პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში ცნობილ უფლებადამცველს, მაჰრანგ ბალოჩს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. საქმე ეხება 2024 წელს გამართულ აქციაზე ჯარისკაცის მკვლელობას, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი პროტესტი მოჰყვა.
ბელუჯისტანის ერთობის კომიტეტის (BYC) ლიდერი, მაჰრანგ ბალოჩი სასამართლომ მკვლელობასა და ტერორიზმში ცნო დამნაშავედ. პროკურატურის მტკიცებით, 2024 წელს ქალაქ გვადარში გამართულ აქციაზე ბალოჩმა წარმოთქვა “ძალიან პროვოკაციული სიტყვა“, რამაც ხალხის გაბრაზება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, 30-40 ადამიანი თავს დაესხა სამხედრო ავტომობილს ქვებითა და ჯოხებით. შეტაკების დროს ფედერალური კონსტაბულარიის თანამშრომელი, შაბირ აჰმედი, თანამებრძოლებს ჩამორჩა და ის სასიკვდილოდ სცემეს.
სასამართლომ ბალოჩს და მასთან ერთად მსჯავრდებულ სიბღათულას დაღუპულის ოჯახის სასარგებლოდ 200,000 რუპიის გადახდაც დააკისრა. თავად აქტივისტები ბრალს არ აღიარებენ და სასამართლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ბალოჩის და, ადვოკატი ნადია ბალოჩი, აცხადებს, რომ სასამართლოზე დაცვის მხარეს არ მიეცა მოწმეების ჯეროვანი დაკითხვის შესაძლებლობა. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიამ კი განაჩენის დაუყოვნებლივ გადახედვა მოითხოვა.