გორის მე-11 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ვიქტორია არუთინიანი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ოჯახი ექსპერტიზისგან ელოდება პასუხს თუ რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს ამ დიდ ტრაგედიას. ვიქტორია ჩვენი სკოლის მოსწავლეა, მე-12 კლასში გადავიდა. ძალიან წარმატებული ბავშვი იყო. კარგად სწავლობდა, ვერცხლის მედალოსანი იყო. გამორჩეული გოგონა. ზუსტი მიზეზი გარდაცვალების ჯერ არ ვიცით, ექსპერტიზის პასუხს ელოდება ოჯახი. ექსპერტიზა გარდაცვლილ გოგონას უკვე ჩაუტარდა. მე ნამდვილად არ მაქვს პასუხი, ზუსტად რით არის გარდაცვლილი მოზარდი. დენმა დაარტყაო, თითქოს ითქვა, მერე ისიც ითქვა, რომ თითქოს გული გაუჩერდა, აბაზანაში იყო და გამოითქვა ვარაუდი, რომ უჰაერობით ხომ არ დაემართა, ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით, ამ ვერსიებიდან ვერცერთს ვერ დაგიდასტურებთ, ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტები დაადგენენ ამ ტრაგედიის მიზეზს.
გოგონას სახლში მოხდა, ბავშვი აბაზანაში იყო შესული საბანაოდ და ეს ტრაგედია მოხდა. ხვალ არის უკვე დაკრძალვა, ძალიან კარგი ბავშვი იყო, მე-12 კლასში გადავიდა წელს, კარგად სწავლობდა, ვერცხლის მედალოსანი იყო, არც ის გამიგია არასდროს რომ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონოდა. ჩემამდე არასდროს არ მოსულა, რომ მას რაიმე დაიჩივლა. ძალიან განვიცდით მომხდარს. ვიკა ბებოსთან ერთად იყო სახლში, ისეთი სიტუაცია იყო, იმხელა ტრაგედია ტრიალებს, ვერც ვკითხეთ ვერავის დეტალები თუ ვინ ნახა ბავშვი და რა მოხდა. საშინელი სიტუაციაა, საცოდაობაა, ძალიან განვიცდით ყველანი და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ყველას" - ამბობს ჩვენთან საუბარში სკოლის თანამშრომელი.
როგორც ცნობილი ხდება, დედა ემიგრანტია და სამშობლოში ჩამოსულს ეს უმძიმესი ტრაგედია დახვდა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მეტი დეტალები გამოძიებით და ექსპერტიზით გახდება ცნობილი.