26 ივნისს, ნაშუადღევს, პეკინის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს თვითმფრინავი შეეჯახა, რის გამოც შენობიდან საგანგებო ევაკუაციიის განხორციელება გახდა საჭირო. ცათამბჯენი “ჩაინა ზუნი“ (China Zun) მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ შენობას შორის ერთ-ერთია, მისი სიმაღლე 528 მეტრს შეადგენს.


სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს 109-სართულიანი შენობიდან ჩამოცვენილი ნამსხვრევები, ასევე თვითმფრინავის კუდის ნაწილი და მიწაზე მდგარი ტაქსის ჩამსხვრეული მინა.

ადგილზე სახანძრო ბრიგადების, ათობით პოლიციის მანქანისა და სასწრაფო დახმარების გამოჩენის შემდეგ, მოქალაქეებმა ცათამბჯენის დატოვება დაიწყეს. მსხვერპლისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
თვითმფრინავის სარეგისტრაციო კოდის მიხედვით, სავარაუდოდ, საქმე ადგილობრივი წარმოების მსუბუქ სპორტულ თვითმფრინავს Sunward SA 60L Aurora-ს ეხება, რომელიც კერძო საავიაციო კომპანიას ეკუთვნის. გადაუმოწმებელი მონაცემებით, საჰაერო ხომალდი მარშრუტს მკვეთრად აცდენილი ტრაექტორიით მოძრაობდა.

პოლიციამ მოქალაქეებს ფოტოების გადაღება აუკრძალა, ზოგიერთს კი უკვე გადაღებული კადრების წაშლა მოსთხოვა და ხალხი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა. ერთ-ერთმა კურიერმა, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა, აღნიშნა რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა და მოგვიანებით შენობაში გაჭედილი თვითმფრინავი გადაიღო თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაშალა, რადგან პოლიციასთან პრობლემების შეექმნა მოერიდა. ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.



პეკინში საჰაერო სივრცეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კონტროლი მოქმედებს. შეზღუდვები განსაკუთრებით გამკაცრებულია დედაქალაქის ურბანულ ნაწილში, სადაც დრონებისა და კერძო მსუბუქი თვითმფრინავების ფრენა სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია.