ავტორი:

"ეს აპოკალიფსს ჰგავს" - აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მთაზე ასობით უცნაური დინამიკი აღმოაჩინეს

"ეს აპოკალიფსს ჰგავს" - აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მთაზე ასობით უცნაური დინამიკი აღმოაჩინეს

კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად მიჩნეულ შასტას მთაზე უცნაური რამ იპოვეს - ადგილობრივმა მცხოვრებმა კერი ენ სნურმა და მისმა ქალიშვილმა, ჯორდანმა, ცხენით სეირნობისას ტყეში ასობით მზის ენერგიაზე მომუშავე Bluetooth-დინამიკი აღმოაჩინეს, რომლებიც ერთდროულად უცნაურ ხმებსა და ადამიანის ხმოვან ჩანაწერებს უკრავდნენ.

23 ივნისს, როდესაც დედა-შვილი მთის ბილიკზე გადაადგილდებოდა, მათ ხეებიდან მომავალი უცნაური ჭრიალის მსგავსი ხმა გაიგეს. ცნობისმოყვარეობის გამო გზიდან გადაუხვიეს და ბუჩქებში შევიდნენ, სადაც ათეულობით დინამიკს წააწყდნენ.

"ეს პირდაპირ აპოკალიფსურ ფილმს ჰგავს. რა ხდება აქ?“ – ამბობს კერი ენ სნური სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

  • მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მსგავსი მოწყობილობები მთელ ტყეში იყო მიმოფანტული. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ თეთრ ხმაურს გამოსცემდა, ზოგი კი ადამიანის ხმას, რომელიც, სნურის თქმით, მანტრას ან ქადაგებას ჰგავდა.

ტყის სიღრმეში მისულებს კიდევ უფრო უცნაური სურათი დახვდათ – მთის ფერდობზე ასობით დინამიკი იყო განლაგებული, რომლებიც ერთდროულად სხვადასხვა ხმას ავრცელებდნენ.

„კიდევ ასამდე, შესაძლოა, 200-მდე დინამიკი იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს წინასწარ იყვნენ დაპროგრამებული. ეს მართლაც ძალიან უცნაური გამოცდილება იყო,“ – ამბობს სნური.

მისი თქმით, ახლომახლო არც სახლები ჩანდა და არც რაიმე ობიექტი, რომელიც ამ მოწყობილობების არსებობას ახსნიდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ქალი იმავე ადგილზე დაბრუნდა. რუკების დახმარებით დაადგინა, რომ დინამიკები კერძო ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც სახელმწიფო მიწებს ესაზღვრება. თუმცა, ვინ განათავსა ისინი და რა მიზნით, ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებას შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

შასტას მთა დიდი ხანია სხვადასხვა ლეგენდისა და მისტიკური ისტორიის ცენტრად ითვლება. ახალი ეპოქის (New Age) მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ვულკანის ქვეშ მიწისქვეშა ქალაქი ტელოსი მდებარეობს, სადაც, მათი რწმენით, ლემურიის – დაკარგული ცივილიზაციის – შთამომავლები ცხოვრობენ.

წყარო