შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში მაღალი დონის პირველი შეხვედრა დაიწყო, რომელშიც აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს, კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
“ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრები ყოვლისმომცველი და მუდმივი შეთანხმების გაფორმებას გამოიწვევს, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა ასპექტს გაითვალისწინებს“, - ნათქვამია კატარის საგარეო უწყების განცხადებაში.

“ბოლო რამდენიმე საათში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში, ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“ვიმედოვნებ, რომ დამატებით პროგრესს მივაღწევთ. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყისია, რომელიც ყველა აზრთა სხვადასხვაობას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, რომ ისტორიაში პირველად, მხარეებმა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ვენსმა.
ვენსმა აღნიშნა, რომ “აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა სურს“.
“ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო. ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
“ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში თავის დაფინანსებულ “პროქსი ძალებს“, რომ პრობლემების შექმნა შეწყვიტონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ, ისე როგორც გასულ კვირას, მაგრამ უფრო ძლიერად“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ამასთან, Fox News-ის ჟურნალისტის, ტრეი ინგსტის ცნობით, დღეს დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ “თუ საჭირო გახდება, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს“.
“თუ ისინი შეთანხმებას არ გააფორმებენ, ჩვენ გადასახადებს დავაწესებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ინგსტის თქმით, ტრამპმა უთხრა, რომ გუშინ ირანელებს ესაუბრა და ისინი გააფრთხილა, რომ სრუტე არ დახურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქვეყანა აღარ ექნებათ“.
ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.