ჯეფრი ეპშტეინის, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოძალადის პირველი მსხვერპლი დედამისი იყო. ეპშტეინის საქმის მკვლევარის თქმით, ფინანსისტის მიერ ქალების ექსპლუატაცია სექს-ტრაფიკინგის იმპერიის შექმნამდე ათწლეულებით ადრე დაიწყო.
"დედამისი, პაულა მას აღმერთებდა",- განუცხადა The Post-ს სოციოლოგიის პროფესორმა თომას ვოლშომ, რომელიც სექს-ტრაფიკერების შესახებ წიგნისთვის კვლევას აწარმოებს.
"ხალხს მისი მშობლები ბრუკლინის უბრალო ოჯახის გამრჯე, ყველასთვის საყვარელ წევრებად დაამახსოვრდა".
თუმცა ეპშტეინთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი დოკუმენტირებული დავა იმას ეხებოდა, რომ მან სტუდენტობისას გაჭირვებაში მყოფი მშობლები მიატოვა. 1976 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა ეპშტეინს სამოქალაქო სასამართლოში სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უჩივლა.

"მან სწავლის საფასურისთვის დედამისის საბანკო ანგარიშზე გამოწერა ჩეკი. როგორც ჩანს, მის ანგარიშზე არარსებული თანხის გამო, ჩეკი უკან დაბრუნდა",- ამბობს ვოლშო. როცა უნივერსიტეტმა გადასახადისთვის თავისი წარმომადგენელი გაგზავნა ეპშტეინის სახლში, კარი მისმა ძმამ გააღო, რომელმაც უთხრა, რომ ჯეფრი ევროპაში წავიდა და ათასობით დოლარის ნაცვლად, მათ 300-400 დოლარი მისცა.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შეტანილი სარჩელი მოგვიანებით დაკმაყოფილდა, თუმცა ეს ინციდენტი ეპშტეინის ცხოვრების განმსაზღვრელ ერთ-ერთ ნიმუშად იქცა.
ქალებმა, რომლებიც მოგვიანებით ეპშტეინის მსხვერპლი გახდნენ, განაცხადეს, რომ უდიპლომო მოძალადე პოტენციურ დამსაქმებლებს თავისი განათლების შესახებ მუდმივად ატყუებდა და არა მარტო მათ, მსხვერპლებთან ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა და სხვა ელიტურ სასწავლებლებს ახსენებდა, რათა ქალებზე კონტროლი დაემყარებინა.
ის ახალგაზრდა ქალების თავის ორბიტაზე მოსაზიდად განათლების პერსპექტივას იყენებდა: ზოგიერთ შემთხვევაში ის ან მისი თანამოაზრეები სტიპენდიებს ან სწავლის საფასურს აძლევდნენ გოგონებს, შემდეგ კი დაფინანსების შეწყვეტით იმუქრებოდნენ, თუ ისინი ჯეფრის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ.

დედის გარდაცვალების შემდეგაც კი, ეპშტეინი დედას საკუთარი სარგებლისთვის იყენებდა.
2019 წლის 9 აგვისტოს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სასჯელაღსრულების ცენტრში ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ციხის თანამშრომლებმა ეპშტეინს წესის დარღვევით, ჩაუწერელი, უკონტროლო სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება მისცეს. ეპშტეინმა მაშინ თქვა, რომ დედას, პაულა ეპშტეინს ურეკავდა, მაგრამ ის 15 წლის წინ იყო გარდაცვლილი და სინამდვილეში ის შეყვარებულთან რეკავდა. მეორე დილით მცველებმა ის საკანში გარდაცვლილი იპოვეს და მისი გარდაცვალება თვითმკვლელობად შეფასდა.

პაულა ეპშტეინი 2004 წლის აპრილში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მანამ, სანამ მისი შვილის პალმ-ბიჩში საქმიანობის შესახებ პოლიციის საწყისი გამოძიება დაიწყებოდა. ის ქმართან ერთად ფლორიდის შტატის ქალაქ ვესტ-პოლ-ბიჩში, დავითის ვარსკვლავის სასაფლაოზე დაკრძალეს.
"ირონიაა, როგორ შეუძლია ორ მოსიყვარულე მშობელს ასეთი მონსტრის შექმნა",- დასძინა ვოლშომ ინტერვიუში.
წყარო: nypost.com
წაიკითხეთ ასევე: