ავტორი:

როგორ გეგმავს პუტინი ცხინვალის ანექსიას, "ანექსიის" გარეშე: "გზავნიან წმინდა წყლის რუს გუბერნატორს... ახლა მოხდება იქაური მოსახლეობის "გავძეხ რეჟიმში" ყოფნა"

როგორ გეგმავს პუტინი ცხინვალის ანექსიას, "ანექსიის" გარეშე: "გზავნიან წმინდა წყლის რუს გუბერნატორს... ახლა მოხდება იქაური მოსახლეობის "გავძეხ რეჟიმში" ყოფნა"

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. კრემლმა ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულება გამოაქვეყნა.

"გუშინ რუსეთის პრეზიდენტს შევხვდი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობა შემომთავაზა. მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, - განაცხადა გაგლოევმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი კრემლში დაიბარა. ეს 9 მაისის შემდეგ გაგლოევის უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში, რაც საქართველოს ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, რეგიონზე რუსეთის კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. 9 მაისს ალან გაგლოევმა ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა „ხელშეკრულებას სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, რომელიც გულისხმობს „კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“.

კრემლში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელად მოსკოვთან დაახლოებული კადრის - მარატ კამბოლოვის დანიშვნა, რის გამოც კრიტიკოსები საუბრობენ, რომ ოკუპაციის შემდეგ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს.

ექსპერტების განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე უფრო და უფრო მეტად ძლიერდება რუსული გავლენა და ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის ახალ ეტაპზე გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოველდღიურად უფრო მეტად ზიანდება. რა მიზანი აქვს კრემლს, ელის თუ არა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ოფიციალურად ანექსია და რა მართებს საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ვითარებაში, ამ საკითხებზე AMBEBI.GE-ს პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

- როგორც ამბობენ, რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის ემზადება. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ კრემლიდან წამოსული ამ ტიპის საფრთხე? რატომ ახლა, ეს თემა ყურადღების გადატანას ხომ არ ემსახურება უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის ფონზე?

- რა თქმა უნდა, რეალურ საფრთხეს ვხედავ. რუსეთი თანდათანობით ახორციელებს მცოცავ ანექსიას და ნელ-ნელა ითვისებს სიტუაციას. მას შეუძლია ერთბაშად ისე გააკეთოს, როგორც ყირიმში მოიქცა - მაგ. რუსეთს ანექსია თუ მოუნდა, მას დასჭირდება უკანონო რეფერენდუმი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას (როგორც ყირიმში არ შეესაბამებოდა უკრაინის კანონმდებლობას), ჩაატარებს რაღაც "ფეიკ" რეფერენდუმს, დააფიქსირებს ხალხის ნებას და შემდეგ ამ რეფერენდუმის საფუძველზე მიიერთებს ტერიტორიას. ბიბილოვს ამის გაკეთება უნდოდა თავის დროზე, როცა ის გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი, ის ამით მოვიდა. მერე მეორედ არჩევა რომ მოინდომა, რეფერენდუმის დღეც კი დანიშნა, მაგრამ გაგლოევმა გაიმარჯვა და მას რუსეთმა მაშინვე მოსთხოვა რეფერენდუმის დღე გაეუქმებინა. მაშინ რუსეთს არ აწყობდა რეფერენდუმი და დღემდე აღარ ლაპარაკობენ რეფერენდუმზე. რატომ დღეს? - იმიტომ, რომ როგორც ჩანს, რუსეთს არ სჭირდება ცხინვალის რეგიონის ოფიციალური, პირდაპირი მიერთება, რადგან საქართველოს გაანაწყენებს. როგორც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ფრთხილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ასევე რუსეთს აქვს ფრთხილი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან კარგად იცის, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია რუსეთი და ამიტომ ამით შეიძლება პრობლემები შეუქმნას ივანიშვილის მმართველობას.

ახლა იქნება ანექსია ანექსიის გარეშე, ანუ ანექსია მიერთების გარეშე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მაქსიმალურად ჩართვა რუსულ რეალობაში, როცა უკვე რუსი ჩინოვნიკები მართავენ სიტუაციას. პუტინს აფხაზეთში გაუჭირდებოდა ის, რაც ცხინვალთან არ გაუჭირდა - გაგლოევმა ხელი მოაწერა 9 მაისის ხელშეკრულებას და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აიძულა, რომ ამიერიდან ცხინვალში რუსეთიდან დაინიშნოს პირველი პირები, ჩინოვნიკები. ეს არც არასდროს ყოფილა პრობლემა, მაგრამ ახლა ეს ხელშეკრულებით დააკანონა. ეს სიახლეა და, შესაბამისად, ამ ფონზე რუსეთს უნდა მაქსიმალურად ძვირად დაუჯდეს საქართველოს მომავალ ხელისუფლებას ცხინვალთან ურთიერთობები, ანუ თუ ივანიშვილი და პოლიტიკა შეიცვლება, საქართველოს ცხინვალში დახვდეს გართულებული პირობები, როგორიც ახლაა.

2. ცხინვალში მუდმივად არის საშინელი კორუფცია, იქ რუსული ფული მიდის და იკარგება, ვიღაცების ჯიბეებში ილექება, რაც საზოგადოებაში იწვევს უკმაყოფილებას ყველა იმ მმართველის მიმართ, ვინც აქამდე იყო. ამასთან, უკვე აუტანელი ვითარებაა უკრაინაში, რუსეთი პოზიციებს აგებს, ზოგადად აგებს კავკასიაშიც - აზერბაიჯანი აღარაა პრორუსული, სომხეთი მისგან დისტანცირებას ახდენს, უფრო მეტად უმეგობრდება აზერბაიჯანს, თურქეთსა და ევროპას, საქართველოს არავითარი ინსტიტუციური და დიპლომატიური ბმა არ აქვს რუსეთთან, არც ODKP-ს წევრია, ყველაზე სასაცილო და უსუსური „3+3 ფორმატიც“ ჩაიშალა... ერთადერთი ბმა, რაც რუსეთს საქართველოსთან აქვს ესაა ორი სიტყვა - ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილს რამე რომ მოუვიდეს, მორჩა, რუსეთი კარგავს საქართველოს. ამიტომ ახლა რუსეთი აქ გავლენების გასაძლიერებლად ძლიერი რგოლის - ცხინვალის გამოყენებას ცდილობს.

- აფხაზეთში რატომ ვერ გამოუვა რუსეთს ის, რასაც ცხინვალის რეგიონში ცდილობს?

- რომ გამოსდიოდეს, გააკეთებდა, ასევე მოაწერდა ხელს მათთან ხელშეკრულებას. იქ შეიძლება გამოუვიდეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც მარტში ჩატარდება. ახლა აფხაზეთის საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ წავა, ნახეთ, მანდ ოპოზიციონერი კვარჩია რეებს აკეთებს, როგორი წინააღმდეგია, როგორ გაყარეს რუსი ტექნოლოგები, რომლებიც არჩევნებში ერეოდნენ... აფხაზეთში შედარებით რთულადაა საქმე, ვიდრე ცხინვალში. აფხაზეთში პრეზიდენტიც მათია, საკრებულოც და ა.შ. ახლა დარჩა პარლამენტი და იქ თუ რუსეთს შანსი გაუჩნდა, მაშინ უკვე საფრთხე რეალური იქნება. ცხინვალის რეგიონში მომწიფდა სიტუაცია (რუსეთი ამწიფებს სიტუაციას შემოვლითი გზებით - იქ ჩადიან, ეფერებიან, რაღაცეებს აძლევენ...), რომ რუსეთმა მოწყვიტოს ეს ხილი ანექსიის სახით, აფხაზეთში - არა. ცხინვალში მთელი დე ფაქტო პარლამენტი პრორუსულია, კაციშვილი ხმას არ იღებს, ასე რომ, რუსეთი ახდენს არაფორმალურ ანექსიას და როცა კი დასჭირდება, უცებ გახდება ფორმალური

- ვინ არის მარატ კამბოლოვი, რა უნარებით გამოირჩევა ახალი ლიდერი?

- კამბოლოვი ძალიან მაღალი დონის ჩინოვნიკია, ამ პროვინციაში რა უნდა? ის რუსეთის ეროვნულ კვლევით ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტის“ დირექტორი იყო, ეს სახუმარო საქმე არაა, ეს განსაკუთრებულად ძლიერი და სერიოზული სამხედრო ინსტიტუტია. მანამდე ის რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. მარატ კამბოლოვს რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა წლებში მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ეროვნებებისა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროში.

კამბოლოვს ასევე აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის, საინვესტიციო განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების მართვის საკითხებში. ასე რომ, ის იქნება წმინდა წყლის რუსი გუბერნატორი, რომელიც არ დაუშვებს კორუფციას, ხალხს დააკმაყოფილებენ, ხალხი ბედნიერი იქნება და შემდეგი ნაბიჯი უფრო იოლად მისაღწევი გახდება, თუნდაც რეფერენდუმში მონაწილეობა. კორუფცია და კორუფციული ხვრელები თუ იქნებოდა, ხალხი იტყოდა, რა გვინდა რუსეთში, სადაც შიმშილით ვკვდებით? ამიტომ ახლა მოხდება ცხინვალის მოსახლეობის "გავძეხ რეჟიმში" ყოფნა. მათი დიდი ნაწილი მაინც საქართველოსკენ იყურება - აქ ჩამოდიან, ვაჭრობენ, მკურნალობენ, ხარჯავენ... ისინი აშკარად ხედავენ, რომ რუსეთი არაა ის სივრცე, სადაც ღირსეულად იცხოვრებენ და საქართველოზე არიან მობმულები. შეგვიძლია შევამოწმოთ, რამდენი ადამიანი ჩამოდის აქ სამკურნალოდ და არ გამოვრიცხავ, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, მათ რაღაც პროგრამები შეუქმნან ცხინვალში, ან ვლადიკავკაზში და იქ იარონ.

