აღმოჩენილია 80 წლის წინ ათას ადამიანთან ერთად ჩაძირული "ჯოჯოხეთის გემის“ ნამსხვრევები, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის დროს გემს სამხედრო ტყვეები გადაჰყავდა.
ფილიპინების სანაპიროსთან აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული იაპონური გემის, Hōfuku Maru-ს ნამსხვრევები. კატასტროფის დროს ბორტზე ასობით ბრიტანელი და ჰოლანდიელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, -ამის შესახებ CNN იუწყება.
გემი 1944 წლის 21 სექტემბერს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე დაახლოებით 1200 ბრიტანელი და ჰოლანდიელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც იაპონელ სამხედროებს იაპონიაში გადაჰყავდათ. ამერიკულმა ავიაციამ სპეციალური ნიშნების არმქონე გემი შეცდომით სამხედრო ტრანსპორტად მიიჩნია და ტორპედოებით შეუტია. ერთ-ერთი ჭურვი ხომალდს მოხვდა, რის შემდეგაც იგი შუაზე გაიპო და სწრაფად ჩაიძირა.
როგორც CNN წერს, გადარჩენა მხოლოდ 200-მდე გამოფიტულმა და დაავადებულმა ტყვემ მოახერხა. კატასტროფის ზუსტი ადგილი ათწლეულების განმავლობაში უცნობი რჩებოდა.
ძებნა ფონდ Hellships Memorial Foundation-ის მონაწილეობით მიმდინარეობდა. მკვლევრები სწავლობდნენ დოკუმენტებს იაპონიისა და აშშ-ის სამხედრო არქივებში, ასევე ატარებდნენ სკანირებასა და ტექნიკურ ყვინთვით სამუშაოებს. გადამწყვეტი აღმოჩნდა 2025 წელს ნაპოვნი გაციფრულებული იაპონური დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა რუკასა და კონვოიზე თავდასხმის აღწერას.
"სწორედ ამ იაპონურმა დოკუმენტმა დაუდო საფუძველი ყველაფერს და ის გახდა გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელმაც სხვა დანარჩენთან მიგვიყვანა“, - განაცხადა ისტორიკოსმა ტიმ ბეკენსოლმა, რომელიც სამძებრო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.
საბოლოოდ, Hōfuku Maru-ს ნამსხვრევები ფილიპინების კუნძულ ლუსონის დასავლეთ სანაპიროზე, ზამბალესის პროვინციასთან აღმოაჩინეს. ეს ადგილი 48 კილომეტრზე მეტით იყო დაშორებული იმ რაიონიდან, რომელიც მანამდე კატასტროფის სავარაუდო ადგილად მიიჩნეოდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ "ჰოფუკუ მარუ“ იყო ერთ-ერთი ე.წ. ჯოჯოხეთის გემებიდან (Hellships) - ასე იწოდებოდნენ მარკირების არმქონე იაპონურ სატრანსპორტო გემები, რომლებისაც ომის დროს 62 ათასზე მეტი სამხედრო ტყვე გადაიყვანეს. ამ გემებზე პირობები კატასტროფული იყო: ტყვეები იტანჯებოდნენ სიცხისგან, წყლის ნაკლებობისგან, ანტისანიტარიისა და დაავადებებისგან.
ბოლო ყვინთვების დროს მყვინთავებმა ჩაძირული გემის გემბანზე ადამიანის ნეშტებიც აღმოაჩინეს. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხომალდი სამხედრო სამარხს წარმოადგენს და მისი ზედაპირზე ამოტანა ან იქ გათხრების წარმოება დაუშვებელია.
"ეს გემი სასასფლაო და ახლა, როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და აშშ-ის მთავრობები უკვე ინფორმირებულნი არიან. სწორედ ისინი განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს“, - განაცხადა მკვლევარმა და ტელეწამყვანმა ჯოშ გეიტსმა.
კატასტროფის ზუსტი კოორდინატები არ საჯაროვდება, რათა ობიექტი გარეშე პირთა ჩარევისგან იყოს დაცული. ამავდროულად, ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც Hōfuku Maru-ს ბორტზე დაიღუპნენ, უკვე მსჯელობენ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის ღირსეულად მიგების გზებზე.