"მოგესალმებით, მე ვარ რუსკა მაყაშვილი, 39 წლის მსახიობი და ტელეწამყვანი. მადლობა ღმერთს, ბევრ რამეს ვაკეთებ. ბევრ რამეს, რა - ჩემს პროფესიაში ვარ აქტიურად, ვთამაშობ სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში. ეს არის ჩემი ახალი სტიქია - ბევრ სხვადასხვა თეატრში ვითამაშო, სხვადასხვა თაობის მსახიობებთან ერთად. რაღაც ახალი ესტაფეტა მოვუწყვე ჩემს თავს და საკმაოდ წარმატებითაც მიმდინარეობს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. პლუს გადაღებები მაქვს, სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა და ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი შვილებია. ჩემი დროის უდიდესი ნაწილი სწორედ მათ ეკუთვნით“ - ასე დაიწყო. ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი გადაცემის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი გადაცემა. გადაცემის სტუმარი იყო მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ ყველა შეკითხვას უპასუხა.

ჩელე:
- გამარჯობა. ძალიან აქტიური და ენერგიული ადამიანი ხართ, ხანდახან იტალიელიც მგონიხართ. რა არის თქვენთვის ენერგიის წყარო?
- ისე მესიამოვნა, იტალიელი რომ დამიძახეთ... ქართველი რომ არ ვყოფილიყავი, მგონია, რომ სადღაც იტალიელი ან ესპანელი უნდა ვყოფილიყავი. ანუ, ვიქნებოდი ან იტალიელი, ან ესპანელი.
ჩემ ასაკში ენერგიის წყარო, მგონია, ისევ და ისევ ამ ჩემი უზღვავი ენერგიის გაცემა და იმ ადამიანებისგან უკან წამოღებაა, რომლებიც მიყვარს. მაგალითად, ჩემი ერთი მეგობარი "ენერგოვამპირს“ მეძახის, ოღონდ, დარწმუნებით. მისთვის კარგი ენერგოვამპირი კი არ ვარ, - რაღაცნაირად ვართმევ ენერგიას. სამაგიეროდ, სხვა მეგობრებისთვის პირიქითაა: მე ვიღებ მათგან ენერგიას, ჩემსასაც გავცემ და ვცდილობ, ამით ძალიან ვისიამოვნო. ადრე, როცა ჩემს ცხოვრებაში ისმებოდა კითხვა, თუ რა იყო ჩემი ენერგიის წყარო, ყოველთვის სხვანაირად ვამბობდი. ახლა კი ზუსტად ვიცი: ენერგიის წყარო არის ის, რომ გასცე სწორი ენერგია და საყვარელი ადამიანებისგანაც სწორი ენერგია წამოიღო. კი, ეს არის წყარო...
უცნობი:
- "იმედიდან“ რატომ წამოხვედით - ეს იყო პროტესტი, თუ არხმა თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?
- არხს ნამდვილად არ გადაუწყვეტია ჩემი გამოშვება. მეტსაც გეტყვით, ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა და მაქვს არხის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, მაკა ლომიძესთან. მაკამ ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ არ წამოვსულიყავი. ძალიან ბევრი შეთანხმება გვქონდა მე და მაკას, რომელიც, სამწუხაროდ, დავარღვიე. მაშინაც და ახლაც ვთვლიდი (თუმცა ახლა უკვე აღარ ვთვლი ასე), რომ არა აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ ან რას აკეთებ - შენი ხმა არის ყველგან და შენი ხმა უნდა ისმოდეს იქ, სადაც ხარ. თავიდან წამოსვლაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, რადგან რაღაცებს ჩემებურად ვაპროტესტებდი და ამისთვის ჩემს სოციალურ ქსელებს ვიყენებდი, "იმედის“ ეთერს - რა თქმა უნდა, არა. თუმცა, როგორც კი ამის საშუალებაც ეჭვქვეშ დადგა (თითქოს იმ პოსტებსაც ვერ დავდებდი და ჩემს პროტესტს ვერ გამოვხატავდი), მივხვდი, რომ სწორი იქნებოდა არხის დატოვება. ეს არის და ეს. კი, ბევრჯერ ვილაპარაკე ამ თემაზე, მაგრამ როგორც ვატყობ, დღემდე აქტუალურია. უკვე ერთი წელია, რაც წამოვედი... კი, პროტესტი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ დავამტკიცე... აი, სადაც ხარ, იქიდან შეიძლება ყველაფერს არ ეთანხმებოდე, მაგრამ შენი უნდა გააპროტესტო. თუმცა, რა ვქნათ, სამწუხაროდ, ასე არ გამოდის...
