ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ტრაგიკულად დაიღუპა ფეხბურთელ ექტორ ბელოს მეუღლე, ანდრეა ბელო, რომელმაც სიცოცხლის ფასად ერთი წლის ქალიშვილი გადაარჩინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის დროს ანდრეა შვილს საკუთარი სხეულით გადაეფარა. მაშველებმა ქალი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა პატარა ალანა ცოცხალი გადაარჩინეს.
ვენესუელის მეორე დივიზიონის კლუბ „მარიტიმო დე ლა გუაირას“ ფეხბურთელმა, ექტორ ბელომ, მეუღლეს სოციალურ ქსელში ემოციური წერილი მიუძღვნა.



"ანდრეა, ბრძოლაში მარტო დაგტოვე. ახლა სრულიად მარტო დავრჩი ჩვენს ქალიშვილთან. როგორ ავუხსნა მას, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად შენი სიცოცხლე გაწირე? როგორ ვუთხრა, რომ იმ დროს შენთან არ ვიყავი? მომეცი ძალა, რადგან ამას ვეღარ ვუძლებ.
შენ ყოველთვის ჩვენი გმირი იქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენმა ქალიშვილმა იცოდეს, როგორი საოცარი დედა ჰყავდა. მოვუყვები, როგორ გადაარჩინე და როგორ იბრძოლე მისთვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.“ - წერს ფეხბურთელი.


ამავე დროს, ვენესუელაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ოთხშაბათს მომხდარი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრები ქვეყნისთვის ბოლო საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტიქიურ მოვლენად მიიჩნევა.
ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, სტიქიას 920 ადამიანი ემსხვერპლა, 3 360 კი დაშავდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

დაზარალებულთა დასახმარებლად ვენესუელაში 68-კაციანი ბრიტანული სამძებრო-სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, რომელსაც სპეციალიზებული საძიებო ძაღლები და ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები ახლავს. გაერთიანებულმა სამეფომ კატასტროფის შედეგებთან გასამკლავებლად 2 მილიონი ფუნტი სტერლინგიც გამოყო.
ტრაგედიას გამოეხმაურნენ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. მეფემ განაცხადა, რომ ის და დედოფალი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ და თანაგრძნობას უცხადებენ ყველას, ვინც მიწისძვრის შედეგად ახლობლები, სახლები ან საარსებო წყარო დაკარგა.