ავტორი:

"როცა მოსკოვი იბომბება და ის ფრონტისპირა ქალაქი გახდა, ეს  ქვეყანაში დიდ პოლიტიკურ და სოციალურ რყევებს იწვევს..." - როგორ ცვლის ომის მიმდინარეობას თავდასხმები მოსკოვზე და ყირიმის ბლოკადის საფრთხე?

"როცა მოსკოვი იბომბება და ის ფრონტისპირა ქალაქი გახდა, ეს  ქვეყანაში დიდ პოლიტიკურ და სოციალურ რყევებს იწვევს..." - როგორ ცვლის ომის მიმდინარეობას თავდასხმები მოსკოვზე და ყირიმის ბლოკადის საფრთხე?

ბოლო დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენჯერმე შეუტიეს მოსკოვს და მოსკოვის ოლქს. 16 და 18 ივნისს დრონებით დარტყმა განხორციელდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე ობიექტი, მათ შორის მსხვილი სავაჭრო ცენტრი. ზელენსკიმ ამ დარტყმებს უწოდა უკრაინის აბსოლუტურად სამართლიანი პასუხი რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმებზე, მათ შორის კიევზე. ერთ-ერთ თავდასხმას მოჰყვა ხანძარი კიევ-პეჩორის ლავრაში - მაშინ ზელენსკი ამბობდა, რომ ამას უკრაინა უპასუხებდა. "პუტინს თუ არ სურს ამ ომის დასრულება, ჩვენ ჩუმად არ ვისხდებით და ამას პასუხს გავცემთ, უკრაინას არასდროს არ სურდა ომი, მაგრამ რუსებმა უნდა გაიგონ: თუ უკრაინა ცეცხლში იქნება, ცეცხლში იქნება თქვენი მოსკოვიც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: დადგა დრო, რომ ეს აგრესია დასრულდეს, დადგა დრო, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამის პარალელურად კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. ბოლო დღეებში უკრაინამ ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას არაერთი დარტყმა მიაყენა. შეტევების სამიზნე გახდა საწვავის საცავები, მომარაგების მარშრუტები და სტრატეგიული ობიექტები, რაც, უკრაინული მხარის განცხადებით, ყირიმის სამხედრო ლოგისტიკის შესუსტებას ისახავს მიზნად. რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. პარალელურად, ადგილობრივი მედია და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ მზარდ შეშფოთებაზე, რადგან საწვავის დეფიციტმა და უსაფრთხოების რისკებმა რეგიონში ტურისტული აქტივობაც მნიშვნელოვნად შეამცირა. ექსპერტების შეფასებით, თუ უკრაინის იერიშები გაგრძელდება, ყირიმში ლოგისტიკური და ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს, მეტიც ნახევარკუნძულის ნაცვლად, ყირიმი შესაძლოა კუნძულად გადაიქცეს.

თემის ირგვლივ თადარიგის პოლკოვნიკი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ფარის“ წევრი გიორგი თავდგირიძე გვესაუბრება:

- ფაქტობრივად, უკრაინამ ომს მისცა ისეთი ხასიათი, როგორიც მას აწყობს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთს მას უკრაინის ნების გატეხა არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შიგადაშიგ ახორციელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას, უკრაინის საჰაერო თავდაცვა ახერხებს გაუმკლავდეს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, 100%-იანი თავდაცვა არ არსებობს, ომია და ბრძოლის დროს ყველაფერი ხდება, მაგრამ ძირითადად, უკრაინა ინარჩუნებს სტაბილურ საჰაერო თავდაცვას, ხოლო სახმელეთო ოპერაციები რუსეთისთვის ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება. ნებისმიერი შეტევა, რომელსაც ის ახორციელებს, ხასიათდება ძალიან დიდი დანაკარგებით როგორც პირად შემადგენლობაში, ასევე საბრძოლო ტექნიკაში და სხვა საბრძოლო სისტემებში. უკრაინამ მოახერხა და თავისი თავდაცვა ააგო ე.წ. მკვდარ ზონებზე, სადაც დრონების რაოდენობით, გარკვეულწილად, მყარ თავდაცვას უზრუნველყოფს. უკრაინამ, ფაქტობრივად, ომი გადაიყვანა იმ სტილში, სადაც მას ერთის მხრივ სახმელეთო ოპერაციებში მკაფიო და მყარი თავდაცვითი ზღუდეები აქვს, მეტ-ნაკლებად კარგად აქვს ორგანიზებული საჰაერო თავდაცვა და იყენებს იმას, რაც მისი უპირატესობაა, ანუ დრონებს. დრონები შედარებით იაფი საბრძოლო სისტემებია, რომელთაც შორ მანძილზე ზუსტი დარტყმების და ზიანის მიყენების განხორციელება შეუძლიათ. ეს არის უკრაინის მთავარი თემა, რომ მან შეძლო ამ დრონების წარმოების საკმაოდ დიდ რაოდენობაზე გასვლა. თუ გახსოვთ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას უკვე შეუძლია 10 მილიონი დრონი აწარმოოს, მაგრამ თუ დაჭირდა, ამ წელს რაოდენობას გააორმაგებს კიდეც, რაც უდავოდ იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ დიდი ხნის განმავლობაში არც შეამციროს ტემპი, რომელიც აღებული აქვს და ეს რუსეთისთვის უდავოდ დიდი პრობლემაა.

