19 წლის ჰირამ კარეროს, რომელმაც ნიუ-იორკის მეტროში მძინარე უსახლკარო მამაკაცს ცეცხლი წაუკიდა, სასამართლომ 5 წელზე მეტი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მამაკაცს მძიმე დაზიანებები დარჩა.

კარერომ დანაშაული მარტში აღიარა და დაადასტურა, რომ განზრახ წაუკიდა ცეცხლი უსახლკარო მამაკაცს. სასჯელის გარდა, მას სამი წლით ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა და კომპენსაციის გადახდაც დაევალა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა "შემაძრწუნებელი, სასტიკი, გაუგონარი დანაშაულია“ და მსგავსი ქმედებები მკაცრად დაისჯება.
დაცვის მხარე სასამართლოსგან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, კარეროს რთული ბავშვობა ჰქონდა — ის დაბადების შემდეგ მშობლებმა მიატოვეს, ხოლო პანდემიის პერიოდში მისი ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული მომხდარს ძალიან ნანობს.