კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, ნიდერლანდებში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 12 წლამდე ასაკის ბავშვმა სიცოცხლე ევთანაზიის (მედიკამენტური ასისტენციით სიკვდილი) გზით დაასრულა.
ნიდერლანდებში 1-დან 12 წლამდე ასაკის განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის ასისტირებული სიკვდილი უკვე ორი წელია ლეგალურია. კანონის შეცვლამდე ევთანაზია მხოლოდ ახალშობილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის იყო ნებადართული.
ჰოლანდიური კანონმდებლობით, აუცილებელია მშობლებთან კონსულტაცია, ბავშვი უნდა განიცდიდეს გაუსაძლის ტანჯვას და განკურნების შანსი არ უნდა არსებობდეს. ბავშვის გარდაცვალების საქმე გადაეცა პროკურატურას, რომელმაც უნდა დაადგინოს, დაიცვეს თუ არა ექიმებმა ევთანაზიასთან დაკავშირებული ყველა წესი.
ნიდერლანდები გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც განუკურნებელი სენით დაავადებულთათვის ეს პროცედურა ჯერ კიდევ 2002 წელს დააკანონა. ქვეყანაში ევთანაზია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ პაციენტი თანახმაა პროცედურაზე და ექიმი ადასტურებს, რომ ის აუტანლად იტანჯება.
ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტი ზეწოლის ქვეშ არ მოქმედებს.
კანონის შეცვლამდე 1-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის მკაფიო პოლიტიკა არ არსებობდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ.
იხილეთ ასევე: