ავტორი:

პრემიერ-მინისტრის ანგარიში - რა თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის გამოსვლისას

პრემიერ-მინისტრის ანგარიში - რა თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის გამოსვლისას

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

  • მისი თქმით, შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში და ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში.

"ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო ცვლილებებს და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მილიონი ლარი ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან 34 მილიონი ლარი, ჯამში ეს არის 101 მილიონი ლარი.

ეს არის ამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი რომელიც აცენებს თუ რამდენად არის შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. მთლიანობაში ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულ აღმოფხვრას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს.

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს, ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო რომ კორუფცია ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი.

"ციფრები არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, “პასებში ჰქონდა ხარვეზები” და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს.

მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის სუბიექტურად, არამედ რა ანგარიშით დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული ერთი წლის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.

პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები როგორც 5 წლის ჭრილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38,1, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საშუალო ზრდა გასული 5 წლის განმავლობაში შეადგენდა 9,3 პროცენტს.

"რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის მონაცემები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8,2 პროცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარდგენისას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

“განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. საანგარიშო პერიოდის გამავლობაში დასრულდა საუკუნის პროექტის, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რაც არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მთლიანობაში, ამ მაგისტრალის სიგრძე შეადგენს 52 კმ-ს. ეს არის 4 ზოლიანი მაგისტრალი. გაიჭრა 51 გვირაბი და აშენდა 97 ხიდი. თავადაც ხედავთ, რამდენად მასშტაბური იყო გაწეული სამუშაოები. შედეგად, 8 კმ-ით შემცირდა გადადგილების მანძილი და განახევრდა მგზავრობის დრო. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი. მთლიანობაში, დღემდე დასრულებული მაგისტრალის სიგრძემ შეადგინა 383 კმ. აქედან უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაბამისად მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 319 კმ-ს. მიმდინარე წელს უკვე გამოცხადდა 2.8 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების 91 ტენდერი გზების მიმართულებით. წლის ბოლომდე დაგეგმილია 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 120-მდე ტენდერის გამოცხადება.

გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. უნდა დასრულდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები, სამტრედიის ხიდი უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის. სამტრედია-გრიგოლეთის დარჩენილი 6 კმ-იანი მონაკვეთი ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კმ დასრულდება 2026 წლის ბოლომდე. ასევე, დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც თბილისისთვისაც მნიშვნელოვანია და ასევე, მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისთვის. მეორე ლოტის მშენებლობა დაიწყება 2026 წელს და 2030 წელს დასრულდება. მესამე ლოტი ასევე წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. მეოთხე და მეხუთე ლოტები დაიწყება 2027 წლის დასაწყისში და დასრულდება 2029 წლის ბოლოს. მთლიანად, 2030 წლისთვის თბილისის შემოვლითი გზა დასრულებული იქნება. ასევე, წელსვე დავიწყებთ ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობას და დასრულდება 2031 წელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი და ძალიან მნიშვნელოვანია საერთო გამტარუნარიანობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სერიოზული პრობლემები იყო ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით.

კობახიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“ და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი.

“ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით. ეს საკითხები კერძო სექტორს ჰქონდა მინდობილი და აქაც იყო სერიოზული ეჭვები მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფოს სექტორში წამოვიღეთ, რაც მთლიანად უზრუნველყოფს მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას ორივე მიმართულებით - როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის, ისე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.