"გამარჯობა მე ნანიკო ვარ ხაზარაძე, ტელეწამყვანი ამჟამად ყოფილი ტელეწამყვანი. 53 წლის ვარ, პროფესიით - მსახიობი, მხატვარი და უცხო ენების სპეციალისტი“ - ასე მიესალმა და წარუდგა ნანიკო ხაზარაძე "სახალხო ინტერვიუს" მაყურებელს...
როგორც მიხვდით, AMBEBI.GE-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის მორიგი სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო გადაცემის სრულად ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ლიკა:
- ნანიკო, გამარჯობა. „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ როგორ ხართ? რას საქმიანობთ?
- უკვე თვეა, რაც იმედიდან წამოვედი და რაღაცნაირად მგონია, რომ ჯერ მხოლოდ ორი-სამი დღე გავიდა. კარგად ვარ, ვისვენებ, რაღაც ახალი ჟანგბადი ჩავისუნთქე, ბევრი ახალი საქმე წამოვიწყე და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება.
დიტო:
- ნანიკო, არ მეგონა თუ "იმედს" დატოვებდით... რეალურად რა მოხდა, რატომ წამოხვედით ტელევიზიიდან - მიზეზი ჩემთვის გაურკვეველია... ხომ არ ნანობთ?
- არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში. რატომ მოხდა, რაც მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ მოხდა... ქმარს გავშორდი, ჩემი შვილის მამას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში და ჩემი შვილისთვის. ჩვენ დავასრულეთ ურთიერთობა და ახლა „იმედიდან“ წამოსვლა მგონი, არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის... რაღაც იწყება და რაღაც სრულდება. როგორც ჩანს, ეს ჩემი და „იმედის“ ურთიერთობის დასასრულია.
ნინო:
- გული მწყდება თქვენი „იმედიდან“ წამოსვლის გამო. ისე, ამის მოლოდინი სულ მქონდა... მაინტერესებს, ლილუმ, თქვენმა შვილმა რა გითხრათ?
- ჩემი შვილი ჩემი გულშემატკივარია და ნებისმიერი ჩემი ნაბიჯი, თუნდაც არაპოპულარული და მისთვის არა გამართლებული, რა ვიცი, მაინც მისაღებია. სულ მეუბნება, რომ ყველაზე მაგარი დედიკო ჰყავს. ქალღმერთს მეძახის. თან ისე მიხარია, რომ ვურეკავ, ტელეფონზე ასე ეწერება - დედიკო, ჩემი ქალღმერთი. მისთვის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, არის მისაღები და მადლიერია... მკოცნის და სულ სიყვარულს მიხსნის. მოკლედ, ჩემთან არის, ყველა ჩემი ნაბიჯის გადადგმისას.

მზია:
- იმ ფაქტის შემდეგ გია ჯაჯანიძეს როგორ დაშორდით. აღარ ელაპარაკებით ერთმანეთს?
- არ დავშორებულვარ. ჯაჯანიძეს ველაპარაკები. ვნახე კიდევაც და ტელეფონითაც ბევრჯერ ვიკონტაქტე. ვაგრძელებთ ურთიერთობას. რომ გითხრათ, ვმეგობრობ და ყოველდღე ერთად ვართ, არა, მაგრამ ვკონტაქტობთ.
ნიაკო:
- სოციალურ ქსელში ადამიანები გამუნათებდნენ, რუსთაველზე საპროტესტო აქციებს მხარს არ უჭერსო... გასაგებია, რომ ნებისმიერი ადამიანი თვითონ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთ კომენტარებზე რა პასუხი გაქვთ?
- კი, მამუნათებდნენ, მაგინებდნენ, მწყევლიდნენ, ცუდი სიტყვებით მომიხსენიებდნენ, მთაგავდნენ, მწერდნენ, მირეკავდნენ ასაკით პატარა გოგოები და ბიჭები. მოკლედ თავს იმის უფლებას აძლევდნენ, რისი უფლებაც რეალურად არ ჰქონდათ. თუმცა მე არავისთვის არ მიპასუხია... დღეს აღარ მლანძღავენ, იმიტომ კი არა, რომ "იმედიდან“ წამოვედი. უბრალოდ, დიდი ხანია აღარ მამუნათებენ. რატომ? არ ვიცი, მათ ჰკითხეთ, ვინც მამუნათებდა.