- რა სახის ზარალი მიადგა საჰაერო თავდაცვით სისტემებით განთქმულ მოსკოვს და ზოგადად, რუსეთს ამ დღეებში?

- რუსეთის თავდაცვა ორიენტირებულია, ასე ვთქვათ, ცივი ომისდროინდელ საფრთხეებზე. მას შემდეგ რუსეთმა განვითარება ვერ შეძლო, მას ის პლუსები და მინუსები აქვს, რაც 60-70-იანი წლების თეორიულ მიღწევებში ჰქონდა, ეს არ შეცვლილა, ვერ განვითარდნენ და ახლა ამ შედეგებს იმკიან კიდეც. ანუ მოსკოვი დაცულია, მას აქვს ანტისარაკეტო თავდაცვა, რომელიც არ ვიცით, რამდენად გაუძლებს თანამედროვე სარაკეტო დარტყმებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ გამორჩათ დრონები. ომის დასაწყისში უკრაინამ დაიწყო დრონების გამოყენების ტაქტიკის გაუმჯობესება და წარმატების მიღწევა, რუსეთმა ამას ფეხი ვერ აუწყო და აღმოჩნდა, რომ ამხელა ქალაქის - მოსკოვის მთლიანი თავდაცვა შეუძლებელია, მას სხვა კონფიგურაცია სჭირდება და ესაა: დამატებითი რესურსები, დამატებითი ტვინი და აზროვნება, ეს მარტო ის არაა, რაღაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დაშტამპო. ფაქტობრივად, რუსეთი იძულებულია მილიონიანი რაკეტებით ჩამოაგდოს 50 თუ 100 ათასი დოლარის ღირებულების დრონი, რაც არაპროპორციულია. ომი მარტო ის არაა, საბრძოლო მოქმედებების არეალში 10კმ-ით წინ წაიწიო, ეს არის რესურსების ბრძოლა და ვინც ახერხებს მოწინააღმდეგის გამოფიტვას, შემდგომ მასზე სხვა ტიპის უპირატესობასაც აღწევს, ეს არის ომის ანი და ბანი.

აქედან გამომდინარე, უკრაინა ზუსტად ამითაა დაკავებული, მან ნახა წერტილი, სადაც მას აქვს უპირატესობა, სადაც რუსეთი ვერ ახერხებს დაეწიოს მას ამ უპირატესობის ნიველირებისთვის და შესაბამისად, ამას ბოლომდე იყენებს. რა თქმა უნდა, ზარალიც დიდია, გარდა იმისა, რომ მორალური ზიანია - როცა მოსკოვი იბომბება და ის ფრონტისპირა ქალაქი გახდა, ეს ქვეყანაში დიდ პოლიტიკურ და სოციალურ რყევებს იწვევს. ეს შეიძლება ჯერ არ ჩანდეს, მაგრამ ამის საფუძველი ჩაყრილია. გარდა ამისა, ნავთობის და გაზის ტრანსპორტირება, ლოგისტიკა... (რაზეც ზის მთელი რუსეთი) როცა ამ დიდი ქსელის მნიშვნელოვანი წერტილები გამოდის მწყობრიდან და ვეღარ ფუნქციონირებს, სისტემა იწყებს კონვულსიას და პრობლემები ჩნდება გრაფიკში, მიწოდებაში (არა მარტო ისაა პრობლემა რომ ნავთობმწარმოებელი ქარხანა იბომბება), ეს კი დიდი ზარალია - გარდა იმისა, რომ მას ხარჯებში აქვს დიდი გარღვევა, ასევე შემოსავლებში აქვს პრობლემები და ეს რა თქმა უნდა, უკრაინის უპირატესობაა. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნელ-ნელა დაიწყებს თავისი პირობების კარნახს იმიტომ, რომ გარკვეულ ეტაპზე მოსკოვი იძულებული გახდება უკან დაიხიოს.

