ლეგენდარულ მარვინ ჰაგლერს ეკუთვნის ფრაზა: "ძნელია, დილით სავარჯიშოდ ადგომა, როცა აბრეშუმის ზეწრებში გძინავს“. თუმცა, UFC-ის მსუბუქი წონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავისთვის, არმან ცარუკიანისთვის, ეს სიტყვები გამოწვევად იქცა.
ის არ მოსულა სპორტში სიღარიბიდან, არ უბრძოლია გადარჩენისთვის - არმანი შეძლებული ოჯახის შვილია. მაგრამ ოქტაგონზე მამის მილიონებს ვერავინ გამოიტანდა; იქ მხოლოდ ხასიათი, სისხლი და პირადი შრომა წყვეტს ყველაფერს.
დღეს მისი პროფესიონალური რეკორდი 22-3-ია.
არმანი დაიბადა საქართველოში, ახალქალაქში, ნაირი ცარუკიანისა და ანაიტის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორ წელში ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში, კერძოდ ხაბაროვსკში გადავიდა, არმანს მშობლიური მხარე არასდროს დავიწყებია. სწორედ ამის ნიშნად აირჩია დასავლელი კომენტატორებისთვის აბსოლუტურად ენის გასატეხი ფსევდონიმი - "ახალქალაქელი“.
ხაბაროვსკში მამამისმა, ნაირი ცარუკიანმა, მსხვილი სამშენებლო იმპერია (შპს "სკ დიქტისი“) შექმნა, რომელიც გზების მშენებლობითა და რემონტითაა დაკავებული. თუმცა, უფროსი ცარუკიანი შვილებს ფუფუნებით არ ანებივრებდა. როგორც მედია წერს, საზაფხულო არდადეგებზე არმანი მამის ფირმაში უბრალო მუშად მუშაობდა და დღეში 500 რუბლს გამოიმუშავებდა. სპორტსმენმა პირველი სკუტერი საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულით იყიდა.
მიუხედავად ამისა, არმანზე ხშირად ამბობენ, რომ ის "მდიდარი მამიკოს განებივრებული შვილია".
ექვსი წლის ასაკში არმანმა ჭიდაობა დაიწყო, მაგრამ მისი ბავშვობის მთავარი გატაცება ჰოკეი იყო. ხაბაროვსკში ადგილობრივი კლუბი "ამური“ წარმატებული კლუბის სტატუსით სარგებლობს, ამიტომ 12 წლის არმანი ყველაფერს აკეთებდა, რომ მათ ახალგაზრდების გუნდში მოხვედრილიყო. მამა მხარს უჭერდა ამ ძვირადღირებულ სპორტში, მაგრამ როცა აშკარა გახდა, რომ ძირითად გუნდში ვერ ითამაშებდა, არმანმა ილუზიები გვერდზე გადადო. მან ყინული დატოვა და დაუბრუნდა იმას, რაც სისხლში ჰქონდა - ჭიდაობას, რომელსაც მოგვიანებით საბრძოლო სამბო და პანკრატიონი დაუმატა.

ცარუკიანის დებიუტი MMA-ში 2015 წელს შედგა. მისი ერთადერთი მიზანი ხაბაროვსკის მთავარ არენაზე, ერთხელ მაინც გამოსვლა იყო. ეს ოცნება მეორე ბრძოლაშივე აუსრულდა, თუმცა კოშმარად შეუტრიალდა: ალექსანდრ ბილიხმა ის 30-ე წამზე მძიმე ნოკაუტში ჩააგდო მეგობრებისა და ოჯახის თვალწინ.
სწორედ ამ მარცხმა შექმნა ის ცარუკიანი, რომელსაც დღეს ვიცნობთ. სპორტიდან წასვლის ნაცვლად, მან გააფართოვა თავისი არსენალი და რეგიონულ ლიგებში (MFP) ნამდვილი ნადირობა დაიწყო:
2016 წლის დეკემბერში კი იმავე არენაზე ალექსანდრ ბილიხი პირველსავე რაუნდში "მოახრჩო“. ამის შემდეგ იყო გამარჯვებები მოსკოვის "ლუჟნიკებში“ გუსტავო ვურლიტცერთან და სოჭში, პრესტიჟულ ტურნირზე "სამბო-70“, სადაც არმანმა ბრაზილიელი მარსიო ბრაგი დაამარცხა.
არმანის უძლეველობამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. სამხრეთ კორეაში, Road FC-ზე, მან მძიმე ბრძოლაში ქულებით სძლია ადგილობრივ ვარსკვლავ კიუნ პიუ კიმს, რის შემდეგაც MFP-ის საჩემპიონო ქამარიც მოიპოვა იაკუძას ყოფილი მებრძოლის, ტაკენორი სატოს დამარცხებით.
იმისათვის, რომ სრულფასოვანი მებრძოლი გამხდარიყო, ის ტაილანდში, ცნობილ კემპში Tiger Muay Thai-ში გაემგზავრა. საინტერესოა, რომ არმანმა არც ინგლისური იცოდა და არც ტაილანდური. დარბაზს ორი დღე ჟესტებითა და ტაქსისტების დახმარებით ეძებდა. იქ მან გაიცნო გავლენიანი მენეჯერი საიატ აბდრახმანოვი, რომელმაც ჩინეთში ბრძოლა მოუწყო, სადაც ცარუკიანმა ჰაოტიან ვუ ულამაზესი "სპინინგ ბექ ქიქით“ (ტრიალში დარტყმით) გათიშა.
UFC-ში გადასვლამდე არმანმა ტიტული UFC-ის ვეტერანთან, ჯუნიორ ასუნსაოსთან დაიცვა, ხოლო კიდევ ერთ "სამბო-70“-ის ტურნირზე ფელიპე ოლივიერისთან, რა დროსაც ღონისძიების სტუმართან, ვლადიმერ პუტინთანაც გადაიღო ფოტო.

