ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა და პროცესი გადადო.
მისივე თქმით, ბასილაიამ მოსამართლეს სხდომათა დარბაზიდან რამდენიმე წუთით გასვლის ნებართვა სთხოვა, რაზეც მან მახარობლიძისგან უარი მიიღო.
“თამარ მახარობლიძემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატი ბექა ბასილაია. ხაზგასმით უნდა ითქვას, გარდა იმისა, რომ ეს მოსამართლე პირველივე დღიდან ასხივებს მიკერძოებას, რასაც სხვადასხვა ქმედებებში გამოხატავს, მათ შორის, მოწმეთა დაკითხვის საშუალებას არ გვაძლევს, კითხვებს განარიდებს, ამ ყველაფრის გარდა, გამოირჩევა აგდებული დამოკიდებულებით დაცვის მხარის მიმართ.
რატომღაც თავი ჰგონია სკოლის მკაცრი პედაგოგი, ბავშვებს რომ ტუქსავდნენ, ამ როლში ჰგონია თავი, მას აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ბრალდების მხარესთან მიმართებაში, ანუ პატივისცემას მხოლოდ ბრალდების მხარის მიმართ იჩენს. გაძევების მიზეზი გახდა ის, რომ ბექა ბასილაიამ მოსამართლეს სთხოვა დარბაზიდან გასვლის ნებართვა, რაზეც უარი უთხრა. ამის უფლებამოსილება მოსამართლეს არ აქვს, რადგან ადამიანს ზუსტად ორი წუთით დასჭირდა დარბაზის დატოვება, ამის შემდეგ გააძევა ბექა სხდომის დარბაზიდან “სასამართლოს შეურაცხყოფის” გამო”, - განაცხადა საძაგლიშვილმა.