საფრანგეთში სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლთა ჯგუფი ქვეყანაში მოქმედი ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს. მათი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა ბევრ დაზარალებულს სამართლიანობის მიღწევის შესაძლებლობას ართმევს, რადგან წლების შემდეგ საქმის გამოძიება უკვე შეუძლებელი ხდება.
ქალებს შორის არიან ისინიც, ვინც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ ამერიკელ ფინანსისტს ჯეფრი ეპშტეინს, მის ყოფილ ბიზნესპარტნიორსა და მოდელების სააგენტოს ხელმძღვანელს ჟან-ლუკ ბრუნელს, ასევე მილიარდერ ბიზნესმენს მოჰამედ ალ-ფაიედს.

საფრანგეთის მოქმედი კანონით, ზრდასრულ მსხვერპლს სექსუალური ძალადობის ან გაუპატიურების შესახებ სამართალდამცველებისთვის მიმართვა დანაშაულიდან 20 წლის განმავლობაში შეუძლია. თუ დანაშაულის დროს დაზარალებული არასრულწლოვანი იყო, ხანდაზმულობის ვადა 30 წელია.
კოლექტივის წევრები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა ბევრ მსხვერპლს აძლევს განცდას, თითქოს მათი საქმე მხოლოდ იმიტომ აღარ არის მნიშვნელოვანი, რომ დანაშაულიდან დიდი დრო გავიდა.
“გაუპატიურებას ვადა არ აქვს, ტრავმას ვადა არ აქვს,“ - განაცხადა კოლექტივის წევრმა თისია ჰუსიმანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ 18 წლის ასაკში პარიზში მოდელების აგენტმა ჟან-ლუკ ბრუნელმა გააუპატიურა.
ბრუნელი 2022 წელს პარიზის ლა სანტეს ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ის იმ დროს არასრულწლოვანთა გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე იყო ეჭვმიტანილი.
პრესკონფერენციაზე საკუთარი ისტორია გააზიარა BBC-ის ყოფილმა პროდიუსერმა ლიზა ბრინკვორთმაც. მისი თქმით, 1998 წელს, როდესაც BBC-ისთვის მოდის ინდუსტრიაზე ფარულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდა, Elite Model Management-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჟერალდ მარი მასზე სექსუალურად ძალადობდა.
ბრინკვორთმა პოლიციას მხოლოდ 2021 წელს მიმართა, თუმცა საფრანგეთის პროკურატურამ საქმე ვადის გასვლის გამო დახურა. მისი თქმით, ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ, დაადასტურა, რომ საქმის გაგრძელება კანონით შეუძლებელი იყო.
ყოფილი პროდიუსერი ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ BBC-ში ურჩიეს, მომხდარის შესახებ მაშინვე არ ეცნობებინა, რადგან ეს იმ დროისთვის მიმდინარე ძვირადღირებულ დოკუმენტურ პროექტს საფრთხეს შეუქმნიდა.