დოდი:
- პოლიტიკის გამო თუ დაგიკარგავთ მეგობარი?
- პოლიტიკის გამო დამკარგეს მეგობრებმა, მე არავინ არ დამიკარგავს. რა თქმა უნდა, ამ კუთხით რადიკალური გადაწყვეტილებები არ მახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ დამეთანხმება, არცერთი მეგობარი არ დამიკარგავს პოლიტიკის გამო. თუმცა, ისინი თავად გაქრნენ... მე კი აქ ვარ. რა ვიცი, - დავილაპარაკოთ...
ნათია:
- რაც "იმედი“ დატოვეთ, სამთავრობო რომელიმე ღონისძიებაზე ვინმეს თუ მიუწვევიხართ, ვთქვათ, კონცერტის წამყვანად?
- მას შემდეგ, რაც "იმედი“ დავტოვე, რა თქმა უნდა, არანაირი შემოთავაზება აღარ ყოფილა. ვიდრე დავტოვებდი, ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა: სამთავრობო კონცერტებიც უნდა წამეყვანა და საარჩევნო პერიოდის ღონისძიებებიც, თუმცა ამ ყველაფერზე უარს ვამბობდი. ნუ, წამიყვანია კონცერტები, ამას ვერ დავმალავ და დასამალიც არაფერია - ნაძვის ხის ანთება და საახალწლო კონცერტები ხომ ითვლება სამთავრობო კონცერტებად?! წამიყვანია, კი ბატონო. მაგრამ როგორც კი წამოვედი, არა, რა თქმა უნდა.
ზურა:
- რუსთაველის თეატრი რა არის თქვენთვის და პოლიტიკური შეხედულების გამო ხომ არ შეუვიწროებიხართ იქ ვინმეს?
- ვინ რას მიზამს?! ვერავინ შემავიწროებს... თუ შენ არ გინდა, მით უმეტეს - მაგ საკითხში. საინტერესოა, თეატრში ვინმე თუ შემავიწროებს მაგის გამო?! თუმცა, აზრები ძალიან გაყოფილია და კი, შეიძლება ითქვას, რომ თეატრის ოპოზიციაშიც კი ვიმყოფები. ოღონდ, ეს სიტყვა - "ოპოზიცია“ - ძალიან სასაცილოა ჩემთვის. ოპოზიციამ მაპატიოს, მაგრამ ამ კუთხით ნამდვილად უმცირესობაში ვარ. თუმცა, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის კოლეგებთან სცენაზე ერთად დგომისას. ხომ მიხვდით, რასაც ვამბობ?!

თინათინი:
- სპექტაკლს "ვეფხისტყაოსანი“ როგორ აფასებთ? თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ თინათინის როლი - დათანხმებოდით? თქვენს წარმოდგენაში ასეთია თინათინი, რაც რუსთაველის თეატრის სპექტაკლში ვიხილეთ?
- ეს საერთოდ ისეთი თემაა... კი, ვნახე სპექტაკლი, რა თქმა უნდა, პრემიერაზე ვიყავი. ამაზე რომ დავიწყო ლაპარაკი, ძალიან დიდხანს ვილაპარაკებ, თუმცა შევეცდები, ჩემი მოკლე აზრი მკაფიოდ და გასაგებად ვთქვა. ზოგადად, "ვეფხისტყაოსანი“ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. ჩემი აზრით, მე დავინახე ის პერსონაჟები, რომელთა ჩვენებაც სტურუას უნდოდა. იდეა დავინახე და პირადად მე ძალიან მომეწონა, მაგრამ არსებობს ბევრი "მაგრამ“ და ბევრი წერტილი, რომლებსაც არ შევეხები - ასე დავტოვებ და ამით, მგონია, ყველაფერი ნათქვამია. თუმცა, პირადად მე, ძალიან ბევრ ვარიანტში ვნახავდი "ვეფხისტყაოსნის“ ინტერპრეტაციას, რადგან იმდენად საინტერესო ნაწარმოებია, მართლა ძალიან დავინტერესდებოდი, სხვადასხვა საინტერესო რეჟისორი როგორ დაინახავდა მას: სადამდე ჩავიდოდა, რა შიფრს ამოიკითხავდა ან ვერ ამოიკითხავდა. ეს ხომ საოცრებაა!
