"მე ვარ გოჩა კუტივაძე, 45 წლის, ყოფილი მოცეკვავე და მოქმედი ქორეოგრაფი. ვცხოვრობ ქუთაისში, მყავს მეუღლე - იაკო ლაღაძე და 8 წლის ულამაზესი ქალიშვილი - სესილი. მეუღლესთან ერთად ვხელმძღვანელობ ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებულ ქართული ცეკვის სტუდია "ამბიონს“, რომელიც ჩვენი ცხოვრების, შრომისა და სიყვარულის განუყოფელი ნაწილია,“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომლის ვიდეოები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს.

- ცეკვა ჩემი ცხოვრების გზად 6 წლის ასაკიდან იქცა. პირველი მასწავლებელი იყო გოჩა არსენიძე, რომელმაც ქართული ცეკვის საფუძვლები და მისი ანბანი მასწავლა. შემდგომი პროფესიული ზრდა და დიდი გამოცდილება ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში მივიღე, სადაც არა მხოლოდ მოცეკვავედ, არამედ პიროვნულადაც ჩამოვყალიბდი. განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ ჩემს მასწავლებელს, ლეგენდარულ ქორეოგრაფ დავით აბულაძეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევიძინე ის ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები, რომლებიც დღემდე ჩემი საქმიანობის მთავარი საყრდენია. მან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და ადამიანურ ჩამოყალიბებაში.
- სტუდია "ამბიონი“ კონკრეტულად როდის დაარსდა?
- "ამბიონი“ დააარსა და სული ჩაუდგა თავისი საქმის უბადლო პროფესიონალმა, დასავლეთში, კერძოდ, ქუთაისში ყველასთვის ცნობილმა და საყვარელმა ქალბატონმა მარინა ტყაბლაძემ. მისი თავდადებითა და სიყვარულით შეიქმნა სივრცე, რომელიც დღესაც ქართული ტრადიციების, ეროვნული ფასეულობებისა და ახალგაზრდების აღზრდის მნიშვნელოვან კერად რჩება. დაახლოებით 10 წლის წინ ქალბატონმა მარინამ მე და ჩემს მეუღლეს, იაკო ლაღაძეს, სტუდიაში ქორეოგრაფებად მუშაობა გვანდო, ხოლო ბოლო 5 წლის წინ სტუდიის ხელმძღვანელობა ჩვენ ჩაგვაბარა. ეს ჩვენთვის უდიდესი ნდობის გამოხატულება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. რისთვისაც მისი მადლიერები ვართ.

"ამბიონი“ ეპარქიასთან არსებული სტუდიაა და განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს მხარდაჭერა. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი ძალა და მოტივაციაა. სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით ვახორციელებთ მრავალ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, კულტურულ და საქველმოქმედო საქმიანობას, ვზრდით მომავალ თაობებს ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებით. ვუნერგავთ სამშობლოს, ტრადიციებისა და სარწმუნოების სიყვარულს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ "ამბიონი“ ამ მისიის მონაწილეა და ემსახურება ახალგაზრდების სულიერ და კულტურულ აღზრდას. ჩემი მთავარი მიზანია, მომავალ თაობებს არა მხოლოდ ქართული ცეკვა ვასწავლო, არამედ ის ფასეულობები გადავცე, რომლებმაც თავად ჩამომაყალიბა - შრომისმოყვარეობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული, უფლის სიყვარული და ქართული ტრადიციების ერთგულება. მჯერა, რომ ქართული ცეკვა მხოლოდ ხელოვნება არ არის - ის ჩვენი ისტორიის, რწმენისა და ეროვნული სულის გამოხატულებაა.
- ახლა, როგორც მითხარით, ანსამბლში განსაკუთრებული პერიოდი გაქვთ, რას გულისხმობთ?
- ჩვენს სფეროში წლის დამამთავრებელ, ბოლო თვეს "შეკრებას“ (ან როგორც ხშირად ეძახიან, "ზბორებს“) ვუწოდებთ. ეს არის შემაჯამებელი პერიოდი. წლის განმავლობაში თუ კვირაში სამი დღე ვმუშაობთ, ამ დროს ყოველდღიურ რეპეტიციებზე გადავდივართ. ეს არის თავდაუზოგავი შრომის, ახალი ცეკვების აწყობისა და სრული მობილიზების თვე. ამ ინტენსიურ მუშაობას სულ სხვა შედეგი მოაქვს - ორშაბათს ნასწავლი ხუთშაბათს აღარავის ავიწყდება. ეს არის ერთგვარი დასკვნითი ეტაპი, სადაც მშობლებსაც ვიწვევთ, რათა საკუთარი თვალით ნახონ, მათმა შვილებმა წლის განმავლობაში რა ისწავლეს. დარბაზი ეპარქიის შენობაში გვაქვს...