დავითი:
- ტელევიზია, ვფიქრობ, "თქვენი სახლია" - რამდენიმე ათწლეულია მასთან ხართ დაკავშირებული... რომ არა ის, გიფიქრიათ, სხვა სამსახურზე და იმაზე, რას გააკეთებდით?
- ტელევიზიაზე და იქ მუშაობაზე არასოდეს მიოცნებია. აი, ხომ არიან ადამიანები, რომ ჰყვებიან, ბავშვობაში „დეზოტორით“ დავრბოდი, ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი ყოფილა. სულ კოლბებით, ლანცეტებით ვთამაშობდი. დავყავი დედაჩემს თავის სამსახურში - ქირურგიის ინსტიტუტში, მამაჩემს - კამოს ქუჩაზე, მეორე საავადმყოფოში. ჩემი ინტერესი იყო საოპერაციო, მორგი, ლაბორატორია და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, სამედიცინოზე არ ჩავაბარე იმიტომ, რომ მშობლებმა არ მომცეს უფლება. პირდაპირ კი არ ამიკრძალეს, უბრალოდ რაღაცნაირად მანიშნეს, რომ მძიმე პროფესიაა და შევეცოდე... მოკლედ, გადაწყდა, რომ კარგად ვხატავ, ამიტომ წავედი და ექვსი წელი სამხატვრო აკადემიაში ვისწავლე... კარგი შემსრულებელი ვარ თუ რაღაცაზე პასუხისმგებლობა ავიღე, იმას ბოლომდე ვასრულებ და აი, იმ დროს მოვხვდი ტელევიზიაში და კი შემოვრჩი 36 წელი... პროფესიით ვარ მხატვარი, მსახიობი, უცხო ენებში ვსწავლობდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სულ მედიცინა იყო. ძალიან მწყინს, რომ ამ სფეროში ვერაფერი გავაკეთე, ვერ ვიმუშავე. მოკლედ რომ არა ეს ჩემი წარსული, ალბათ სადღაც საავადმყოფოში ვიქნებოდი ნეიროფსიქოლოგი, ან მაგალითად, ნეიროლინგვისტი.
დიტო:
- ამბობენ, რომ ნანიკო საუკეთესო ტელეპარტნიორია, ეთერში მასთან მუშაობა კომფორტულიაო... რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტელეწამყვანებმა ეთერში თანწყობილად იმუშაონ?
- დიტო, გამიკვირდა, როგორც კარგი ტელეპარტნიორი - ასე რომ შემაქე. ზოგადად ამბობენ, რომ ეთერში ძალიან ბევრს ვლაპარაკობ (თუმცა მე ამას ვერ ვგრძნობ) და მუდმივად პირში ვუვარდები ვიღაცებს, სიტყვას ვართმევ... უბრალოდ არ მიყვარს პაუზა და ინსტინქტურად როცა ვგრძნობ, რომ სტუდიაში მცირე პაუზა ისადგურებს, ავტომატურად ვიწყებ ლაპარაკს... დიტო, მადლობა ამ შეფასებისთვის იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა. სულ ვცდილობ, რომ ვიგრძნო, მას რაღაც კონკრეტული დრო დავუთმო. მოკლედ რთულია იყო პარტნიორი. მარტო როდესაც ხარ, შენს თავზე ხარ დამოკიდებული და ბოლომდე მაქსიმუმს აკეთებ, საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენ. როდესაც გყავს პარტნიორი, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არ გადაფარო, არ გააქრო რაღაცნაირად უნდა ეცადო. მიყვარს ვიღაცასთან ერთად მუშაობა. კარგი პარტნიორები მყავდა ცხოვრების განმავლობაში - ნიკა ლომიძე, რომელსაც ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რა უნდა ეთქვა და ამიტომ ყოველთვის ჩემი სათქმელი იქით მიმყავდა, რომ მისთვის ლოგიკური ყოფილიყო ჩემი თემის გაგრძელება. ძალიან კარგი პარტნიორი მყავდა ნიკა წულუკიძის სახით, რომელიც ასევე ყოველთვის გრძნობდა და ვგრძნობდი, რისი თქმა მინდოდა ან გვინდოდა - ერთმანეთს უთქმელად ვუგებდით. ბოლოს ჩემი პარტნიორი აღმოჩნდა „ჯაჯო“, რომელთანაც აღმოჩნდა, რომ ვიყავი ბულერი, მჩაგვრელი... საბოლოოდ კი მოხდა ის, რაც მოხდა... ისე, მიყვარს პარტნიორობა...

