სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის შვილმა ალექსანდრე ერაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბოლო წლებში მამის მიმართ მიმდინარე კრიტიკასა და ბულინგს გამოეხმაურა.
განცხადებაში საუბარია როგორც 2022 წელს გაკეთებულ კომენტარზე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თემას უკავშირდებოდა, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ერაძის ოჯახის შეფასებით, უკვე დიდი ხანია კრიტიკის ფარგლებს გასცდა და მიზანმიმართულ კამპანიად იქცა
- მოკლედ პირველად ვწერ ზოგადად სოციალურ ქსელში სტატუსს და უკაცრავად თუ რაიმე არასწორად და არეულ-დარეულად დავწერე. დღეს დილით "ტვ იმედმა" დადო "ქარდი", სადაც გიორგი კალატოზი გადაცემა “ორშაბათობაში”, მისი აზრის დაფიქსირების გამო მიუგდეს ხალხს საჩიჩქნად. ამ "ქარდზე" ასევე ნახსენებია რასაკვირველია მამაჩემი დავით ერაძე. "ქარდზე" ხვიჩა კვარაცხელიას “გაშავებაზე” და “ლანძღვაზე” საუბრობენ და სასაცილო და ირონიულია ეს ყოველივე ისეთი ტელეკომპანიისგან, როგორიც "იმედია", თუმცა ამას გადავახტეთ…
ერთხელ და საბოლოოდ მინდა ვთქვა ერთი რამ რომ.. მამაჩემის “კრიტიკა” რომელიც ყველაფერია გარდა კრიტიკისა უკვე საკმარისი და ზეთავზეგასულია. საუბარია 2022 წლის გადაცემაზე, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე იქნა ჩაწერილი. საუბარია რუსეთში მოთამაშე სპორტსმენებზე. ერთ-ერთი მათგანი მაშინ იყო ხვიჩა კვარაცხელიაც. იმ გადაცემაში არაფერი არ თქმულა ისეთი, რაც მაშინ არ იყო საზოგადოებაში “აქტუალური” თემა და მეტიც ალბათ მაშინ ამ აზრს ყველა ეთანხმებოდა. თუმცა გავიდა წლები მიაღწია წარმატებას ხვიჩამ და მოიგო სერია ა და მაშინვე თავი გამოიჩინა რა თქმა უნდა "პოსტივიმ", რომელმაც პირველმა ამოჭრა და მიუგდო ხალხს საჯიჯგნად მამაჩემი.
შემდეგ გრძელდებოდა და გრძელდებოდა ეს უმსგავსო და თავზე გასული საქციელი არამხოლოდ ხალხის მხრიდან, არამედ ამ სფეროს წარმომადგენლებისგანაც. ის რომ ეს გადაცემა იყო “შეკვეთილი” “პარტიული” ან ასე შემდეგ სასაცილოც არაა. მამაჩემს მე ვიცნობ მთელი ჩემი ცხოვრებაა, როგორც პოლიტიკურად სუფთა და სწორ ადამიანს. არასოდეს არ ეთაკილებოდა, რომელიმე მხარის გაკრიტიკება თეთრზე თეთრის, ხოლო შავზე შავის თქმა. არასოდეს არ უჭირდა და ეთაკილებოდა კრიტიკული სიუჟეტების თუ სტატიების დაწერა და ამის გამო არაერთხელ გამხდარა სამიზნე სხვადასხვა მთავრობების დროს, მათ შორის როგორც წინა ასევე ახლანდელი მთავრობის პირობებში.
ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია ბოლო წლებში განვითარებული აჟიოტაჟი ამ ამბის გარშემო, რადგან ეს ეხება ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო არის და იქნება სამაგალითო. მამაჩემს არასოდეს არ შეშლია არც ადამიანობაში არც კაცობაში და არც ქართველობაში და მე ამით ვამაყობ! მამაჩემისთვის არასოდეს არ დაუძახიათ რუსი, მოღალატე ფულზე გაყიდული ან რაიმე მაგდაგვარი და ამითაც ვამაყობ! ყოველთვის შეეძლო მამაჩემს აერჩია და დაეყენებინა წინ ფული და საკუთარი კეთილდღეობა თუმცა არასოდეს არ მოქცეულა ასე და ყოველთვის იყო იქ სადაც საჭირო იყო.