- მიაღწევს თუ არა უკრაინა პუტინის დათანხმებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე?

- აქ ორი პრობლემაა: თავისი ხასიათიდან გამომდინარე გამორიცხულია, რომ დამარცხებული რუსეთის ლიდერი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება ახალი ლიდერი, რომელიც რა ფორმით მოვა, რანაირად ჩანაცვლდება, არ ვიცით, ეს ღრმა ანალიზის თემაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ პუტინი მანამდე იქნება ლიდერი, სანამ ის შეძლებს ომის გაგრძელებას. როგორც კი ის ამას ვეღარ შეძლებს, ერთადერთი იმას ეცდება, ნახოს მემკვიდრე, რომელიც აიღებს იმის პასუხისმგებლობას, რომ პუტინს პირადი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ახალ რეალობას სჭირდება ახალი ლიდერი.

ადრე თუ უკრაინის პროპაგანდა ძირითადად ანტიპროპაგანდით იყო დაკავებული, ახლა უკვე თვითონაც მანიპულირებს, ის შევიდა რუსეთის პროპაგანდისტულ ბაზარზე როგორც მოთამაშე. ჯერ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაწყისია, მაგრამ როდესაც ზელენსკიმ შესთავაზა, მე მზად ვარ მშვიდობისთვის, ყველა დავიღალეთ ომისგანო, ეს იყო მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული განცხადება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს განცხადება პროპაგანდად არ დარჩებოდა და რუსეთი რაღაც ტიპის პასუხს გასცემდა, ეს ზელენსკისთვის მომგებიანი იქნებოდა. ეს ყველაფერი ჯერჯერობით დასაწყისია, არის როგორც ზვავი, იკრებს ძალას, შეიძლება გარკვეულ პერიოდში ეს ყველაფერი შენელდეს იმიტომ, რომ ახლა უკრაინას სიჩქარე არ აწყობს, მას კარგი ტემპი აქვს აღებული და ექსპერიმენტების დრო არ არის. ჩვენ რუსეთმა იმით გვაჯობა, რომ როგორც კი წარმატებულ ტალღაზე ვიყავით, გინდა ცხინვალის, გინდ აფხაზეთის რეგიონში, რუსეთი იწყებდა მოლაპარაკების სერიას, შემდეგ ჩვენ გადავერთვებოდით სხვა რეჟიმში და მერე იმავე პიკის მიღწევა გვიჭირდა. ეს გაკვეთილი მგონი, უკრაინას ნასწავლი აქვს და შეცდომას არ დაუშვებს, მას მხოლოდ მყარი გარანტიების შემდეგ შეეძლება სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წასვლა. ჩვენ ნელ-ნელა დავაკვირდებით და ვნახავთ, იქნება თუ არა ზელენსკი ისეთივე წარმატებული დიპლომატიურ ველზე, როგორიც ომის წარმოებაშია.

- რა ბედი ეწევა იზოლაციაში აღმოჩენილ ყირიმს ახლო მომავალში?

- სადღაც 1 წლის წინ მართლა მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ყირიმი ყოფილიყო დეოკუპაციის დასაწყისი, მაგრამ მაშინ სახმელეთო ოპერაციები იყო მნიშვნელოვანი და ყირიმის იზოლაცია ნიშნავდა იმას, რომ უკრაინას ფრონტი შეუმცირდებოდა. ეს სახმელეთო ოპერაციის წარმატების ბევრ წინაპირობას ჩაუყრიდა საფუძველს, მაგრამ ახლა ყირიმიც კი ისე მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც დრონებით რუსეთის სიღრმეში მოქმედება. უდიდესი მორალური, ფსიქოლოგიური, პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყირიმში შეიქმნას პრობლემები და იქ დაიწყოს რუსების პროტესტი მოსკოვის მიმართ, რომ ის ვერ ასრულებს დაპირებას, რომ აქ პრობლემაა მომარაგებაში, ლოგისტიკაში, რისკების ზრდაში და ა.შ. ეს გააჩენს კიდევ ერთ დაძაბულობის ცენტრს მოსკოვისთვის, სადაც უკვე პრობლემა იქნება არა მხოლოდ ფრონტის ხაზის და საბრძოლო თეატრის შენარჩუნება, არამედ პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილების მოგერიება და ყირიმი ძალიან მძიმე ტვირთი იქნება რუსეთისთვის. თან ამ ყველაფერს უკრაინის მხრიდან არ სჭირდება რაღაც დიდი სისხლის ღვრა, რადგან ის ამ ყველაფერს ახერხებს უპილოტო საფრენი, თუ საცურაო საშუალებებით და შორეული დაბომბვებით.

