ავტორი:

სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა - რა დარღვევებზე ისაუბრა ლევან იოსელიანმა?

სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა - რა დარღვევებზე ისაუბრა ლევან იოსელიანმა?

პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოველწლიურ ანგარიშით წარსდგა. მან ის საკითხები მიმოიხილა, რომელიც 2025 წლის ანგარიშში არის თავმოყრილი.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასა და ახალი, მზღუდავი რეგულაციების სიმრავლეზე და მათ შორის, შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა.

აღნიშნა, რომ უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.

“ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, ისევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

საყურადღებოა, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება "ხალხის სავალ ადგილას“ ან "ხალხის მოძრაობას აფერხებს“, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა სავალდებულო მითითების გაცემის უფლებამოსილება, რაც ქმნის ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს. შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის საფუძველზე გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების განსაკუთრებული სიმრავლით დასტურდება - 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 8200 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა.

თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით.

გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიესადაგებოდეს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.

გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა.

საკანონმდებლო ცვლილებებით შემოტანილი მოდელით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში დაუშვებელია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.

მოცემულ შემთხვევაში, კომპენსირების მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ სასამართლოსთვის დაკისრებული პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს იგი ხელმისაწვდომი მხარეებისთვის”, - განაცხადა იოსელიანმა ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან 35 (26,7 %) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, დაზიანებები კი აღენიშნებოდა 17 დაკავებულს.

"აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან. ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე” , - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანგარიშის წარმოდგენის დროისათვის, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ იყო დაწყებული.

"თუმცა, მისასალმებელია, რომ უკვე 2026 წლის 8 მაისს პროკურატურის 2026 წლის 8 მაისის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, ისე ცალკეული მოქალაქეების ვინაობის დასადგენად და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად;

ამასთან, აუცილებელია შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს, უკვე საანგარიშო წელს, საპროტესტო აქციებზე ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

იხილეთ ასევე: