Bloomberg-ის მონაცემებით, ილონ მასკმა ტრილიონერის სტატუსი დაკარგა... ორი კვირის წინ, ის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. სამშაბათს კი ქონება 957 მილიარდ დოლარად შეფასდა.
მასკის ქონების შემცირება SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების მკვეთრ ვარდნას მოჰყვა. ტექნოლოგიურ სექტორში გაყიდვები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ინვესტორებში ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიან მომგებიანობასთან დაკავშირებით ეჭვები გაიზარდა. მიუხედავად დანაკარგისა, ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება და მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს.
რადგან მასკი SpaceX-ის დაახლოებით 42%-ს ფლობს, მისი ქონება პირველად ავიდა 1 ტრილიონ დოლარზე მაღლა.
რამდენიმე დღეში ინვესტორების ენთუზიაზმმა აქციები კიდევ უფრო გააძვირა - 16 ივნისს SpaceX-ის ფასი 225.64 დოლარამდე გაიზარდა და მასკის ქონებამ 1.32 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ანალიტიკოსების თქმით, მასკის სიმდიდრე განსაკუთრებულად "მგრძნობიარეა", რადგან ის თითქმის მთლიანად ორი კომპანიის — SpaceX-ისა და Tesla-ს აქციებზეა დამოკიდებული.
მისი მთლიანი ქონების დაახლოებით 80% სწორედ SpaceX-ზე მოდის, ამიტომ კომპანიის აქციების ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება მილიარდობით დოლარით ცვლის მასკის პირად ბალანსს.
ბაზრის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ IPO-ს შემდეგ ასეთი მერყეობა მაღალი შეფასების მქონე კომპანიებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მათივე შეფასებით, SpaceX-ის აქციების მხოლოდ 6%-იანი აღდგენაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მასკის ქონებამ კვლავ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.