ეს მცირედი შესავალი - ახლა კი დავიწყებ იმის მოყოლას რის გამოც საერთოდ გადავწყვიტე სტატუსის დაწერა.
სულ რამდენიმე საათია დაიწყო "იუთუბზე" "ლაივი" არხ “ლაი-ლაი-ზე, რომლის წამყვანი ნოდარ სიმსივე და დიმა ობოლაძე არიან. ხალხი სთხოვდა აზრის დაფიქსირებას დღევანდელ მოვლენებთან მიმართებაში და დააფიქსირეს კიდევაც. თავიდან დიმა არ იყო მოსული და მისმა შვილმა და ნოდარმა ეს სიტუაცია ახსნეს და თქვეს, რომ მათ არ მოეწონათ არც ის "იმედზე" დადებული ქარდი და არც ის, რაც მამაჩემთან მიმართებაში ხდება ბოლო წლების განმავლობაში და ისიც კი თქვა დიმას შვილმა, რომ ეს უკვე მას აღარც კი უკვირს (რაც ძალიან სამწუხაროა). ასევე ახსნეს “მეგობრობა”, “კოლეგები” და მოკლედ… მოვიდა ბატონი დიმა და ფაქტობრივად რაც ნოდარმა და დიმას შვილმა ისაუბრეს იმის საპირისპირო აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ არაფერი “დასაცავი” არ აქვს თურმე მამაჩემს და თურმე საგინებელი და "მიწადასაყრელიც" ყოფილა მამაჩემი და ღირსიც ყოფილა ამ ყველაფრის, ასევე დიმამ თურმე უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მას როდესაც “აბულინგებდნენ" თურმე როგორ არ დაწერა მამაჩემმა სტატუსი და რატომ არ გამოექომაგა დიმას. დიმას მე არ ვიცნობ ახლოდან და არც მაქვს სურვილი გავიცნო, თუმცა ვიცი ის მიზეზები რატომაც შენ მამაჩემის თვალში 0 ხარ და ასეც იქნები. შენ ყველაზე მთავარში ჩაიჭერი მამაჩემთან რაც კაცობა არის… მე აღარ გავაგრძელებ რადგან მამაჩემის მაგივრად არ ვაპირებ ვისაუბრო..
და კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ითქვას – მამაჩემი თავისი საქმის პროფესიონალია, რომელსაც ჟურნალისტიკაში და სპორტულ მედიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან თავისი კარიერა და სახელი საკუთარი შრომით, პრინციპულობითა და პროფესიონალიზმით შექმნა.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ დავით ერაძე არავის „მიყვანილი“ არ არის არც ერთ ტელევიზიაში. ყველგან, სადაც უმუშავია, იქ თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით მივიდა და არა ვინმეს მფარველობით ან კავშირებით.
დროა, ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა და ადამიანების შეფასება არა ამოჭრილი ფრაზებით, არამედ მთელი მათი ცხოვრებითა და გაკეთებული საქმეებით.
და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა – მიუხედავად ყველაფრისა, არც მე და არც მამაჩემს არასოდეს შეგვიცვლია დამოკიდებულება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვქომაგობდით, ვქომაგობთ და მომავალშიც ვუგულშემატკივრებთ მას, რადგან მისი წარმატება მთელი საქართველოს წარმატებაა.
წლების განმავლობაში შექმნილმა უსამართლო აჟიოტაჟმა ჩვენში არც ბოროტება გააჩინა და არც ვინმეს მიმართ სიძულვილი. პირიქით, გვინდა, რომ ხვიჩამ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს და თავისი თამაშით კიდევ არაერთხელ გაახაროს საქართველო".