფისთვის ძველი სახელწოდების მინიჭება "ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის" სურვილით ახსნა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ვარშავის ნაბიჯს "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა, რომლითაც მხოლოდ მოსკოვი ხეირობს. პროტესტის ნიშნად მან განაცხადა, რომ აბრუნებს ჯილდოს, რომელიც პოლონეთისგან 2022 წელს მიიღო.
"არცერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი არ დაგვიწერს ჩვენს ისტორიას", - დასძინა მინისტრმა.
პოლონეთისგან მიღებულ ორდენზე უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმაც.
„ეს საჩუქარია მოსკოველი აგრესორისთვის, რომელიც ამას ჩვენი ორივე ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს. ჩვენს ხალხებს დიდი ხნის ურთიერთობები და ისტორიის მრავალფეროვანი გვერდები აქვთ - როგორც გმირული, ასევე ტრაგიკული. თუმცა, ეს უნდა იყოს ღრმა ფიქრის და არა უხეში პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი...
ნებისმიერი უკრაინელის მსგავსად, მე არ შემიძლია განზე გავდგე და უბრალოდ ვუყურო, თუ როგორ ტრიალებს სიძულვილის ბორბალი უსაფუძვლოდ და ხელოვნურად ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის გათვალისწინებით, უარს ვამბობ „ოფიცრის ჯვრის” ორდენზე პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, - წერს ბუდანოვი.
პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინას საკუთარ ისტორიასთან თვალის გასწორება მოუწევს. ამავდროულად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მხარეებს ემოციების დაცხრობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს შუღლი მხოლოდ ვლადიმერ პუტინს "ახარებს".
მიუხედავად ამ დიპლომატიური სკანდალისა, ვარშავა აცხადებს, რომ პოლონეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ "თეთრი არწივის ორდენი" ზელენსკის 2023 წელს პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გადასცა