ავღანეთსა და პაკისტანს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კვირას პაკისტანმა მეზობელი ქვეყნის სასაზღვრო პროვინციებზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “თალიბანის“ მთავრობა მომხდარს “ლაჩრულ აქტსა“ და “დანაშაულს“ უწოდებს.
ავღანეთის “თალიბანის“ მთავრობის განცხადებით, სულ მცირე 100 ადამიანია დაღუპული ან დაჭრილი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მათივე თქმით, ჭურვები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, მსხვერპლის დიდი ნაწილი კი სოფელ მანდიხელზე მოდის.
პაკისტანის საინფორმაციო მინისტრმა ატაულა ტარარმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად 29 ბოევიკი იქნა მოკლული. მისი თქმით, ეს იყო პასუხი “უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო ტერაქტებზე“.
კერძოდ, ოპერაცია მოჰყვა შაბათს კარაჩიში მომხდარ თვითმკვლელთა თავდასხმას, რომლის დროსაც პაკისტანის გასამხედროებული ძალების სამი წევრი დაიღუპა. პაკისტანის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულია მეოთხე თავდამსხმელი, რომელიც წარმოშობით ავღანელია. აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჯამაათ-ულ-აჰრარმა“ აიღო, რომელიც პაკისტანის თალიბანის (TTP) ფრაქციაა.
პაკისტანი წლებია ადანაშაულებს ავღანეთს იმაში, რომ ის საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტებს იფარებს, რასაც “თალიბანის“ მთავრობა კატეგორიულად უარყოფს. ქაბული კი, თავის მხრივ, ისლამაბადს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციულ თავდასხმებში სდებს ბრალს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი მალევე დაირღვა.
მიმდინარე წლის ივნისში პაკისტანის დარტყმებს 26 ბოევიკი ემსხვერპლა, თუმცა ავღანეთის მხარე აცხადებდა, რომ დაღუპულებს შორის 13 ბავშვი იყო. მარტში ქაბულში მდებარე ნარკოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრზე პაკისტანის თავდასხმას ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის ორივე ქვეყნის სასაზღვრო ზოლში ვითარება კვლავ დაძაბულია.