რუსეთში პოლიტიკური რეპრესიები ახალ ფაზაში გადადის. მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციური პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარის მოადგილეს და მოსკოვის საქალაქო დუმის ყოფილ დეპუტატს, მაქსიმ კრუგლოვს, უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ორი სოციალური პოსტის გამო მიესაჯა, რომლებსაც ხელისუფლება "სამხედრო ფეიკებად" მიიჩნევს.
მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლომ მაქსიმ კრუგლოვი დამნაშავედ ცნო "სამხედრო ფეიკების" გავრცელებაში და მას 7-წლიანი პატიმრობა საერთო რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ პროკურორი იულია გუზნიაევა მისთვის 8 წელს ითხოვდა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსის ქმედებაში იკვეთებოდა "პოლიტიკური სიძულვილის" მოტივი, რაც სასჯელს კიდევ უფრო ამძიმებს.
პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული ორი პოსტი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოსტები სამ წელზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნდა, სამართალდამცავებმა კრუგლოვი მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.
მაქსიმ კრუგლოვი პარტია "იაბლოკოს" 17 წლის ასაკიდან შეუერთდა. ის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია და 2019 წელს მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატად აირჩიეს, სადაც ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. დეპუტატობის პერიოდში ის აქტიურად აკრიტიკებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს.