მარიამ ბრეგვაძე, რომელიც საფრანგეთში გამზრდელ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.
- მარიამ, თქვენი ბიოგრაფიით დავიწყოთ, რა იცით თქვენს გაშვილებაზე?
- დედაჩემმა და მამაჩემმა ნუცუბიძის ბავშვთა სახლიდან მიშვილეს. ხუთი თვის ვყოფილვარ მაშინ. გამზრდელი დედა ამბობს, 1987 წლის ნოემბერში წამოგიყვანეთო. ვინც დედას დაეხმარა ჩემს შვილებაში, მას ბევრჯერ სხვადასხვა გზით მივმართე, მაგრამ მითხრა, უმადური და დაუნახავი ხარ, დედამ და მამამ ყველაფერი მოგცეს და შენ მაინც გინდა ის იპოვო, ვინც ნაგავში გადაგაგდოო. ამ ქალის ქმარი ნუცუბიძის ბავშვთა სახლის მაშინდელ დირექტორთან მეგობრობდა.ჩემები იმერეთში ცხოვრობდნენ, შვილი არ ჰყავდათ. ბაბუაჩემის გარდაცვალების დროს მამას უთხრეს, რატომ არ გინდა ბავშვი აიყვანო, გაზრდი და შენი შვილი იქნებაო. ასე დაიყოლიეს. შუამავალი ქალი დაჰპირდა, ბავშვი ქართველი და კარგი ოჯახისშვილი იქნებაო. სხვათა შორის, მამიდადაც მეკუთვნის, ვისზეც ახლა ვსაუბრობ.
რაღაც დღესასწაული იყო იმ დღეს, ჩემს გამზრდელ დედ-მამას მოუვიდათ თბილისიდან დეპეშა, ქართველი ბავშვი მოიყვანეს ბავშვთა სახლში, კარგი ოჯახისშვილია, დიდხანს ვერ შეგინახავთ, სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთო. ისინიც თბილისში ჩავიდნენ.
ვერსია ასეთია: ჩემი ბიოლოგიური დედა ძალიან ცდილობდა არ მივეტოვებინე, მაგრამ მშობლებს, რომლებიც ცნობილ ადამიანებად ითვლებოდნენ, არ უნდოდათ ოჯახის შერცხვენა და მოითხოვდნენ, ბავშვი მიეტოვებინა. ხუთი თვე თურმე ჩემთან ერთად სად აღარ იცხოვრა, თუმცა მამამისი სულ უთვლიდა, მიატოვე, თორემ არ მოგიშვებ სახლშიო. ასე აიძულეს ბავშვთა სახლში დავეტოვებინე. როგორც ვიცი, იმხანად ჯანმრთელობის პრობლემაც მქონდა, მან ასეთი არჩევანი გააკეთა, ან უნდა მეცოცხლა, ან რისკის ქვეშ იქნებოდა ჩემი სიცოცხლე, რადგან არ ჰქონდა ექიმთან მიყვანის და ჩემი შენახვის საშუალება. მალევე გამოჩნდნენ ჩემი ახალი მშობლები. მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი მშობლები მყავს და კარგ პირობებში გამზარდეს.
- როდის გაიგეთ, ნაშვილები რომ იყავით?
- 13 წლის ვიყავი, დედაჩემის დაქალმა მითხრა, ბავშვთა სახლიდან რომ მოჰყავდით, გამოსამშვიდობებლად შენი ბიოლოგიური დედაც იქ იყოო. ჩემები რომ მისულან, მათთვის უთქვამთ, ჯერ არ შეხვიდეთ ოთახში, დედა ემშვიდობებაო. ჩემი გამზრდელი დედა მაინც შესულა... მოგვიანებით დედაჩემმა მიამბო, რომ მომაწოდა ბავშვი, ტიროდა და მითხრა, დეიდა, მე შვილს არ წაგართმევთ, უბრალოდ, გთხოვთ, ძალიან მინდა მუსიკაზე ატაროთო. ეს მთხოვა და წავიდაო. მის მერე აღარავის უნახავს. ეს ამბავი ლეგენდაა თუ ნამდვილი, არ ვიცი.

13 წლისას სკოლაში წამომაძახეს, ნაშვილები ხარო. ჩანახატებს, ლექსებს ვწერდი და ქართულის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩემთვის საღამო გაემართა, რადგან ძალიან მოსწონდა ჩემი ჩანახატები. მაშინ ითქვა ასეთი ფრაზა, როგორ არ იქნება ნიჭიერი, მაგას არ იცით, როგორი მშობლები ჰყავსო? დედაჩემი და მამაჩემი გამორჩეული ხალხი არ არიან. მამას რესტორანი ჰქონდა, დედა ექთანი იყო, იმას არ ვამბობ, რამით ვინმეზე ნაკლები იყვნენ, მაგრამ გამორჩეული ადამიანის შვილიაო, მათზე არავინ იტყოდა.
ნაშვილებოო, ყველა ასე მეძახდა. არადა, იმ დროს ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდი. ის საღამო მარტო ვიყავი სახლში და ძალიან რთული იყო ჩემთვის - უცებ ყველაფერი გემხობა თავზე, ვეღარ იაზრებ, ვინ ხარ, ძალიან რთულია, მაგრამ მე მტკიცე ნებისყოფა მაქვს და დედ-მამისთვის არაფერი მითქვამს. მერე თვითონ იმ მეგობარმა ქალმა უთხრა დედას, შენმა შვილმა გაიგო, ნაშვილები რომ არისო. დედაჩემის პირველი სიტყვები იყო, უნამუსო და უმადური ხარ, როგორ კითხულობ, ვინ ხარ, ვინც გაგზარდეთ, ისინი ვართ შენი მშობლებიო. დედას ვთხოვე, ეთქვა სიმართლე, თუ შენ არ მეუბნები, მამაჩემს ვკითხავ-მეთქი. მაშინ მითხრა, თამარ ლეკიშვილი ხარ, ასე ეწერა შენს საბუთებშიო. ახლა მარიამ ბრეგვაძე ვარ. გააგრძელეთ კითხვა