ავტორი:

1700 ევაკუირებული და პანიკა კარიბის ზღვის მდიდრულ კურორტზე: სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს დამსვენებელი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

1700 ევაკუირებული და პანიკა კარიბის ზღვის მდიდრულ კურორტზე: სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს დამსვენებელი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

დომინიკის რესპუბლიკის პოპულარულ ტურისტულ კომპლექსში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა სულ მცირე ერთი ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა და 1 700-ზე მეტი ადამიანის იძულებითი ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებულ შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, როგორ ამოდის სქელი კვამლი ლა ალტაგარსიაში მდებარე კურორტ “Viva Dominicus Bayahibe“-ს ერთ-ერთი სექციიდან. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (DAEH) განცხადებით, ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა 46 წლის იტალიელი ქალი, ფრანჩესკა ვალენტინო.

სამსახურის ცნობით, სამი ადამიანი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ექვსს დახმარება ადგილზე გაეწია. დაზარალებულებს შორის არიან სასტუმროს სტუმრები, ვიზიტორები და მაშველები. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო, სადაც ღამე 350 დოლარი ღირს, განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკელ ტურისტებში, რომელთა დიდი ნაწილის ევაკუაციაც განხორციელდა.

  • რამ გამოიწვია ცეცხლის სწრაფი გავრცელება?

“პირველადი დაკვირვებით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა პალმისგან დამზადებული სახურავის კონსტრუქციების ადვილად აალებადი ბუნებისა და ქარის გამო“, - აცხადებს ქვეყნის საგანგებო ოპერაციების ცენტრი (COE).

ხანძარი ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ დგინდება. სასტუმროს სტუმრები ახლომდებარე სასტუმროებში გადაიყვანეს. ამავე ქსელის ნაწილს, “Viva Wyndham Dominicus Palace“-ს, დაზიანება არ მიუღია. უწყებაში ასევე დასძენენ, რომ ბაიაჰიბესა და მის შემოგარენში ტურისტული აქტივობები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გრძელდება.

ცეცხლი პარასკევს, დილის 11 საათზე გაჩნდა და მდიდრულ კურორტს სწრაფად მოედო. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ვარდება ცეცხლი სასტუმროს ჩალის სახურავიდან, პანიკაში მყოფი ტურისტები კი სიცოცხლის გადასარჩენად გარბიან.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადები, თუმცა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, რომ მეხანძრეებს სტიქიის ჩაქრობა უჭირდათ: “მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო მანქანები უკვე ადგილზეა, ხანძრის მასშტაბები აღემატება არსებულ აღჭურვილობას და საჭიროა მეტი მხარდაჭერა უფრო მაღალი სიმძლავრის ტექნიკით“.

ხელისუფლება შიშობდა, რომ ცეცხლი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდებოდა, ამიტომ ძალები მის ლოკალიზებაზე იყო მიმართული.

წყარო