ვენესუელაში მომხდარი ორი მძლავრი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 235 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 4 300-ს აჭარბებს. მაშველები ამ წუთებშიც ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას, რომელთა ხმაც ჩამონგრეული შენობების ქვეშიდან ისმის.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, პირველ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგს რამდენიმე წამში კიდევ უფრო ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. ორივე მათგანი დედამიწის ზედაპირთან საკმაოდ ახლოს მოხდა (პირველი 20.3 კმ-ის, ხოლო მეორე 10 კმ-ის სიღრმეზე), რამაც ნგრევის მასშტაბები გააორმაგა.

ტრაგედია ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 18:04 საათზე მოხდა. ვინაიდან ვენესუელაში უქმე დღე იყო, მოსახლეობის უმრავლესობა სახლში იმყოფებოდა, რამაც მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დედაქალაქ კარაკასსა და სანაპირო ქალაქ ლა-გუაირაში. ლა-გუაირაში 10-სართულიანი სასტუმრო სრულად ნანგრევებად იქცა, კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა კი ქალაქ ტუკაკასში ჩამოინგრა. ჯამში, დაზიანებული ან სრულად განადგურებულია 250-ზე მეტი შენობა.
“ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რაც კი ოდესმე მიგრძვნია. მეგონა, შენობა თავზე დამენგრეოდა“, - იხსენებს კარაკასის მცხოვრები.
ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ნაწილი კი ღამეს ქუჩაში ათევს, რადგან დაზიანებულ სახლებში დაბრუნების ეშინიათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ვენესუელას სწრაფი დახმარება აღმოუჩინოს და ქვეყანას უკვე დაჰპირდა 150 მილიონ დოლარს. აშშ-ის სამხედრო ფლოტი და ავიაცია რეგიონში სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის.
დახმარების სურვილი ასევე გამოთქვეს მექსიკამ, ყატარმა, სალვადორმა და დომინიკელთა რესპუბლიკამ.

სპეციალისტების პროგნოზი საკმაოდ მძიმეა. USGS-ის ვარაუდით, არსებობს 42%-იანი შანსი, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბოს, ხოლო 33%-იანი შანსით მსხვერპლი შესაძლოა 100 000-მდე გაიზარდოს. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ქვეყანაში შეფერხებულია ინტერნეტისა და ელექტროენერგიის მიწოდება, რაც რეალური ზიანის შეფასებას აფერხებს. სერიოზული დაზიანების გამო დაიხურა ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტიც.
ეს ვენესუელაში 1900 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ბოლოს მსგავსი ტრაგედია კარაკასში 1967 წელს მოხდა, რასაც მაშინ 200 ადამიანი ემსხვერპლა.
იხილეთ ასევე: