ავტორი:

გოგონამ 6 000 დოლარი გადაიხადა, რათა 89 წლის ბაბუისთვის ოცნება აესრულებინა და მუნდიალის მატჩზე წაეყვანა - თუმცა მოვლენები ცუდად განვითარდა...

გოგონამ 6 000 დოლარი გადაიხადა, რათა 89 წლის ბაბუისთვის ოცნება აესრულებინა და მუნდიალის მატჩზე წაეყვანა - თუმცა მოვლენები ცუდად განვითარდა...

სან-დიეგოელ 89 წლის მამაკაცს ცხოვრების მთავარი ოცნება, დასწრებოდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს, სტადიონის შესასვლელთან გულისტკივილად ექცა.

  • 26 წლის პაოლა ერნანდესმა გამოცემა “The California Post“ -ს უამბო, თუ როგორ ელოდა მისი საყვარელი ბაბუა, ჩიკო მენდესი, ხუთშაბათს გასამართ მატჩს, სადაც მისი ფავორიტი მექსიკის ნაკრები სამხრეთ კორეას უპირისპირდებოდა.

პაოლამ გაიხსენა ის საერთო სიხარული, რომელსაც სტადიონისკენ მიმავალ გზაზე გრძნობდნენ. ისინი ქალაქში იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდნენ და საფეხბურთო ციებ-ცხელებაში ჩასართველად საპოპანში მდებარე “აკრონის“ სტადიონზე მატჩის დაწყებამდე 6 საათით ადრე მივიდნენ.

თუმცა, ბაბუასა და შვილიშვილისთვის ოცნება ოცნებად დარჩა.

  • ერნანდესმა შეამჩნია, რომ ბილეთები, რომლებშიც “StubHub“-ის პლატფორმაზე 6 000 დოლარი გადაიხადა, აპლიკაციაში არ იტვირთებოდა.

“თავდაპირველად ყველაფერი რიგზე ჩანდა ჯავშანი დადასტურებული იყო, თანხაც ჩამოიჭრა.“StubHub“ -ი ადრეც გამომიყენებია და ბილეთები უპრობლემოდ მიყიდია. ღონისძიებაზე მივედით, მაგრამ აპლიკაციაში ბილეთები აღარ ჩანდა“, - თქვა ერნანდესმა.

თაღლითობის შიშით, პაოლა “StubHub“ -ს რამდენჯერმე დაუკავშირდა. კომპანიაში უთხრეს, რომ დალოდებოდა, რადგან ბილეთების გადამყიდველს დრო სჭირდებოდა, რათა ბილეთები ფიფას ოფიციალური აპლიკაციის საშუალებით გადაეფორმებინა. ერნანდესი შოკირებული დარჩა, როდესაც კლიენტთა მომსახურების ცენტრიდან აცნობეს, რომ ბილეთების მისაღებად ტაიმებს შორის შესვენებამდე მოუწევდა ლოდინი.

ბილეთები არც მაშინ გამოჩენილა.

გოლის გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ლუის რომომ კორეელი მეკარის, კიმ სინ გიუს კარში გოლი გაიტანა. სწორედ ამ დროს აევსო მოთმინების ფიალა მენდესს, რომელიც თავიდან ფეხებამდე მექსიკის ნაკრების ატრიბუტიკაში (ქურთუკი, მწვანე სპორტული შარვალი და თეთრი კეპი) იყო გამოწყობილი. მოხუცს ცრემლები წასკდა, როდესაც სტადიონიდან 45 522 გულშემატკივრის გამაყრუებელი ოვაციები შემოესმა.

"გული დამეწვა. ვუყურებდი, როგორ გაუტყდა გული ამ საწყალ კაცს და მეც ავტირდი. ის აქ ასეთი მონდომებითა და იმედით ჩამოვიდა - ეს ხომ მისი ოცნება იყო და იმის დანახვამ, თუ როგორ მოჰპარეს ეს ოცნება პირდაპირ თვალწინ... სტადიონის გარეთ მტირალი ბაბუას ყურებამ უბრალოდ გამანადგურა“, - იხსენებს ერნანდესი.

ერნანდესმა ეს გამოცდილება “TikTok“ -ზე გააზიარა, სადაც ჩანს, როგორ უყურებს ბაბუამისი მატჩს მობილური ტელეფონის ეკრანზე. ვირუსულმა ვიდეომ 13 მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო გამომწერები “StubHub“ -ისგან “ელ ტრის“ (მექსიკის ნაკრების) გულშემატკივრებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

ბილეთების პლატფორმა ერნანდესს დაუკავშირდა, დაუბრუნა გადახდილი თანხა და მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი მატჩებიდან ერთ-ერთზე ბილეთები შესთავაზა.

მექსიკის მომდევნო შეხვედრა ჩეხეთთან 24 ივნისს, მეხიკოში იგეგმება, ხოლო 30 ივნისს ქვეყნის დედაქალაქმა შესაძლოა 1/16 ფინალურ მატჩსაც უმასპინძლოს.

თუმცა, ერნანდესის თქმით, მეხიკოში გამგზავრება გამორიცხულია, რადგან ქალაქი ზღვის დონიდან 2 240 მეტრზე მდებარეობს, ბაბუამისს კი მაღალი წნევა აწუხებს.

  • “The California Post“ - ი “StubHub“-ის წარმომადგენლებსაც გაესაუბრა, რომლებმაც თქვეს რომ “მომხდარით დამწუხრებულები არიან".

“ვიცით, რომ ამ დანაკლისს სრულად ვერასდროს ავანაზღაურებთ, მაგრამ ვცდილობთ, მას და ბაბუამისს მსოფლიო ჩემპიონატის ის დაუვიწყარი გამოცდილება მაინც ვაჩუქოთ. ხუთშაბათს დაკარგულ მომენტს მათ ვეღარ დავუბრუნებთ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ემოცია სხვა მატჩზე მაინც მიიღონ,

თანხის დაბრუნების პროცედურა უკვე დასრულებულია და ოჯახისთვის VIP პაკეტი, “მგზავრობის სრული უზრუნველყოფით არის მომზადებული“, - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 2025 წლის 10 სექტემბერს დაიწყო, რასაც ბილეთების გათამაშება და ლატარიის ეტაპები მოჰყვა. “StubHub“-სა და სხვა პლატფორმებზე ბილეთების გადამყიდველებს ვალდებულება ჰქონდათ, ბილეთები მყიდველის ელექტრონულ ფოსტაზე ფიფას ოფიციალური პლატფორმის გავლით გადაეგზავნათ. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ის ბილეთები, რომლებიც ერნანდესმა შეიძინა, პარალელურად განთავსებული სხვა საიტებზეც.

წყარო