"თეატრალურში“ რომ ვსწავლობდი, ერთხელ ქალბატონმა მედეა კუჭუხიძემ, ჩვენმა პედაგოგმა მოგვიყვანა ერთი ადამიანი (სამწუხაროდ, სახელი და გვარი არ მახსოვს). მას თავისებური კვლევა ჰქონდა ჩატარებული "ვეფხისტყაოსანზე“ და თავისი კვლევით რაღაც კოდები ჰქონდა ამოხსნილი. მოვიდა ეს ადამიანი, თავისი დაფით, გვიხსნიდა ყველაფერს და ლექცია ჩაგვიტარა. ამით ქალბატონმა მედეამ ნამდვილი საჩუქარი გაგვიკეთა. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ამ ნაწარმოებში იმდენი შრე და იმდენი საინტერესო რამ ხდება, რომ პირიქით, მაინტერესებს, სხვადასხვა ადამიანი როგორ ხედავს თინათინს, ტარიელს თუ ნესტანს... დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი თინათინსაც და ნესტანსაც, ძალიან საინტერესო იქნებოდა. რაც მეტ ინტერპრეტაციას ვნახავთ, მით უკეთესი - ძალიან მომეწონებოდა ეგ ამბავი.
რუსა:
- საერთოდ, მსახიობობა პროფესიად რატომ აირჩიეთ, დედის გავლენით? რა მოგწონდათ ყველაზე მეტად ამ პროფესიაში?
- დედის გავლენა იმდენად დიდი იყო, პრინციპში, თამრიკომ რომ ჩააბარა, ჩვენ უკვე პატარები, სულ ახალი გაჩენილები ვიყავით. ფაქტობრივად, თეატრალურში გავიზარდეთ. როცა იქ უკვე სტუდენტი დავბრუნდი, მართლა თითქოს ყველა კუთხე-კუნჭული მახსოვდა დედაჩემის სწავლის პერიოდიდან. გავლენა, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა თამრიკოს გავლენაც რომ არ ყოფილიყო, მგონია, მაინც ამ პროფესიას ავირჩევდი. ბავშვობიდანვე სხვა არცერთი პროფესია არ მაინტერესებდა. არც კოსმონავტობა მინდოდა და არც პოლიციელობა (ჩემს შვილს, კატოს, რატომღაც უნდა, რომ პოლიციელი გახდეს). მე მარტო ეს პროფესია მაინტერესებდა. ასე რომ, ეს ალბათ დედის გავლენაც არის, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემი უდიდესი სურვილი და ოცნება იყო.
ნანიკო:
- კარგად ცეკვავთ. ცეკვის კონკურსიც კი მოიგეთ. ეს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამსახურებაა, რომელშიც სწავლობდით? თუ ასეა, ბალეტს რატომ არ გაჰყევით?
- საერთოდ, რაღაცნაირი უცნაური აღნაგობის ბავშვი ვიყავი - ძალიან გამხდარი, გრძელი და საშინლად გაღუნული, წვრილი ფეხებით. ბავშვობაში "ხეს“ მეძახდნენ - აი, გატეხა და გაშალაშინება რომ სჭირდება, ისეთი... ჯერ ტანვარჯიშით დავიწყე და ქორეოგრაფიულში მერე წავედი. ბალერინობა, რა თქმა უნდა, არასდროს მდომებია. უბრალოდ, ასე მოხდა: როდესაც ქორეოგრაფიულში ვაბარებდი, გამოცდები იყო, გსინჯავდნენ და ისე მოხდა, რომ უფასო სექტორზე მოვხვდი. ჰოდა, ბარემ დავამთავრე კიდეც საბალეტო სასწავლებელი. თუმცა, ჩემგან ბალერინა ნამდვილად არ დადგებოდა. ეს მხოლოდ ბაზა იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გზას არ გავყვებოდი და ეს ყველაფერი გამომადგებოდა სცენაზე, კინოში თუ სხვაგან, სადაც მომავალში მოვხვდებოდი. ისევ და ისევ ჩემი პროფესიისთვის გამოვიყენებდი. მგონია, როცა მსახიობი კარგად მოძრაობს, ეს ძალიან კარგი საყურებელია.
ანა:
- დედას - მსახიობ თამარ მაყაშვილს - თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უკავია და ხართ თუ არა დამჯერი შვილი?

- 39 წლის ვარ და ძალიან დამჯერი შვილი ვარ. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ თამრიკო ახლა ბათუმშია, ბათუმის თეატრში მუშაობს და უმეტესწილად იქ უწევს ყოფნა, ამხელა ქალი დღემდე დედას ვარ მიკერებული. პერიოდულად სულ დედასთან მინდა ყოფნა. ახლაც ძალიან მინდა და ვეუბნები: "დედა, ჩამოდი, გთხოვ“. დედაჩემი არის ადამიანი, რომელიც, არ არსებობს საქმე, რომ ვერ მომიგვაროს. თამრიკო ჩემს ცხოვრებაში არის ნამდვილი დედა, რომელიც ყოველთვის დაიცავს თავის შვილს, თუნდაც მართალი არ იყოს.

გურამი:
- რას გვეტყვით მამაზე - ისიც მსახიობია? ვფიქრობ, რომ მამას გარეგნობით გავხართ... მეთანხმებით?
- ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდში, საკმაოდ დიდ ნაწილში, მამასთან ურთიერთობა არ მქონდა. ჩემს კლასელს და მეგობარს თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. საერთოდ, მეც კარგა ხანს არ მყავდა ნანახი და სახეზეც აღარ მახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა. მაშინ ქორეოგრაფიულში ვსწავლობდით და მარჯანიშვილის თეატრში საახალწლო გამოსაშვები ღონისძიება გვქონდა. ჰოდა, გამოვედით თეატრიდან, ცოტა ზემოთ ავედით, ფენოვანი ხაჭაპურები უნდა გვეჭამა. უცებ ეს ჩემი ახლო მეგობარი, ჩემი კლასელი, სახედაკარგული მორბის. ალბათ 12-13 წლისები ვიქნებოდით, უფრო პატარები, ან მაქსიმუმ 13-14 წლისები. მორბის სოფო ფანცულაია აფორიაქებული და მეუბნება: "მამაშენი მოდისო“. ისტერიკაში ჩავვარდი. ვეუბნები: "სოფო, ხაჭაპური მიჭირავს ხელში, სოფო, რა მამაჩემი მოდის, დაწყნარდი-მეთქი“. გავიხედე და მართლაც მოდის მამაჩემი... აი, ასე ძალიან ვგავართ მე და მამაჩემი ერთმანეთს. მამა მსახიობი არ არის, კოკა არის ძალიან კარგი და ნიჭიერი მხატვარი - მოვიკითხავ აქედან!
ნატა:
- თქვენს თავს შორიდან რომ უყურებთ, როგორი გოგოა რუსკა - მისი დადებით და უარყოფითი თვისებები რომ დაასახელოთ?
- რუსკა არის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი. აი, როგორ ვთქვა... საკუთარ თავზე ამის თქმა ძალიან რთულია და არ მინდა, ტრაბახში ჩამომერთვას, მაგრამ გულწრფელად - ძალიან შრომისმოყვარე ვარ, თუმცა, ამავდროულად, ზარმაციც. ეს ორი თვისება ერთმანეთს როგორ ერწყმის, არ ვიცი. ალბათ, ცოტა წუწუნით, თუმცა პანდემიის შემდეგ დავიფიცე, რომ აღარ დავიწუწუნებდი. ამიტომ ახლა ხმას არ ვიღებ, უბრალოდ, გული მიმდის ხოლმე პერიოდულად (იცინის). ვიმუშავებ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება ყველასთვის და ყველაფრისთვის.