თავისთავად, ყირიმის დათმობა იმას ნიშნავს, რომ დნეპრის მთელი მარცხენა სანაპირო იქნება მოწყვლადი და უკვე შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ პირდაპირ ფრონტალური ზეწოლა დნრ-ის, ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით, არამედ საშუალება იქნება ფლანგზე რისკები გაზარდოს. ეს სახმელეთო ოპერაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ, რომ რუსები ვეღარ გამოიყენებენ ბუნებრივ წინაღობებს და იძულებულნი იქნებიან ძალები იმისთვის გადაანაწილონ, რომ ეს ფლანგი გაამაგრონ, ყირიმი იზოლირებული იქნება და იქიდან სახმელეთო ოპერაციების საფრთხე - შემცირებული. ცოტა რთულად ვყვები, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, ეს კონფიგურაციები და გეომეტრიული ტეხილები მნიშვნელოვანია ხოლმე ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთზე ზეწოლის გასაზრდელად. ამიტომ ყირიმის დათმობა ამითაც მნიშვნელოვანი იქნება. რა ვიცი, ვნახოთ.

მომავალ გაზაფხულს უკრაინა უკვე მზად იქნება უფრო თამამი მოქმედებისთვის, ანუ რუსების სახმელეთო ოპერაციებში დამარცხების ალბათობა იქნება გაზრდილი. ეს ალბათობა უცებ არა, დინამიკაში გაიზრდება, ამ პერიოდში უკრაინა მუდმივად განახორციელებს მოსკოვზე მორალურ ზეწოლას იმისთვის, რომ ის ომის შეწყვეტაზე დაიყოლიოს, ოღონდ, ომის გაყინვაზე არა - უკრაინის მიზანია რა ენერგიაც ჩადო და რა სისხლიც დაიღვარა, ამის ადეკვატური შედეგი მიიღოს. უკრაინას არ დასჭირდება ყირიმის აღება, ყირიმის ბლოკადა ნიშნავს ყირიმის დაცემას, ყირიმს არ შეუძლია ავტონომიურად ცხოვრება, მან უნდა მიიღოს, საწვავი, წყალი და სხვა ბევრი რამ, მარტო სახმელეთო გზით ძალიან ძნელია ამ ყველაფრის უზრუნველყოფა. ეს როგორი თემაა იცით? შეიძლება მე ტერიტორია ფიზიკურად არ დავიკავო, მაგრამ ისეთი პირობა შევქმნა, რომ ამ ტერიტორიის შენარჩუნება ტვირთად იქცეს, ვიდრე მისი დათმობა. ხდება ხოლმე ბრძოლის გარეშე რაღაც ტერიტორიების დათმობა, ვინაიდან ეს ტერიტორიები ტვირთად იქცევა ხოლმე და უკრაინელები ამ სცენარით მიდიან. ყირიმში დესანტირება და მისი ნაბიჯ-ნაბიჯ აღების აუცილებლობა ახლა უკრაინას არ აქვს, პირიქით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბლოკირება რაც შეიძლება ფატალური და გაუვალი იყოს.

- ბევრს საუბრობენ პუტინის შურისძიებაზე და კიევის შესაძლო დაბომბვაზე. თქვენ რას იტყვით, ამის რესურსი აქვს პუტინს?

- როცა ასეთ დამსჯელ დაბომბვებს ახორციელებს, რუსეთი რასაც ახერხებს ისაა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ამცირებს რაკეტების რაოდენობის გამოყენებას, აგროვებს მათ და მერე ერთდროულად იყენებს. მაგრამ როცა ასეთი მუქარა იზრდება, უკრაინისთვის ის არის დივიდენდი, რომ ის იღებს შესაბამის დახმარებას ევროპული ქვეყნებიდან და ამერიკისგან, ზელენსკი თამამად ითხოვს და იღებს დამატებით საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. აბსოლუტური თავდაცვა წარმოუდგენელია, მაგრამ უკრაინას აქვს იმის საშუალება, რომ გაუმკლავდეს რუსეთს. ომია, ომში მსხვერპლია, მაგრამ რუსეთისგან რაღაც განსაკუთრებული წარმოუდგენელია, ამას არ ველოდებით იმიტომ, რომ ის ტექნოლოგიურ ნახტომს ვერ აკეთებს, არ შეუძლია საჰაერო სისტემა აწარმოოს და გაზარდოს ისე, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს, ამას სჭირდება რაკეტების რაოდენობის ზრდა, რის დინამიკასაც ვერ ვხედავთ. ასე რომ, რაც უნდა მოინდომოს და რაც უნდა გაბრაზდეს პუტინი, რისი საშუალებაც არ აქვს, არ აქვს.