ავტორი:

რუსეთში, ნასვამი კაცი ბავშვთა ბანაკის საძინებელში შეიჭრა და 13 მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

რუსეთში, ნასვამი კაცი ბავშვთა ბანაკის საძინებელში შეიჭრა და 13 მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

რუსეთში, ტუვის რესპუბლიკაში, ჩაგიტაის ტბის სანაპიროზე მდებარე ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკ "ორლიონოკში“ მძიმე ინციდენტი მოხდა - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 24 წლის კაცი საძინებელ კორპუსში შეიჭრა, სადაც იმ მომენტში 30-მდე ბავშვს ეძინა. ნასვამმა მამაკაცმა შენობაში ნამდვილი დარბევა მოაწყო, დაამტვრია ავეჯი და მოზარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თანამშრომლებმა საკუთარი ძალებით მოახერხეს აგრესიული თავდამსხმელის დაკავება და განეიტრალება, რის შემდეგაც იგი ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟს გადასცეს. ცნობილია, რომ დაკავებული 2001 წელსაა დაბადებული და მას ბანაკთან არანაირი პირადი თუ პროფესიული კავშირი არ ჰქონია.

  • სამართალდამცავი უწყებების მიხედვით, პირველადი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 13-მა არასრულწლოვანმა მიიღო.

მოგვიანებით შსს-მ სცადა სიტუაციის განმუხტვა და განაცხადა, რომ ფიზიკური ტრავმა მხოლოდ ორ მოზარდს მიადგა, ხოლო დანარჩენი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ძირითადად მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაშავებულ მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ და ამ ეტაპზე მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით (სსკ-ის 213-ე მუხლი) აღძრა. საქმე უწყების ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის პირად კონტროლზეა აყვანილი.

გამოძიებამ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: როგორ მოახერხა ნასვამმა, გარეშე პირმა ბავშვთა დაცულ დაწესებულებაში, საძინებელ კორპუსამდე შეღწევა ისე, რომ ის უსაფრთხოების სამსახურს არ შეუმჩნევია. პარალელურად, მოწმდება ბანაკის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც.