დღეს ტექნოლოგიური სექტორი ერთ-ერთი იშვიათი ინდუსტრიაა, სადაც დამსაქმებელს პრაქტიკული უნარები და ცოდნა მეტად აინტერესებს, ვიდრე დიპლომი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამის სწორად შერჩევის შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია.
IT სფერო იდეალურია სტუდენტებისთვის, რადგან კომპანიების უმრავლესობა არ ითხოვს დასრულებულ უმაღლეს განათლებას. მთავარია, შეგეძლოთ კოდის წერა, სისტემის გატესტვა ან დიზაინის შექმნა. გარდა ამისა, ტექნოლოგიურ სექტორში სტანდარტად იქცა მოქნილი გრაფიკი, ჰიბრიდული ან სრულად დისტანციური სამუშაო გარემო და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა, რაც ლექციებთან შეთავსების საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანი პლუსია ისიც, რომ სხვა სფეროებისგან განსხვავებით, აქ სტაჟირება უმეტესწილად ანაზღაურებადია, რაც დამატებითი ფინანსური სტიმულია.
გამოცდილების არმქონე კანდიდატებისთვის რამდენიმე საუკეთესო სასტარტო პოზიცია არსებობს. მაგალითად, მანუალური ტესტირება არ მოითხოვს პროგრამირების ღრმა ცოდნას და მეტად ორიენტირებულია დეტალებსა და ლოგიკურ აზროვნებაზე. ასევე კარგი სტარტია ტექნიკური მხარდაჭერა, სადაც მომხმარებლებთან კომუნიკაციას და სისტემების პრაქტიკულ მუშაობას სწავლობენ.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ეს, ერთი მხრივ, გულისხმობს თანამედროვე და მუდმივად განახლებადი საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზებას, მეორე მხრივ კი, დასაქმების მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ნანუკა ჩაჩიბაიას განმარტებით, BTU-ს სტუდენტების ნაწილი დასაქმებას სწავლის საწყის ეტაპზევე იწყებს, თუმცა სპეციალობასთან დაკავშირებულ პოზიციებზე დასაქმება უფრო ხშირად მეორე კურსიდან იწყება და განსაკუთრებით აქტიური ხდება მესამე-მეოთხე კურსებზე, როდესაც სტუდენტებს უკვე აქვთ შესაბამისი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიულ გარემოში ჩართვის მზაობა.
„ჩვენი კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქტიურად უჭერს მხარს კარიერული დაგეგმვისა და დასაქმების პროცესში. ცენტრი რეგულარულად ავრცელებს სტაჟირებისა და ვაკანსიების შესაძლებლობებს, აწყობს დასაქმების ფორუმებს, კომპანიებთან შეხვედრებსა და კარიერულ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ BTU-ს ჰყავს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას დაამყარონ პროფესიული კონტაქტები, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, სტაჟირებასა და პრაქტიკულ აქტივობებში. ეს თანამშრომლობები სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოსთან აკავშირებს და მნიშვნელოვნად ზრდის მათი დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ცენტრი სტუდენტებს ეხმარება პერსონალური ბრენდის შექმნაში, CV-ისა და LinkedIn-ის პროფილის გაუმჯობესებაში, გასაუბრებისთვის მომზადებაში და ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციის მიღებაში. დამსაქმებელ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის გზით, კარიერული განვითარების ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებასა და შრომით ბაზარზე ინტეგრაციას,“ - განმარტავს ნანუკა ჩაჩიბაია.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ნანუკა აღნიშნავს, რომ თანამედროვე დასაქმების ბაზარზე წარმატებისთვის მხოლოდ პროფესიული და ტექნიკური ცოდნა აღარ არის საკმარისი. დამსაქმებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ისეთ უნარებს, როგორიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კრეატიულობა, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ლიდერობა, ადაპტაციის უნარი, ტექნოლოგიური წიგნიერება, AI ინსტრუმენტებისა და მონაცემების გამოყენება, ასევე უწყვეტი სწავლისა და თვითგანვითარების მზაობა. ამასთან, იზრდება მოთხოვნა ინტერდისციპლინურ კომპეტენციებზე - სხვადასხვა სფეროს ცოდნის, ტექნოლოგიური, ბიზნესისა და კომუნიკაციური უნარების ერთმანეთთან დაკავშირებისა და კომპლექსური გამოწვევების მრავალმხრივი ხედვით გადაჭრის შესაძლებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ BTU-ში IT მიმართულების სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 85%-ს შეადგენს. სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში იწყებს მუშაობას, განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების, AI-ისა და ტექნოლოგიური პროექტების მიმართულებით.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით, 2030 წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი უნარების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რბილი და ინტერდისციპლინური უნარები იქნება, რაც კანდიდატებისთვის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას შექმნის.
R