- ე.ი. 2015 წლიდან მუშაობთ ამ ანსამბლთან...
- დიახ და როგორც გითხარით, ანსამბლის ისტორია უფრო ადრე დაიწყო, ხოლო 2015 წელს ქალბატონმა მარინამ მე და ჩემს მეუღლეს შემოგვთავაზა ამ ანსამბლში ქორეოგრაფებად მუშაობა. იაკო - ჩემი მეუღლე, მაშინაც და ახლაც ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოქმედი მოცეკვავეა. მაშინ ცოლ-ქმარი არ ვიყავით, ვმეგობრობდით და ჩვენი სიყვარულის ამბავიც იქიდან დაიწყო. იაკომ მითხრა: "ვიცი, ქართული ფოლკლორის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია, ჰოდა, მოვსინჯოთ, მარტო არ წავალო“. მივედით ქალბატონ მარინასთან და მუშაობა დავიწყეთ. ხუთი წლის წინ კი, ოჯახური პირობების გამო, ქალბატონმა მარინამ ჩვენ გადმოგვაბარა ანსამბლის ხელმძღვანელობაც და ქორეოგრაფობაც.
- ვიდრე "ამბიონში“ დაიწყებდით მუშაობას, თქვენი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაგიტარებიათ. როგორ მოხვდით ამერიკაში?
- 2002 წელს წავედი საქართველოდან და 2013-ში დავბრუნდი, სრულად 11 წელი ვიყავი შტატებში. როგორც უკვე ვთქვი, ცეკვა 6 წლისამ დავიწყე და 21 წლამდე აქტიურად ვცეკვავდი ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში. ჩემი უდიდესი ოცნება იყო სუხიშვილებში მეცეკვა. 2001 წელს თბილისში, ფილარმონიაში ვნახე მათი ახალი ცეკვა "ზეკარი“. ისეთი უცხო, ინოვაციური და განსხვავებული იყო, გადავწყვიტე - ეს უნდა ვიცეკვო-მეთქი! მაგრამ რეალობა სხვა იყო: 90-იანები ახალი გადავლილი იყო, ოჯახს ძალიან უჭირდა. მამა ემიგრაციაში იყო, დედა აქ წელებზე ფეხს იდგამდა, რომ შვილებს ლუკმა-პური ჰქონოდათ. ამიტომ, ვიცოდი, რომ თბილისში ჩემს რჩენას ოჯახი ფინანსურად ვერ შეძლებდა. არც კი მიცდია დასში მისვლა, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ სახსრები არ გვყოფნიდა. ამ უსახსრობამ და გულისტკენამ გადამაწყვეტინა, ერთ-ერთ გასტროლზე წავსულიყავი და იქ დავრჩენილიყავი... დედაჩემი დღესაც მეუბნება, რომ არ წასულიყავი, ალბათ მთელ დასავლეთ საქართველოში საუკეთესო ანსამბლი გეყოლებოდაო.
- როგორი იყო ამერიკული ცხოვრება?
- ძალიან რთული. ჩავედი ქვეყანაში, სადაც არავინ ხარ, არავის სჭირდები და ენა არ იცი. ენის არცოდნა - ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. წელიწადნახევარში კი ვისწავლე, მაგრამ მანამდე კომუნიკაციას ვერ ვამყარებდი და ამან უკან ძალიან დამხია.
ჩემი ამერიკული ცხოვრება ასე იყო - ხან ძირს ვიყავი, ხან - მწვერვალზე. ყოფილა პერიოდი, ოთხი თვე მეტროში მიცხოვრია, მანჰეტენიდან ბრუკლინში დავდიოდი მატარებლით, რომ ღამე სადმე გამეთია. ყოფილა პერიოდი, ატლანტიკ-სიტის (ნიუ-ჯერსის კაზინოების ქალაქის) უძვირფასეს ლუქსშიც ვწოლილვარ და ერთი თითის დაჭერით ყველაფერი მქონია. პირველი წელიწადნახევარი ოჰაიოში ვიყავი, ბოლო ცხრა წელი - ნიუ-იორკში. ამერიკაში ცხოვრებამ ის დამანახა, რომ იქ ერთადერთი სიყვარული 100-დოლარიანზე დახატული ბენჯამინ ფრანკლინია. არავინ შენ წინაშე ვალდებული არ არის. ამ გამოცდილებამ "გამომჭედა“, ცხოვრება მასწავლა...
