ავტორი:

“მითხრა, თუ აქ სიკვდილი მიწერია, ქართული დროშით მინდა დავიმარხო მეცო“ - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა: რას წერს გარდაცვლილზე გიგა მაქარაშვილი

“მითხრა, თუ აქ სიკვდილი მიწერია, ქართული დროშით მინდა დავიმარხო მეცო“ - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა: რას წერს გარდაცვლილზე გიგა მაქარაშვილი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი დამენია დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის იყო, სენაკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

მის შესახებ პოსტს აქვეყნებს გიორგი მაქარაშვილი:

“როცა ქართველი მებრძოლის გამოსვენებას ვაწყობდით, იმის დარდიც გვემატებოდა სამოქალაქო პანაშვიდზე მარტოები არ დავრჩეთ ეკლესიაშიო… მებრძოლები ხან ვერ გამოდიოდნენ ფრონტიდან და მხოლოდ შვილმკვდარ უკრაინელ დედებთან ერთად მიწევდა მთელი დარდის გადატანა.

2023 წლის გაზაფხული იყო, ძალიან წვიმდა. ვერც საპატიო ყარაული მოვიდა, ვერც მებრძოლები ჩამოვიდნენ, სულ რამდენიმე ადამიანი ვიდექით ეკლესიაში, როცა ბოლომდე სველი კაცი შემოვიდა, სამხედრო ქურთუკი გაიხადა, თმა, საყელო გაისწორა და სასახლესთან ჩაიმუხლა…

ალბათ ერთი წუთი იქვითინა, მერე ქართული დროშით ხელში რომ შემამჩნია მოვიდა, მხარი მხარს მომადო და უკრაინულად მომისამძიმრა... გამოსვენების შემდეგ მითხრა, სენაკელი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მეგრული გული მაქვსო.

ჩავეხუტე, ჩამეხუტა.

გამომშვიდობებისას ერთი თხოვნა უნდა შემისრულოო…

ბევრი მეგობარი დავკარგე ამ ომში, ალბათ შევეჩვიე კიდეც, მაგრამ სასახლეზე ქართული დროშა რომ იყო გადაფარებული, მაგან ძალიან იმოქმედა, თუ აქ სიკვდილი მიწერია, ქართული დროშით მინდა დავიმარხო მეცო

საბედნიეროდ მქონდა დროშა და იქვე ვაჩუქე…

დღეს კიდევ ერთი ლომგულა ბიჭი მოგვიკლეს რუსებმა

გიორგი დამენია

დიდება გმირებს,“ - წერს გიგა მაქარაშვილი.