ადვოკატი ეკა ბესელია რუსთავის ქალთა ციხეში "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ელენე ხოშტარიას შეხვდა. ეკა ბესელიას განცხადებით, პარტია დროა-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
ადვოკატის ინფორმაციით, მიიღო პირობა როგორც მთავარი ექიმისგან, ისე ხელმძღვანელობისგან, რომ ანალიზების პასუხები სწრაფად იქნება მიღებული. ამის შემდეგ იგეგმება ხოშტარიას მიერ შერჩეულ ექიმთან კონსულტაცია, დიაგნოზის დაზუსტება და შესაბამისი მკურნალობის გეგმის განსაზღვრა.
"ბოლოს რომ ვნახე [ელენე ხოშტარია], არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა. ახლა ხელჯოხი სჭირდება. ხელჯოხით მოვიდა. ვიზუალურად ცდილობდა არ შეემჩნია ტკივილები, მაგრამ ფაქტია, რომ აწუხებს. პროგრესირება მოხდა იმ დაავადების, რის გამოც დასჭირდა თურქეთში წასვლა და მკურნალობა. დაავადება ტრანსფორმირდა სხვა სირთულეებშიც. როგორც მითხრა, ჩემთან შეხვედრამდე მთავარი ექიმი შეხვდა.
პირობა მივიღე, როგორც მთავარი ექიმისგან, ასევე დირექტორისგან, რომ ძალიან სწრაფად მიიღებენ ანალიზების პასუხს, მათ შორის, შეხვდებიან ელენეს მიერ მოთხოვნილ ექიმს და მასთან ერთად გაივლის მთავარი ექიმი კონსულტაციას. ერთმანეთს გაუზიარებენ ანალიზის შედეგებს, რომ დიაგნოზი დაისვას, რის შემდეგადაც მკურნალობა უნდა განისაზღვროს, თუ სად უნდა ჩატარდეს. თურქეთის მხარესთან ელენეს ნდობით აღჭურვილი იქნება საკონტაქტო პირი“,- განაცხადა ბესელიამ "ტვ პირველთან“.