დღეს 45 წლის ასაკში ვამაყობ იმით, ვინც ვარ. თავზე არაფერი გადაგვდის, ჩვეულებრივი ოჯახიშვილები ვართ, მაგრამ დილის გათენება მიხარია. არ მეშინია ადამიანისთვის თვალებში ჩახედვის, რადგან ეს წლები ლამაზად, კაცურად და ქართულად ვიცხოვრე. არ ვიცი, რა არის ბოროტება და შური. ასმა კაცმაც რომ ზურგი შეაქციოს იმას, ვინც ამას იმსახურებს, მე მაინც ხელს გავუწვდი...

- ე.ი. საქართველოში დაბრუნებისთანავე ხელოვნებას დაუბრუნდით...
- არა, თავიდან ტურისტულ სფეროში ჩავები - სასტუმროები, ტურები... როცა წავედი, ბნელი და გაუბედურებული ქვეყანა დავტოვე. 2013 წელს რომ ჩამოვედი, ქვეყანაში ამდენი უცხოელი ტურისტი ვნახე, რომელთაც ჩვენი პატარა, ლამაზი ქვეყნის კულტურა აინტერესებდათ. ისე მესიამოვნა, მთელი გულით ჩავერთე ამ საქმეში. თუმცა, შინაგანი ხმა მაინც სულ ცეკვისკენ მიხმობდა.
- სოციალურ ქსელებში თქვენი და ბავშვების ვიდეოებს დიდი ნახვა და საოცარი გამოხმაურება აქვს. როგორ ახერხებთ, რომ ბავშვებიც ასე ჩართულები გყავთ?
- სიმართლე გითხრათ, სოციალურ ქსელებში აქტიური არ ვარ, ჩემი მეუღლე ხშირად მსაყვედურობს, ჩაიხედე, ნახე, ხალხი როგორ გეფერება და რას გწერსო. ბავშვებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს - ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი, როცა ქორეოგრაფმა გულო მიქაძემ, ბავშვების ჯგუფი ჩამაბარა. მაშინ მეც სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი და პარალელურად პატარებს ვასწავლიდი. ვინაიდან მათზე სულ ცოტათი უფროსი ვიყავი, მკაცრი მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი - უფრო უფროსი მეგობარი ვიყავი, რომელმაც მათზე მეტი ილეთი იცოდა. აი, იქიდან მოყოლებული ვიცი, რომ ბავშვს შიშით კი არა, სიყვარულითა და მოთმინებით უნდა მიუდგე.
დღევანდელი ბავშვები განსხვავებულები არიან, სულ ტელეფონებში სხედან. ხანდახან მე და იაკო ჩემს 8 წლის შვილს ვეკითხებით, ტელეფონში ესა თუ ის ფუნქცია როგორ ჩავრთოთო - ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულები არიან, მაგრამ ემოციურად ცოტა ჩაკეტილები. ქართულ ცეკვას კი ემოცია, ეშხი და სილამაზე სჭირდება. ამიტომ, ყველანაირ ხერხს მივმართავ, მეტაფორებით ველაპარაკები - არწივზე, ბეღურაზე, ყვავზე... ისტორიებს ვუყვები, ვაცინებ. პირველკლასელებთან მე და ჩემი მეუღლე ლამის გასართობი ცენტრი "ბასტი-ბუბუ“ გავხდეთ, ოღონდ კი, დარბაზი შეუყვარდეთ. მესამე წელს კი უკვე ჩემი ხმის ტემბრიც იციან, საყვედურსაც ხვდებიან და შიშის გარეშე, პატივისცემით მუშაობენ.
ფიზიკურად კი ვტვირთავ - მუცლის პრესები, ბუქნები, აზიდვები - საქმეს სჭირდება, მუხლი უნდა გაუმაგრდეთ. როცა უჭირთ და მაინც აკეთებენ, ვეუბნები: "ვაჟკაცი ხარ! ჯიგარი ხარ, გაუძელი!“ სულ ვუმეორებ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი იარაღი ნებისყოფაა. თუ ნებისყოფა და ღვთის რწმენა გექნება, ცხოვრებაში ვერავინ მოგერევა.
- თქვენ ვიდეოებში, რომელიც სოციალურ ქსელშია ატვირთული, კარგად ჩანს თქვენი ხასიათი...
- ჩემი მეუღლე ფარულად დამდევს ხოლმე კამერით. იმდენად ვარ კონცენტრირებული ბავშვზე, მის ფეხზე, ხელზე, გამოხედვაზე, რომ გარშემო ვერაფერს ვხედავ. სადღაც ამ დროს შეიძლება ნერვებიც მომეშალოს, მაგრამ ეს ყვირილი კი არა, გულისწყვეტაა - მინდა, რომ ბავშვმა ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. ამხელა ენერგიის ცეკვას ვასწავლი, ხომ არ ვქსოვ, ემოციის გარეშე როგორ გამოვა-მეთქი?!.