კამბოლოვი და პუტინი

- "ქართულ ოცნებას" ფაქტზე ოფიციალური შეფასება ჯერ არ გაუკეთებია... როგორი იქნება პასუხი?

- "ქართული ოცნება“ არაფერს მოიმოქმედებს, რა უნდა მოიმოქმედოს? ჩვენ უკვე ვიცით, რა არის "ოცნება“, მას საქართველო კი არა, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება ადარდებს, თავის თავზე ფიქრობს, ამიტომ რა უნდა მოიმოქმედოს? „ოცნება“ თუ მიხვდა, რომ რუსეთმა ნამეტანი შეტოპა, პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაავალდებულებს პრემიერ მინისტრს, რომ დაიწყოს ცხინვალში პირველი პირების ამ ფორმით დანიშვნების წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლა, ანუ მთელი მსოფლიო უნდა ჩაერთოს ახლა იმაში, რომ რუსეთი ახორციელებს ანექსიის მორიგ ეტაპს. რუსეთი იტყვის, რომ არაფერი ანექსია ეს არაა, ის მაქსიმალურად ცდილობს, ანექსია ისე განახორციელოს, რომ არ ჩანდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ჩვენ რომ არ ვლაპარაკობთ, არც მსოფლიო ლაპარაკობს, ის ამბობს, აგერ, თქვენი ხელისუფლება ხმას არ იღებს და ჩვენ რა ვქნათ?

გაიხსენეთ, რამდენად აქტიური იყო სააკაშვილი - საკმარისი იყო რუსეთს აფხაზეთში 1 ცალი დრონი ჩამოეგდო, უცებ ხმაურს ატეხდა და შეყრიდა მსოფლიოს. როგორც კი სახელმწიფო აცხადებს, რომ სჭირდება დახმარება, თან სახელმწიფო, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე და ა.შ. დემოკრატიულ სამყაროს უფლება არ აქვს გაჩუმდეს. ისინი განცხადებებს რომ აკეთებენ და თუნდაც მეტს არაფერს, ეს აუცილებლად მუშაობს. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო ხმას არ ამოიღებს, ამიტომ იქცევა ასე თავხედურად და უფრო მეტად ზრდის ანექსიის დოზას, თორემ 9 მაისს რომ დაწყებულიყო ხმაური, ისინი ამდენს ვერ გაბედავდნენ. „ქართული ოცნების“ მთელი დანაშაულებრივი პოლიტიკა არის ის, რომ ქმნის ილუზიას, რომ რაც ხდება უკრაინაში, ეს უკრაინის პრობლემაა, ისევე, როგორც რაც მოხდა 2008 წელს, ეს საქართველოს და მაშინდელი ხელისუფლების პრობლემა იყო. წულუკიანის კომისიის მთავარი ამოცანა რა იყო? - რაც მოხდა, ის საქართველოს ბრალი იყო, სააკაშვილის გამო მოხდა ომში ჩართვა, თორემ რუსეთს არ უნდოდა ეს.

წულუკიანმა დაამტკიცა, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავენი. არადა, რუსეთის ინტერესებში იყო ომი და არა საქართველოსი. პაპუაშვილის განცხადება და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ უკრაინაში რაც ხდება, ეს „ნარკომანი ზელენსკის“ პრობლემაა, ჩვენთან რაც მოხდა 2008 წელს - „იდიოტი სააკაშვილის“, ასე რომ, რუსეთი ანგელოზია და დაანებეთ თავიო - დაახლოებით ეს მესიჯი აქვთ. ევროპამ ძალიან კარგად იცის, ვინაა რუსეთი დღეს უკრაინაში, მაგრამ ჩვენ რომ ხმას არ ვიღებთ, ამით ვარბილებთ რუსულ აგრესიას უკრაინის და ჩვენს წინააღმდეგაც. რუსეთმა ეს კარგად იცის და ამიტომ თავისუფლად მოქმედებს როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში. აფხაზმა ხალხმა წინააღმდეგობა თუ არ გაუწია, რუსებს იქ ყველაფერი გამოუვათ. რუსეთი იმას რომ ვერ ახორციელებს აფხაზეთში, რასაც ახორციელებს ცხინვალში, ეს აფხაზების დამსახურებაა და არა ჩვენი. შესაბამისად, ბრძოლას აქვს აზრი. აფხაზ ხალხს თუ შეუძლია წინააღმდეგობა გაწიოს და რუსეთი გააჩეროს, ჩვენც რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა და აფხაზებს მხარში ამოვუდგეთ, ათასჯერ მეტი შედეგი გვექნება. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამის ნება არაა, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა, მეტი არაფერი.

წაიკითხეთ ასევე: