გასულ პარასკევს ღამით, ტეხასის შტატში, ავტომობილი “Tesla“ , რომელიც ავტოპილოტის (Autopilot) რეჟიმში საათში დაახლოებით 110 კმ სიჩქარით მოძრაობდა, საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, ინციდენტის შედეგად 76 წლის ქალი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა კი კიდევ ერთი მიზეზი გახდა იმისთვის რომ, ავტო გიგანტის სკანდალური ავტომატიზაციის ტექნოლოგიის მიმართ კრიტიკის მორიგი ტალღა აგორებულიყო.

ჰიუსტონის ტელეარხ “KHOU-TV“ -ის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ მოძრაობს დიდი სისწრაფით Tesla ქუჩაზე, შემდეგ გაზონს გადაკვეთს და პირდაპირ აგურით ნაშენებ სახლს ეჯახება. სახლის კართან განთავსებულმა კამერამ კი ის მომენტი დააფიქსირა, როდესაც მანქანა ეზოში შესასვლელს გასცდა და სახლის წინა კედელს ისეთი ძალით შეეჯახა, რომ შენობის სიღრმეში შევარდა. სწორედ ამ დროს შიგნით მყოფი მარტა ავილა სამზარეულოში პროდუქტებს ალაგებდა.

ხელისუფლება ამჟამად იძიებს, ითამაშა თუ არა თავის როლი ავტოკატასტროფაში “Tesla“ -ს ავტოპილოტის სისტემამ, თუმცა გამოძიება ამჟამად აქტიურ ფაზაში იმყოფება და ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდგენიათ, კონკრეტულად, რა მოხდა.

ავტომობილის მძღოლმა, 44 წლის მაიკლ ბატლერმა, გამომძიებლებს განუცხადა, რომ ავარიის დროს მანქანის მართვის ავტომატური დამხმარე სისტემა ჩართული იყო.
76 წლის მარტა ავილამ მძიმე ტრავმები მიიღო. იგი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავდა თავად ბატლერიც, რომელიც ასევე საავადმყოფოში მოათავსეს. სახლის მძიმე დაზიანების გამო, იქ მცხოვრებ ოჯახს სასტუმროში გადასვლა მოუწია. თავად კომპანია “Tesla“-ს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მომხდარი ტრაგედია “Tesla“ -ს მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიასთან დაკავშირებული იმ ინციდენტების გრძელი სერიიდან მორიგ შემთხვევას წარმოადგენს, რომელმაც უკვე მიიპყრო ფედერალური უსაფრთხოების მარეგულირებლების, სატრანსპორტო შემთხვევების გამომძიებლებისა და მოსარჩელე ადვოკატების ყურადღება. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) და NHTSA წლებია იკვლევენ, ხდებიან თუ არა მძღოლები ზედმეტად დამოკიდებულნი ამ ტექნოლოგიაზე და აკეთებს თუ არა “Tesla“ -ს მონიტორინგის სისტემას ისე, რომ არ მოხდეს მძღოლების მხრიდან ყურადღების მოდუნება სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს.

ყველაზე რეზონანსულ შემთხვევებს შორის იყო 2016 წელს უილისტონში (ფლორიდა) მომხდარი ფატალური შეჯახება, როდესაც ავტოპილოტის რეჟიმში მოძრავი “Tesla“ სატვირთო მისაბმელს შეეჯახა. მაშინ გამომძიებლების დასკვნით, ავარიას ავტომატიზაციის მიმართ მძღოლის ზედმეტმა ნდობამ შეუწყო ხელი. ანალოგიური დასკვნები გაკეთდა 2018 წელს მაუნთინ ვიუში (კალიფორნია) და 2019 წელს დელრეი ბიჩში (ფლორიდა) მომხდარი ფატალური ავარიების დროსაც.
გასულ წელს “Tesla“-მ მორიგებით დაასრულა სასამართლო დავა კალიფორნიაში 2018 წელს მომხდარი ფატალური ავარიის საქმეზე. ხოლო ფლორიდის კიდევ ერთ საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა $243 მილიონი მიაკუთვნეს მოსარჩელეებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ 2019 წელს ავტოპილოტთან დაკავშირებული სასიკვდილო ავარიის გამო, პასუხისმგებლობა სწორედ კომპანიებს ეკისრებოდა.
“მთავარი შეცდომა ამ სისტემისთვის “ავტოპილოტის“ დარქმევა იყო, როდესაც ეს სისტემები მოულოდნელ სიტუაციებს აწყდებიან, სულ სხვანაირად მოქმედებენ ვიდრე ჩვენ ადამიანები“, - აცხადებს საავტომობილო ანალიტიკოსი და მომხმარებელთა უფლებების დამცველი, ლორენ ფიქსი.