ზოგჯერ რეპეტიციაზე ხმამაღალი ტონი გვჭირდება, რადგან მუსიკაში ბავშვს უნდა გააგონო, რომ ფეხი გაჭიმოს ან მოძრაობა შეასრულოს. მუსიკა რომ გაითიშება, იმავე ტემპში აგრძელებ ლაპარაკს და ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ბავშვებს უყვირისო. ამაზე ფსიქოლოგებმაც დაწერეს ამაზე... მაგრამ ბავშვებმა იციან, რომ ეს ყვირილი მათთვის შეურაცხყოფა არ არის. მე მათ სიყვარულით ვასწავლი. თუ შენიშვნას ვაძლევ, ვეტყვი ხოლმე: "კენგურუ“, "სველო წიწილავ-მეთქი“ - რომ გაეცინოთ... მე მათ არ ვსჯი და არც ჯოხს ვურტყამ, მაგრამ დისციპლინა აუცილებელია. შესვენებაზე კი სრულ თავისუფლებას ვაძლევ, მთავარია, ერთმანეთი არ დააშავონ, რადგან ძალიან ცელქები არიან. ეს არის სითბო და საქმის სიყვარული. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, სადაც ერთმანეთის გატანა, გვერდში დგომა და ერთობა გვიყვარს.
- არ არის მარტივი პროფესია.
- რთულია - 6 წლიდან ზრდი ბავშვს, "გამოთლი“ და მერე თინეიჯერობისას მიდის, სხვა პროფესიას ირჩევს. ვერ ეტყვი, არ წახვიდეო, ღმერთმა ყველა ჯანმრთელ გზაზე დააყენოს. მაგრამ სანამ ჩემთან არიან, მინდა მარტო მოცეკვავეები კი არა, კარგი ადამიანები გაიზარდონ. ქართული ცეკვა საქართველოს სავიზიტო ბარათია. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში რომ ჩავდიოდით, პატარა ელჩებივით ვიყავით - ჩვენს კულტურას ვაცნობდით მსოფლიოს. თუ მაგარი მოცეკვავე ხარ და ადამიანად არ ვარგიხარ, ქალის, მშობლისა და უფროსის პატივისცემა არ იცი, ის ცეკვა არაფერია. ეს საქმე ჩემთვის ფულის შოვნის წყარო არ არის - ეს ჩემი ერის სიძლიერე და ტრადიციაა. კოსმოსში, გაგზავნილ ჩანაწერებს შორის, ხომ არის "ჩაკრულო“? ეს იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა ღვთისგან ნაბოძები უდიდესი სიმდიდრეა და მას გაფრთხილება სჭირდება.
- ქუთაისის გარეშე სხვაგან ვერ ვიცხოვრებო, მითხარით...
- ჩემი ქალაქი ისე მიყვარს, სხვაგან ვერ გავძლებ. მირჩევნია, ჩემს ქუთაისში ვიყო, საცობების გარეშე. ჩემი ქუთაისი, მისი თეთრი ხიდი, ხარების ეკლესია, ტელემანის ქუჩა - ყველაფერს მირჩევნია. აქ ის სითბოა, მეზობლობა და ნათესაობა, რაც სხვაგან არსად მეგულება... ამერიკაში მშობელი ელოდება, შვილი 18 წლის როდის გახდება, რომ მისი ოთახი გაათავისუფლოს. მერე ის შვილი თავის გზაზე მიდის და მოხუცებულთა თავშესაფარში ისე კვდებიან მშობლები, შვილი ერთხელაც არ ნახულობს. ჩვენ სხვა ფასეულობები გვაქვს... ჩვენნაირი თბილი ერი არსად არის. უცხოსაც რომ დაუძახო, ღვინოსა და პურს გაგიყოფს.
- და ბოლოს თქვენი საფირმო იუმორი... ამბობენ, იუმორის კუთხით "სუსტი“ ქუთაისელი ბუნებაში არ არსებობსო, მართალია?
- (იცინის) კი ბატონო, ასეა! ქუთაისი და იუმორი განუყოფელია. რა ვიცი, ალბათ სისხლში გვაქვს. ხუმრობაც განსხვავებული გვაქვს და იუმორის ატანაც შეგვიძლია. მთავარია, ყველაფერი ტკბილად და გემრიელად თქვა. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რას იტყვი, არამედ იმას - როგორ იტყვი... ეს იუმორი დარბაზშიც ძალიან მეხმარება. ბავშვებთან ურთიერთობა სიყვარულისა და ხალისის გარეშე წარმოუდგენელია. როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, ეს უდიდეს ძალას გაძლევს. მე მართლა მგონია, რომ ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობს, რადგან ყოველდღე იმას ვაკეთებ, რაც მთელი გულით მიყვარს.