ავტორი:

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც სახლს უფრო მეტად აბინძურებს, ვიდრე ასუფთავებს

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც სახლს უფრო მეტად აბინძურებს, ვიდრე ასუფთავებს

ხშირად გვგონია, რომ სახლს იდეალურად ვუვლით, თუმცა ზოგიერთი ავტომატური, ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა რეალურად ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს. პოპულარულმა ბლოგერმა და დასუფთავების ენთუზიასტმა, ლუმ (Lou), TikTok-ზე გააზიარა 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ყოველდღიურად ვუშვებთ.

შეამოწმეთ თქვენი თავი - ხომ არ აკეთებთ რომელიმე მათგანს?

1. სველი უნიტაზის ჯაგრისის ჩადგმა სადგამში

ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ჯაგრისის გამოყენებისთანავე სადგამში დაბრუნება ნამდვილი კატასტროფაა: მასზე დარჩენილი ტენი კონტეინერის ფსკერზე გროვდება და ბაქტერიების გამრავლების იდეალურ ბუდეს ქმნის.

როგორ მოვიქცეთ? - გამოყენების შემდეგ ჯაგრისი რამდენიმე წუთით უნიტაზის დასაჯდომსა და ბორტს შორის მოათავსეთ (ისე, რომ ჰაერში იყოს დაკიდებული). ზედმეტი წყალი პირდაპირ უნიტაზში ჩაიწურება და ჯაგრისიც მშრალი დაბრუნდება თავის ადგილას.

2. სველი ტილოების დატოვება ნიჟარაში

გამოყენების შემდეგ სველი ტილოს ნიჟარის კიდეზე ან პირდაპირ შიგნით დატოვება ბევრს გვჩვევია. ტენიან გარემოში ტილო ძალიან სწრაფად იძენს უსიამოვნო სუნს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე უკვე მილიონობით ბაქტერია გაჩნდა. შემდეგი გაწმენდისას კი ამ ბაქტერიებს მთელ სამზარეულოს მოატარებთ.

როგორ მოვიქცეთ? - გარეცხვის შემდეგ ტილოები აუცილებლად ჩამოკიდეთ ისეთ ადგილას, სადაც ჰაერი კარგად მოძრაობს - მაგალითად, ონკანზე ან ფანჯარასთან ახლოს.

3. საწოლის გასწორება გაღვიძებისთანავე

ბავშვობიდან გვაჩვევენ, რომ საწოლი ადგომისთანავე უნდა დავალაგოთ, თუმცა ექსპერტები საწინააღმდეგოს გვირჩევენ. მთელი ღამის განმავლობაში სხეული გამოყოფს სითბოს და ტენს, რომელიც თეთრეულში ილექება. თუ მას ეგრევე გადააფარებთ მძიმე საბანს, ეს ტენი შიგნით ჩაიკეტება, რაც იდეალური გარემოა მტვრის ტკიპებისთვის.

როგორ მოვიქცეთ? - გაღვიძების შემდეგ გადასწიეთ საბანი და აცადეთ საწოლს მინიმუმ 1-2 საათი „განიავდეს“, სანამ მას საბოლოოდ გაასწორებთ.

4. სარეცხი მანქანის გადატვირთვა

ბევრი ტანსაცმლის ერთად შეყრა პროდუქტიული გვეჩვენება, მაგრამ რეალურად ეს ფულის და დროის ფლანგვაა. გადაჭედილ ბარაბანში ტანსაცმელი თავისუფლად ვერ მოძრაობს, სარეცხი საშუალება კარგად ვერ იხსნება და წყალიც ვერ აცილებს ჭუჭყს ეფექტურად. შედეგად, სარეცხი ნახევრად დასვრილი გამოდის.

როგორ მოვიქცეთ? - ოქროს წესია - მანქანა მაქსიმუმ მისი მოცულობის 3/4-ზე (სამ მეოთხედზე) შეავსოთ, რათა ტანსაცმელსა და ბარაბნის ზედა ნაწილს შორის თავისუფალი სივრცე დარჩეს.

5. ფანჯრების წმენდა მზიან ამინდში

თუ ფანჯრებს მაშინ წმენდთ, როცა მზე პირდაპირ მათ ანათებს, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მინებზე მუდმივად რჩება ლაქები და ზოლები. მიზეზი მარტივია: მზის პირდაპირი სხივები საწმენდ საშუალებას მომენტალურად აშრობს, სანამ თქვენ მის გადაწმენდას მოასწრებდეთ.

როგორ მოვიქცეთ? - ფანჯრების საწმენდად შეარჩიეთ ღრუბლიანი ამინდი, ან ეს საქმე დილით ადრე, მზის აქტიურობამდე დაგეგმეთ.