კანადის ქალაქ მონრეალში ატეხილ სროლას პოლიციელი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლნენ, მოკლულია თავად თავდამსხმელიც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ავრცელებენ.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დანაშაული კოტ-დე-ნეჟის (Côte-des-Neiges) რაიონში მოხდა, სადაც უამრავი რესტორანი და სუპერმარკეტია განთავსებული და რომელსაც მონრეალის მრავალრიცხოვანი ებრაული თემი ხშირად სტუმრობს.

სამოქალაქო პირისა და ეჭვმიტანილის სიკვდილი, პოლიციამ ცალკე გაკეთებული განცხადებით დაადასტურა. ამასთანავე, მოუწოდა მოსახლეობას, აღნიშნულ ტერიტორიას მოერიდონ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა დაღუპული ოფიცრის ვინაობა , იგი 34 წლის მოჰამედ ლამინ ბენრედუანია, რომელიც მონრეალის პოლიციაში 2021 წლიდან მსახურობდა.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე დაიწყო.

მონრეალის პოლიციის უფროსის, ფადი დაგერის თქმით, მისთვის უცნობია დაღუპული სამოქალაქო პირის ვინაობა და ისიც, იყო თუ არა იგი ებრაული თემის წარმომადგენელი. მან ასევე ვერ დაადასტურა, თუ ვინ მოკლა აღნიშნული მოქალაქე.
"ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია მყისიერად მოხდა, თუმცა მეორე გარდაცვლილის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს”, - განუცხადა დაგერმა ჟურნალისტებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, “Radio Canada“ -ს ცნობით, მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი პოლიციელი ქალი.