მარი:
- "ტოროლობის“ პერიოდი რა იყო? რა მოგონებები დაგიტოვათ? რა შეგძინათ და რას გვეტყვით თქვენს შეუდარებელ ტელეპარტნიორ ნიკა ლომიძეზე?
- ვიდრე „მაესტრო“ გაიხსნებოდა, ვმუშაობდი სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯეოსელში“ (აღარ არის ეგ კომპანია და რეკლამაში არ ჩაგვეთვლება). კარგი ხელფასი მქონდა და მშვენიერი სამუშაო პირობები მქონდა. მოკლედ დამირეკა მამუკა ღლონტმა და მითხრა, რომ სამუშაო უნდა შემოგთავაზო, მაგრამ ხელფასს ჯერჯერობით ვერ მოგცემ, არანაირი ფული არ გვაქვსო. მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, მივატოვე მართლა არაჩვეულებრივი პირობები (მე-13 ხელფასი, პრემია, ბონუსი, საჩუქრები, არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს) და უხელფასოდ წავყევი მამუკა ღლონტს. ჩემი პარტნიორი უნდა ყოფილიყო სოსო თოლორაია, მაგრამ ერთ საღამოს დამირეკა მამუკა ღლონტმა და მითხრა, ჩემი გეგმები შევცვალე და ნიკა ლომიძესთან ერთად უნდა დაჯდე ეთერშიო.
წარმოიდგინეთ, ნიკა ლომიძეს საერთოდ არ ვიცნობდი და წინა ღამეს გავიგე, რომ დილის 8:00 საათზე მასთან ერთად უნდა დავჯდე პირდაპირ ეთერში ახალი არხის გახსნაზე. მოკლედ, წავედით მე და ჩემი „ლალი“ დავსხედით და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ პირველი ეთერიც და მომდევნოც... ნიკასთან ერთად მუშაობა ყველაზე კარგი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. ვიყავით ლაღები, ბედნიერები, თვითონ მოგვწონდა ის, რასაც ვაკეთებდით და ამას მაყურებელი მართლა გრძნობდა. აი, რამდენი წელი გავიდა „მაესტროს“ შემდეგ, სადღაც 25... ქუჩაში დღემდე მაჩერებს ძალიან ბევრი ადამიანი და მეუბნება „ტოროლა“. რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში რომ „ტოროლა“ გადავფარო... ეს იყო ყველაზე ნათელი, ყველაზე ლაღი და ყველაზე ბედნიერი სამუშაო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში... თუმცა ერთი პარადოქსი ისაა, რომ ნიკა ლომიძე და მე წყვილში ყველაზე ცოტა ხანს ვიყავით იმიტომ, რომ მერე გავთხოვდი და წავედი. მაყურებელს რომ ჰკითხო, ჩვენ ვიყავი იქ ყველაზე დიდხანს და სულ ვიყავით...
ანა:
- როდესაც შენობით მოგმართავენ, რა რეაქცია გაქვთ?
- შენობით რომ მომმართავენ, ეს ჩემთვის გაუგებარია. იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ, თქვენზე კარგი ვარ ან რაღაც პატივისცემას ვიმსახურებ ან იმიტომ, რომ ტელეწამყვანი ვარ ან იმიტომ, რომ ხალხი მცნობს. არა, უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ, საიდან აქვთ ამხელა ფამილარობა პატარა ბავშვებს... მერე ამაზე კარგი პასუხი გამცა ჩემმა პროდიუსერმა - იმდენად სულ ტელევიზორში ხარ, რომ ყველას თავისიანად მიაჩნიხარ და შენობით გელაპარაკებიანო... კი, მაგრამ მაინც მგონია, რომ თქვენობით ბევრად კარგია, როცა ერთმანეთს მივმართავთ...

მკითხველი:
- ვიცი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხართ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას რა აღმოჩენები გააკეთეთ?