2019 წლის აპრილში, სანქტ-პეტერბურგში, არმანმა მიიღო გამოწვევა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ის დათანხმდა ბრძოლას ისლამ მახაჩევთან. მიუხედავად იმისა, რომ ცარუკიანი დამარცხდა, მან მსოფლიო შოკში ჩააგდო - ის გახდა პირველი, ვინც მახაჩევს ჭიდაობაში ასეთი წინააღმდეგობა გაუწია. ჯო როგანმა ამ დაპირისპირებას 2019 წლის საუკეთესო ბრძოლა უწოდა.

ამას მოჰყვა გამარჯვებების სერია:
ცარუკიანის დიდებას თან სკანდალებიც ახლდა. მატეუშ გამროტთან უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არმანის სახელით ვიღაც თაღლითური კრიპტო-კურსებით ფულს სძალავდა გულშემატკივრებს. პრესკონფერენციაზე მებრძოლმა განმარტა, რომ სიტუაცია მოგვარდა და დაზარალებულ სამ ადამიანს ფული უკან დაუბრუნდა.
თუმცა, თავად ბრძოლა გამროტთან (2022 წლის ივნისი) UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სადავო გადაწყვეტილებად დარჩა. არმანმა მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო, თუმცა მსაჯებმა გამარჯვება პოლონელის პასიურ კონტროლს მიანიჭეს. ფანები ხუმრობდნენ კიდეც - მსაჯები ალბათ იმ ფეიკი კრიპტოს მყიდველები იყვნენო.
მარცხმა არმანი არ გაატეხა. ამის შემდეგ დაამარცხა დამირ ისმაგულოვი, შემდეგ გაანადგურა ხოაკიმ სილვა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში სატიტულო რბოლის მთავარ ფავორიტს, ბენეილ დარიუშს დაუპირისპირდა. ბრძოლის წინ ცარუკიანმა თქვა: "ეს არის ახალგაზრდა მგლის და ბებერი მგლის ბრძოლა“. "ახალგაზრდა მგელმა“ დარიუში 64-ე წამზე უმძიმესი ნოკაუტით "შეჭამა“.
UFC 300-ის წინ გამართულ მედია-დღეზე ერთ-ერთმა ბლოგერმა არმანს პროვოკაციული და უცენზურო კითხვა დაუსვა მის გვერდით მჯდომ მებრძოლზე, კაილა ჰარისონზე. არმანმა უხერხულად უპასუხა, რამაც მოგვიანებით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის წყენა გამოიწვია (ისინი ერთ დარბაზში, American Top Tech-ში ვარჯიშობენ). საბედნიეროდ, ინციდენტი გულწრფელი ბოდიშით ამოიწურა.
უშუალოდ ოქტაგონისკენ მიმავალ გზაზე არმანმა ერთ-ერთ ფანებს შორის მყოფ პროვოკატორს დაარტყა კიდეც, რომელმაც მას შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. თუმცა, თავად ბრძოლაში ყოფილ ჩემპიონ ჩარლზ ოლივეირასთან არმანმა ნამდვილი ხასიათი გამოავლინა: ორჯერ დაუძვრა უმძიმეს მახრჩობელა ილეთს, მეორე რაუნდში ბრაზილიელი პარტერში დაამარცხა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ყველაფერი მზად იყო 2025 წლის 19 იანვარს ისლამ მახაჩევთან დიდი რევანშისთვის. პრესკონფერენციამაც იდეალურად ჩაიარა, თუმცა აწონვებზე არმანი არ გამოჩნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან ზურგის მძიმე ტრავმა მიიღო და ბრძოლიდან მოიხსნა.
კულუარებში დიდი სკანდალი აგორდა: გაირკვა, რომ არმანმა ტრავმა ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე მიიღო, მაგრამ UFC-ს დაუმალა, რამაც დანა უაითის განრისხება გამოიწვია. საქმეს პიკანტურობა შემატა იმ ფაქტმა, რომ ბრძოლის გაუქმებამდე 5 დღით ადრე, ტკივილების მიუხედავად, არმანი პოპულარულ ინფლუენსერთან, ნინა დრამასთან (Playboy-ს ყოფილი მოდელი) გადაღებებზე აკრობატულ ილეთებს ასრულებდა, რათა მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ამაზე ყოფილმა მებრძოლმა დერეკ ბრანსონმა სოციალურ ქსელში საჯაროდაც დასცინა არმანს.
მიუხედავად მედიის სკანდალებისა, პირად ცხოვრებაში არმანი სამაგალითო მეოჯახეა. მეუღლე, მილენა, კრასნოდარში გაიცნო, როდესაც გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მათ 2019 წლის გაზაფხულზე იქორწინეს. არმანი მილენას თავის მთავარ მუზას უწოდებს.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. უფროსი, ანაიტი, 2020 წელს დაიბადა, ხოლო უმცროსი - 2022 წელს.
არმან ცარუკიანი საგულდაგულოდ მალავს ოჯახს მედიისგან. თუმცა როცა ეკითხებიან, ცოლზე და შვილებზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობს.