უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპული დავით ქუქჩიშვილია. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ის ბრძოლის ველზე 26 ივნისს დაეცა
“ვაჟკაცი, დიდგულა, უშიშარი, პატრიოტი ბევრი დავკარგეთ უკრაინაში!
წუხელ გმირულად დაეცა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული დავით ქუქჩიშვილი!
ტყვია არ ეკარებაო არაკებს ჰყვებოდნენ, მტერი სათოფეზე არ ეკარებაო
გოროზი, საქმიანი, სიტყვაძუნწი დადიოდა, ახლოს მისვლა მოგერიდებოდა!
შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, სანამ ერთ დღეს კიევში, ჩემს პატარა სახლში არ მოხვდა…
ბედად თბილი წყალი მოდიოდა, იბანავა, სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და სამზარეულოში შემოსულს კონიაკის ბოთლი დავახვედრე და მაშინ ერთადერთხელ ვნახე გაღიმებული. ხელიც მაშინ ჩავარტყით და ძმობაც მაშინ ვთქვით!
იმის მერე 4 წელი გავიდა და კვირა არ გასულა ერთმანეთი არ მოგვეკითხა.
ყველა დარბევის შემდეგ მესიჯი მომდიოდა, “ვერან, გადარჩი თუ დაგილეწეს ბებერი ძვლები ძაღლისშვილებმა?”
მომისამძიმრეთ და ჩემგანაც მიიღეთ სამძიმარი მთელმა ერმა!
შევხვდებით ბებერო,“ - წერს მაქარაშვილი.
ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის - იგორ ბეკურაშვილის და გიორგი დამენიას - დაღუპვის შესახებ.