ინგუშეთში დასრულდა 8 წლის ხიზირ დერბიჩევის სამძებრო ოპერაცია, რომელიც 8 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა - მაშველებმა და მოხალისეებმა ბავშვის ცხედარი მდინარე სუნჟაში აღმოაჩინეს.
ბავშვის სამძებრო ოპერაციამ მთელი რეგიონი გააერთიანა. ძებნაში ჩაერთო ათასობით მოხალისე როგორც ინგუშეთიდან, ისე ჩეჩნეთიდან და მეზობელი რესპუბლიკებიდან. ადამიანები ერთმანეთს ანაცვლებდნენ მდინარის კალაპოტის დასაზვერად, სხვები კი მაშველებსა და მოხალისეებს საკვებითა და წყლით უზრუნველყოფდნენ.
სამძებრო სამუშაოებს საგრძნობლად ართულებდა წყლის დაბალი ტემპერატურა და სპეციალური ტექნიკის, კერძოდ, კატერებზე დასამონტაჟებელი გვერდითი ხედვის ჰიდროლოკაციური სისტემების ნაკლებობა, რაზეც უფლებადამცველებიც ამახვილებდნენ ყურადღებას. ეფექტურობის ასამაღლებლად საგამოძიებო კომიტეტმა და საგანგებო სამსახურებმა მდინარის კალაპოტი რამდენიმე სექტორად დაყვეს - ქალაქ კარაბულაკის ხიდიდან ჩეჩნეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე.
BAZA ინფორმაციით, პატარა გმირის ცხედარი 10 კილომეტრის მოშორებით იპოვეს იმ ადგილიდან, სადაც გადახტა.
პატარა ხიზირმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო მეგობრის სიკვდილისგან ხსნა და რეგიონის ისტორიაში ნამდვილ გმირად დარჩება.