აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალებს, შეწყვიტოს ომი ირანში, ან მიიღოს კონგრესის თანხმობა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებამდე.
BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტი 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. რეზოლუციის მხარდასაჭერად "დემოკრატებთან“ ერთად ოთხმა "რესპუბლიკელმა“ სენატორმა მისცა ხმა: რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ, სიუზან კოლინზმა და ბილ კასიდიმ. "დემოკრატი“ სენატორი ჯონ ფეტერმანი ერთადერთი იყო თავისი პარტიიდან, რომელმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
BBC-ი წერს, რომ რეზოლუცია დიდწილად სიმბოლურია, რადგან კონგრესის ორივე პალატის მიღების შემდეგაც კი, ის განსახილველად ტრამპს არ გადაეგზავნება და კანონის ძალა არ გააჩნია.
სენატმა ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციას მანამდე ცხრაჯერ უყარა კენჭი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ შეგროვებულა მის დასამტკიცებლად საჭირო ხმების რაოდენობა.
"მაშ ასე, ირანი უკვე კუთხეში მომწყვდეული მყავდა და დამარცხებამდე ცოტა აკლდა... და სწორედ ამ დროს აშშ-ის სენატმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცუდ დროს დაგეგმილი და სრულიად უაზრო კენჭისყრა ომის უფლებამოსილების აქტთან დაკავშირებით. ამ სენატორებმა ჩემი საქმე უფრო გაართულეს, მაგრამ მე ამას მაინც გავაკეთებ - ასე თუ ისე, რადგან ყოველთვის ვაღწევ მიზანს!”, - დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.