არნახული სიცხის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა - განგაში გამოცხადდა გერმანიის ნაწილში

არნახული სიცხის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა - განგაში გამოცხადდა გერმანიის ნაწილში

ევროპის უმეტეს ნაწილში სიცხის ტალღის მომძლავრებასთან ერთად, ექსპერტები სხვადასხვა გაფრთხილებებს იძლევიან. ტემპერატურის რეკორდულ ნიშნულზე მიღწევამ საფრანგეთში ალკოჰოლის ნაწილობრივი აკრძალვა, გერმანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფრთხილება და ესპანეთში ფეხბურთის გულშემატკივრების ზონის დახურვა გამოიწვია.

საფრანგეთში დღეს 39-40 ცელსიუსამდე სიცხეს ელოდნენ, ზოგ რეგიონში კი 41 გრადუსამდე მატებაც იყო მოსალოდნელი. დღევანდელი კრიზისული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ წინასწარ აკრძალა ალკოჰოლის მოხმარება ყოველწლიურ ფესტივალებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებზე, რომლებიც კვირა დღეს იყო ჩანიშნული.

  • გერმანიის უმეტეს ნაწილში სიცხის საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა, რადგან ტემპერატურა 38 ცელსიუსამდე ავიდა.

მსგავსი სიტუაციაა იტალიაშიც. ზოგიერთ ქალაქში სიცხემ 36-37 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბოლონიაში ხალხი მე-16 საუკუნის ნეპტუნის შადრევნის წყალობით ცდილობდა გაგრილებას: ბევრი მათგანი შადრევნის წყალს ისხამდა სახეზე და მწველი მზისგან დასამალად გადახურულ ადგილებში ცდილობდა თავის შეფარებას.

ესპანეთში კი, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ესპანეთისა და საუდის არაბეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი სიცხისგან დაცულ ადგილას, ეკრანზე ეყურებინათ გულშემატკივრებს. თავად გუნდები კი, ატლანტაში კონდიცირებული სტადიონით ისარგებლებენ.

მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილება ევროპაში სიცხის ტალღებს უფრო ხშირს და ინტენსიურს ხდის, რაც ჯანმრთელობის რისკებს ქმნის და ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

წყარო: reuters.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა