აღმოსავლეთ ანგოლაში, ლისიმას მაღალმთიან პლატოზე ჩატარებული ექსპედიციის ფარგლებში მკვლევრებმა მეცნიერებისთვის უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. ტერიტორია უკვე მოიხსენიება, როგორც “აფრიკის ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი ბიომრავალფეროვნების ცენტრი“.
ლისიმას პლატო უზარმაზარი ეკოსისტემაა, რომელიც კვებავს რამდენიმე მსხვილი მდინარის სისტემას, მათ შორის კონგოსა და ზამბეზის აუზებს.

უახლესი კვლევა, სახელწოდებით “კასაის სიცოცხლის ატლასი“, 16 აფრიკელი და საერთაშორისო მეცნიერის მონაწილეობით განხორციელდა. მათი თქმით, ეს პლატოს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დეტალური ბიოლოგიური აღწერაა და მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო მეტი ახალი სახეობის იდენტიფიცირებაა მოსალოდნელი.
აღმოჩენებს შორის არის უჩვეულო ობობა, რომელიც ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ლურჯად ანათებს, ასევე სხვა სახეობები, რომლებიც მტაცებლებისგან დაცვის მიზნით სხვა მწერების გარეგნობას იმეორებენ.

მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს ჭრიჭინებისა და პეპლების რამდენიმე აქამდე უცნობი სახეობა, მათ შორის ჯავშნიანი ჭრიჭინა.

მკვლევრების თქმით, ექსპედიცია რთულ პირობებში მიმდინარეობდა — წვიმიანი სეზონი, გაუმართავი ტექნიკა და ლოგისტიკური სირთულეები ხშირად აფერხებდა სამუშაო პროცესს.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რეგიონი განსაკუთრებულად მდიდარია ბიომრავალფეროვნებით და მისი შესწავლა გადამწყვეტია ეკოსისტემების დასაცავად.

სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე დიდი საფრთხე იმ სახეობებს ემუქრებათ, რომლებსაც ძალიან შეზღუდული ჰაბიტატი აქვთ ან სპეციფიკურ გარემო პირობებზე არიან დამოკიდებული, მათ შორის მტკნარი წყლის ხარისხზე, მცენარეულ საფარზე და ბუნებრივ ლანდშაფტზე.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომდევნო წლებში კვლევის შედეგები პლატოს უფრო ძლიერ დაცვას შეუწყობს ხელს. მათი თქმით, მიზანი მხოლოდ ახალი სახეობების აღწერა არ არის, მთავარი ამოცანა იმ ეკოსისტემების შენარჩუნებაა, რომელზეც ეს უნიკალური სიცოცხლეა დამოკიდებული.