ავტორი:

საფრანგეთში, ავიაკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის სტუდენტები და ინსტრუქტორები არიან

საფრანგეთში, ავიაკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის სტუდენტები და ინსტრუქტორები არიან

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ტომბლენში, სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავს პარაშუტისტები გადაჰყავდა.

  • ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა თვითმფრინავის პილოტი და 10 მგზავრი. გარდაცვლილ პარაშუტისტებს შორის 5 სტუდენტი და 5 ინსტრუქტორი იყო.

თვითმფრინავი, რომელიც პარაშუტისტების სკოლას ეკუთვნოდა, ნანსი-ესეს აეროდრომიდან აფრინდა, რის შემდეგაც მალევე ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი თითქმის ვერტიკალურად დაეცა საცხოვრებელ მასივთან და სავაჭრო ცენტრთან ახლოს.

მერტ-ე-მოსელის დეპარტამენტის პრეფექტის, ივ სეგუის განცხადებით, ნამდვილი სასწაულია, რომ მიწაზე მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა.

„საშინელი ტრაგედია“ - საფრანგეთი გლოვობს საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომ მომხდარს „საშინელი ტრაგედია“ უწოდა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა.

როგორც ირკვევა, დაღუპული პარაშუტისტების ნახევარი პროფესიით მედდა იყო. კატასტროფის მომენტში მსხვერპლთა ახლობლები აეროდრომზე იმყოფებოდნენ და ტრაგედიას საკუთარი თვალით უყურებდნენ. პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რათა ხელი არ შეუშალონ გამოძიებას.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რათა დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის მართვის დაკარგვა.