- საცობები არის ის, რასაც ჩემი ფსიქიკა ვერ ეგუება. არ შემიძლია მშვიდად ვიყო, ვიდგე ორი საათი და ამდენი დრო დავუთმო სადღაც გადაადგილებას. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება - ჩემი საყვარელი მანქანა დავაყენე ეზოში და გადავჯექი ავტობუსზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აღმოვაჩინე თბილის-ქალაქი, რომელსაც ასე ვერ ვათვალიერებდი იმიტომ, რომ არ მქონდა ამის შანსი. როდესაც საჭესთან ხარ, წინ იყურები, გზას უყურებ და არასდროს გაქვს იმის დრო, რომ კარგად აღიქვა შენი ქალაქი. ძალიან მომწონს ეს ჩემი არც თუ ისე ახალი გამოცდილება იმიტომ, რომ რაღაც ხალხთან დავამყარე სხვა კონტაქტი. ავტობუსში რომ ავდივარ, ეს ცალკე პერფორმანსია, ყველა მელაპარაკება, რაღაცას მეკითხება. იმ პერიოდში, როცა მლანძღავდნენ და მამუნათებდნენ, ერთხელაც ავედი ავტობუსში და უკან თავისუფალ სკამზე დავჯექი. ისე მოხდა, რომ მგზავრები უცებ ჩემკენ შემოტრიალდნენ. მთელი ყურადღება ჩემკენ გადმოიტანეს. შემეშინდა, მაგრამ ვის ვაგრძნობინებდი. თუმცა შემრცხვა და ვიფიქრე, ახლა ამ მთელმა ავტობუსმა რომ ჩემი ლანძღვა დაიწყოს, სად გავიქცე-თქო?! აღმოჩნდა, რომ მთელ ავტობუსს „სიყვარულის ბუშტი“ გაუსკდა და ძალიან ბევრი მკოცნეს, მეფერეს და სიყვარულით დამცილდნენ... მიყვარს ავტობუსით მგზავრობა და ზოგადად მიყვარს ხალხთან ურთიერთობა.
მიშა:
- მახსოვს, დღეში ფეხით დიდ მანძილს გადიოდით. შეწყვიტეთ ფეხით სიარული? რა შედეგი მოგიტანათ ამ აქტივობამ?
- აი, ახლაც ფეხით ფეხით დავდივარ ჯერ კიდევ შემომრჩა ეს ტრადიცია სიგარეტის მოწევას თავი რომ დავანებე, 13-14 კილო მოვიმატე. ეს ჩემთვის ბევრი იყო. ამიტომ გადავწყვიტე, წონასთან ბრძოლა გამომეცხადებინა - დიეტა რაღაცნაირად ვერ „გავქაჩე,“ დავიწყე ინტერვალური კვება და ფეხით სიარული. დღეში 10 კილმეტრი იყო ჩემი სახლიდან თავისუფლების მოედნამდე და უკან. ყოველდღე აი, ამ მარშრუტს გავდიოდი, თან ვიკვებებოდი ინტერვალურად (18,20,24 საათის შუალედებით). 36 საათიც მეშიმშილა და სწორედ ეს იყო, რამაც ჩემი 14 კილოგრამი ძალიან სწრაფად გააქრო. მერე რაღაცნაირად შევეჩვიე ფეხით სიარულს. ისეთი სასიამოვნოდ დაღლილი მოვდივარ სახლში, მერე კარგად ვიძინებ და მადაც ნაკლები მაქვს. ფეხით სიარული ჩემთვის ყველაზე კარგი რამ აღმოჩნდა, რაც ჩემს თავს შემიძლია დღის განმავლობაში გავუკეთო.

მაკა:
- რთული დღეები გამოიარეთ მამის მძიმე დიაგნოზის გამო - მას დემენცია ჰქონდა. ემოციურად რას გრძნობდით, როდესაც მამას იმ მდგომარეობაში უყურებდით?
- იმ წუთას როდესაც საქმეში ვარ, სტრესს არ განვიცდი. ჩემთვის ძალიან რთულია, როდესაც ყველაფერი მთავრდება. თუ ოდესმე ფსიქიატრთან ვყოფილვარ კონსულტაციაზე ან სამკურნალოდ მივსულვარ მასთან და რაღაც კონკრეტული წამლები მიმიღია, ეს ყველაფერი ყოფილა პოსტ... ამიტომ მამაჩემი ცუდად რომ იყო, მე მობილიზებული ვიყავი იმისთვის, რომ ყველაფერი გამეკეთებინა. ტონუსში ვიყავი... თუმცა ყველაფერი რომ დასრულდა, მივხვდი, რომ ძალიან რთული გზა გავიარეთ მეც და ბევრად რთული გზა გაიარა მამაჩემმა. ურთულესია, როდესაც შენს საყვარელი ადამიანს, ოჯახის წევრს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს, უყურებ როგორც პიროვნება როგორ ქრება. მისი მეხსიერება ნელ-ნელა უკან იშლება. ავიწყდებოდა ყველაფერი და საბოლოოდ თავის თავიც კი დაავიწყდა. ძალიან ხშირად მეკითხებოდა, რომ დათო ხაზარაძე როგორ არის, მამაშენი როგორ არის? რომ ვეკითხებოდი, რომ შენ ვინ ხარ? ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ეს ძალიან მძიმე სანახავია, ალბათ ყველას, ვისაც მამა ცოცხალი გყავთ და ჯანმრთელი, დიდხანს გყავდეთ ჯანმრთელი... ახლა უფრო მოქმედებს ეს საუბარიც კი, არ შემიძლლია...
უცნობი:
- საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თქვენი საქციელი გაკიცხა - მამა მოხუცთა სახლში როგორ მიიყვანაო... რატომ ვერ გაგიგეს?
- არც მინდოდა, რომ ვინმეს გაეგო, უბრალოდ, ჩვენი მენტალიტეტის ქვეყანაში ასეთი რაღაცები მიუღებელია. ჯერ ერთი, არ გვაქვს ამის ტრადიცია, ამის გამოცდილება... როდესაც ხარ მარტო, როდესაც მუშაობ და შენზეა დამოკიდებული მამაშენის მატერიალური კეთილდღეობა და მისი ჯანმრთელობაც და მამა სახლში მარტოა და მთელი დღე დაახლოებით 200-300-ჯერ გირეკავს და გეკითხება, „სადა ვარ, ვინ წამართვა სახლი, ჩქარა მოდი, ჩამკეტეს, ხანძარია“. ხან მივდიოდი და მართლა ხანძარი ჰქონდა, რადგან ქვაბს ან ჩაიდანს დგამდა გაზზე, ავიწყდებოდა და ის იწვებოდა. ძალიან მოსწონდა შტეფსელების დაშლა და საერთოდ, ყველაფრს შლიდა, აფუჭებდა. გარდა ამისა, აივანზე იდგა და ყვიროდა, რაღაცას ითხოვდა. ამ დროს რთულია, როდესაც მისგან შორს ხარ, სამსახურში ხარ, ვერ აკონტროლებ და ეხმარები.სამსახურიდან მასთან რომ მივდიოდი, ვცდილობდი, ამეხსნა, რომ ის მისი სახლი იყო, არავის არ წაურთმევია მისთვის...
ეს მას არ ესმოდა... ერთხელ წავედი ამობეჭტე წერილი, მეგონა, ამით მოვატყუებდი და დავაჯერებდი, იუსტიციის სახლიდან რაღაც საბუთი გავაკეთე, რომ ეს სახლი ნამდვილად შენია-თქო და ნიკა წულუკიძეს მოვაწერინე ხელი (მაშინ თეა წულუკიანი იყო მინისტრი). ის ხელმოწერილი დოკუმენტი რომ მივუტანე, შემდეგ ის გახდა ჩემი თავისტკივილი. თუ ჩემია, რამდენი ოთახია, აქ ეს რა წერია... ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ „გავქაჩავდი“ და ზუსტად ერთ დღეში მოვიძიე ყველა „სახლი“, რაც კი არსებობდა თბილისში. აღმოვაჩინე კიდეც საკმაოდ ნორმალური, ჩავულაგე ბარგი და წავიყვანე. ორივემ დავისვენეთ. მამამ დაივიწყა აგრესია, არავის აღარ ეჩხუბებოდა, აღარ ჰქონდა განცდა, რომ სადღაც უცხო გარემოში იყო, აღარ კითხულობდა, რატომ ართმევდა ვინმე სახლს. საერთოდ დაავიწყდა ყველანაირი შფოთი. დიდი მადლობა ლალი გოცაძეს, რომელმაც შვიდი წელი მამაჩემი ხელის გულზე ატარა. რომ არა ქალბატონი ლალი მამაჩემი ალბათ ბევრად მალე დაასრულებდა სიცოცხლეს. მადლობა მას იმ შვიდი წლისთვის.