კიდევ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მეგობარი და მეგობრობა. სხვანაირი მეგობრობა ვიცი და ხშირ შემთხვევაში შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა, რომ კარგი მეგობარი ვარ. არაკარგი მეგობრებისთვისაც კი კარგი მეგობარი ვარ. მეტი არ ვიცი, რა ვთქვა. თუმცა, იმდენი ცუდი თვისება და ცუდი ხასიათი მაქვს, ჯობია ჩუმად ვიყო, მაგრამ გულწრფელი ვარ - ეს არის ერთადერთი, რაც დამავიწყდა მეთქვა. ყველაზე მეტად მგონია, რომ გულწრფელი ადამიანი ვარ და ადამიანებსაც სჯერათ ჩემი ამ გულწრფელობის. თუმცა, ჩემთვის მიზანი არ არის, ვინმე დავაჯერო ამაში. უბრალოდ, ეს ჩემი თვისებაა. თუ "გულწრფელობის საათი“ გექნებათ, დამირეკეთ! (იცინის)
მკითხველი:
- პოპულარობა პირველად როდის მოვიდა - აი, ქუჩაში რომ გახვედით და გიცნეს... რა ემოცია გქონდათ?
- დღემდე ძალიან მაგრად "ასწორებს“ და სასიამოვნოა ის მომენტი, როდესაც ქუჩაში მოდიან, გეფერებიან და გეხუტებიან. მეც ვეფერები და ვეხუტები ყველას, უკლებლივ, რადგან ძალიან მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის. არავის აქვს უფლება, მსგავსი სითბო არ გამოხატოს იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავად გამოხატავს სითბოს. პოპულარობას რაც შეეხება, იმდენად არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამ ყველაფერს, არც ვიცი, როგორ ავხსნა. ხომ ამბობენ, რომ შენ ახლა "თმენის ვალდებულება“ გაქვსო და რაღაცები... საერთოდ, საქართველოში პოპულარობასა და ვარსკვლავობაზე ჩემი თეორიები მაქვს, მაგრამ მგონია, რომ აქაც ჩვეულებრივად, მშვიდად გულწრფელობამდე მივდივართ. თუმცა, თავად ფაქტი, რომ ადამიანები მოდიან და კარგ რაღაცებს გეუბნებიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ამით დღემდე ვტკბები. როდის მოვიდა ეს პოპულარობა, არ მახსოვს, მაგრამ რომ მოვიდა, ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო.
კახა:
- ადამიანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ - ვინ არის ასეთი?
- ბებიაჩემი... რომელიც არასოდეს დამავიწყდება და დღემდე მახსოვს. არცერთი წამით, დიდობაშიც კი, არ მიფიქრია იმაზე, რომ ის ერთ დღეს აღარ იქნებოდა. უბრალოდ, ტვინში დაშვებულიც კი არ მქონდა, რომ აღარ მეყოლებოდა. ვალა ერქვა, ვალანას ვეძახდი. დღემდე ძალიან მენატრება, სულ მესიზმება და ჩემი რაღაცები მაქვს, რასაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ მასთან მიმართებაში.
ზურაბი:
- მასწავლებლად თქვენს პროფესიაში ვის მიიჩნევთ?
- ჩემს პროფესიაში ჩემი მასწავლებელი არის ყველა, ვინც ჩემთვის საინტერესოა, მით უმეტეს - ახალი თაობის არტისტები. ისინი ძალიან საინტერესოები არიან და, რა თქმა უნდა, ჩემი მასწავლებლებიც არიან. უფროსი თაობაც ძალიან საინტერესოა, მათგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ასევე, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, გამიმართლა, როდესაც თეატრალურში ვაბარებდი - ქალბატონი მედეა კუჭუხიძე. ფანტასტიკური პედაგოგი და კარგი რეჟისორი ქალი იყო, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის და ჩვენი ჯგუფისთვის. რა თქმა უნდა, სანამ ვემზადებოდი, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი - მანანა მარჩაბელი მახსოვს. მოკლედ, მსახიობის განვითარება ის არის, რომ შენი ეგო სტაბილურად გქონდეს იმ დონეზე, რომ პატარისგანაც ისწავლო, დიდისგანაც და საერთოდ, კოლეგებისგან. მე ვცდილობ, სულ ვისწავლო ჩემი კოლეგებისგან. ასე რომ - სწავლა, სწავლა და სწავლა!
კითხვების ავტორებო, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და მართლა გისურვებთ, რომ ყველანი კარგად ვიყოთ!