ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებამ საზოგადოებასა და ბიზნესწრეებში უდიდესი ტკივილი დატოვა. „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებლის წასვლას, რომელმაც ქართული ეკონომიკისა და კულტურული ცხოვრების სტანდარტები სამუდამოდ შეცვალა, სოციალურ ქსელში მისი ყოფილი მეუღლე, ბაია დავითაია ემოციური და ღრმა პოსტით გამოეხმაურა. 10-წლიანი თანაცხოვრებისა და საერთო შვილის, ლუკას მამის ხსოვნას ბაიამ სოციალურ ქსელში გულწრფელი გამოსამშვიდობებელი სიტყვები მიუძღვნა

ბაია დავითაიას გამოსამშვიდობებელი წერილი:
თუ რომელიმე ქალაქს შეიძლება თემურის შინაგანი სამყარო შევადარო, ეს ნიუ-იორკია მუდმივ მოძრაობაში,თავისუფალი,მრავალფეროვანი, გაბედული, მომავლისკენ მიმართული.
სწორედ ამიტომ უყვარდა ის.
არა მხოლოდ როგორც ქალაქი, არამედ როგორც იდეა - უსაზღვრო შესაძლებლობებისა და თავისუფალი აზროვნების.
რა დასანანია, რომ სწორედ ამ ქალაქში დაგემშვიდობეთ.

მისი განსაკუთრებული თვისება იყო ის რომ არასოდეს ირჩევდა გაკვალულ გზას. ის თავად ქმნიდა გზას და მასზე საკუთარ, განუმეორებელ ნაკვალევს ტოვებდა.
მან შეძლო ჩვენი გაერთიანება იმ იდეის გარშემო, რასაც პროგრესი ჰქვია - თანამედროვეობის შეგრძნება, დროის მოსმენის უნარი და მოქმედების გამბედაობა. გვასწავლა ,რომ მომავალი იქმნება მათ მიერ, ვისაც არ ეშინია ახალი გზების და გამოწვევების.
დღეს, როდესაც აღარ არის ჩვენთან, ის ისევ გვაერთიანებს, ამჯერად - მის მიმართ სიყვარული, მადლიერება და ის ღირებულებები, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის დატოვა. ის არის მიმართულება და სინათლე, რომელიც ისევ გვიჩვენებს გზას და სწორედ ამიტომ სტამბის ეზოდან ცისკენ გავუშვით სხივი უსასრულობისკენ.
მადლობელი ვარ იმ საუკეთესო 10 წლისთვის რაც მასთან ერთად გავატარე . და მადლობა ჩვენი ლუკასთვის.

დაკრძალვის დეტალები და გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი
ცნობილი ხდება ბიზნესმენის დაკრძალვის დეტალებიც. თემურ უგულავას ცხედარი საქართველოში ამერიკიდან გუშინ, გვიან ღამით ჩამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, იგი აშშ-ში, კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.
გამოსამშვიდობებელი სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშვეთის ტაძარში გაიმართება, ხოლო დაკრძალვა 28 ივნისს იგეგმება. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნოვატორი ბიზნესმენი 56 წლის ასაკში, 22 ივნისს გარდაიცვალა.
წაიკითხეთ ასევე: