ავტორი:

კალიფორნიაში, თავშესაფარში 117 ძაღლის ცხედარი იპოვეს - უმეტესობა მათგანს ნატყვიარები აღენიშნება: რას წერს მედია მომხდარზე

კალიფორნიაში, თავშესაფარში 117 ძაღლის ცხედარი იპოვეს - უმეტესობა მათგანს ნატყვიარები აღენიშნება: რას წერს მედია მომხდარზე

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთით, ქალაქ ფორტუნაში, სამართალდამცველებმა შემზარავ ფაქტს მიაგნეს. თავშესაფარში, რომელიც “ჰუმანური“ სტატუსით სარგებლობდა და წესით ცხოველების სიცოცხლეზე უნდა ეზრუნა, 100-ზე მეტი დახოცილი ძაღლი აღმოაჩინეს.

ჰამბოლდტის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, Miranda's Rescue Animal Sanctuary-ის ტერიტორიაზე მასობრივი სამარხები იქნა გათხრილი. გამომძიებლებმა 117 ძაღლის ნეშტი იპოვეს, რომლებიც გახრწნის სხვადასხვა სტადიაში იყო. გარდა ამისა, ფართობის დათვალიერებისას აღმოჩენილია 21 ძაღლის თავის ქალა, ასეულობით სხვა ძვალი და 600-მდე ძაღლის საყელური.

სპეციალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 70 ცხოველის სხეულში ტყვიის ფრაგმენტებია — რენტგენმა დაადასტურა, რომ მრავალი ცხოველის სიკვდილის მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები გახდა.

პოლიციამ ასევე აღმოაჩინა ბეღელი, სადაც, სავარაუდოდ, ცხოველებს ხვრეტდნენ.

შერიფ უილიამ ჰონსალის განცხადებით, 2025 წლის დასაწყისიდან თავშესაფარმა 900 ცხოველი მიიღო, თუმცა მხოლოდ 116-ის გაშვილება მოხდა. ჯამში, 700-ზე მეტი ცხოველი გაუჩინარებულად ითვლება, რამაც სამართალდამცველებს თაღლითობისა და ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ეჭვი გაუჩინა.

თავშესაფრის მფლობელი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “არასრული და ზოგ შემთხვევაში მცდარია“.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება, თუმცა მირანდასთვის ოფიციალური სისხლის სამართლებრივი ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

წყარო