პერუში სულ უფრო მეტი ოჯახი აცხადებს, რომ მათი ახლობლები რუსეთში მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დაპირებით გაემგზავრნენ, თუმცა საბოლოოდ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე საბრძოლველად აღმოჩნდნენ.
ერთ-ერთი მათგანია 31 წლის პერუელი მამაკაცია, რომლის დედა, ნორმა, იხსენებს, რომ მისი შვილი რუსეთში მზარეულად მუშაობას აპირებდა. მისი თქმით, შვილს არწმუნებდნენ, რომ ომთან შეხება არ ექნებოდა, კარგ ანაზღაურებას მიიღებდა და მომავალში რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობაც ექნებოდა.
“მინდოდა სახლში გამომეკეტა, მაგრამ მითხრა, მხოლოდ მზარეულად მივდივარო. დედის გულმა კი მაშინვე მითხრა, რომ რაღაც რიგზე არ იყო,“ - ამბობს ნორმა.

რუსეთში ჩასვლიდან მალევე შვილმა დედას ვიდეოები გაუგზავნა, სადაც სამხედრო ფორმაში იყო გადაღებული. კადრებში ის უკრაინის ტერიტორიაზე სხვა უცხოელებთან ერთად სანგრებს თხრიდა და ბუნკერებს აშენებდა. მოგვიანებით ვიდეოები შეწყდა. ბოლო შეტყობინებაში მამაკაცი წერდა, რომ მეთაური “სასჯელად“ ფრონტის ხაზზე გზავნიდა. მას შემდეგ ოჯახს მასთან კავშირი აღარ ჰქონია.
CNN-მა ნახა WhatsApp-ის მიმოწერა, სადაც რეკრუტერი პერუელს რუსეთის არმიაში ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს, ჰპირდება დაზღვევას და მაღალ ხელფასს.
რუსეთში ჩასვლის შემდეგ მამაკაცის შეტყობინებების შინაარსი შეიცვალა. ის ოჯახს წერდა, რომ “ჯოჯოხეთში“ აღმოჩნდა, შიმშილს, მძიმე სამხედრო მომზადებასა და დრონების მუდმივ თავდასხმებს უჩიოდა.
ბოლოს მეუღლეს მისწერა: “ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.“ ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
თანამებრძოლებმა ოჯახს უთხრეს, რომ ის დრონის დარტყმის შედეგად დაიღუპა, თუმცა მეუღლე ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ცოცხალია.

CNN-ის ინფორმაციით, პერუს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც რუსეთისთვის მებრძოლი პერუელების რეკრუტირებასა და შესაძლო ადამიანებით ვაჭრობის სქემას ეხება. გამოძიების მასალების მიხედვით, ხელისუფლებას სულ მცირე 36 ოფიციალური საჩივარი აქვს მიღებული იმ ოჯახებიდან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ახლობლები ყალბი სამუშაო შეთავაზებებით უკრაინაში მიმდინარე ომში აღმოჩნდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვს უკვე 247-ზე მეტი ოფიციალური მოთხოვნა გაეგზავნა იმ პერუელების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. სამინისტრო მათ უსაფრთხოდ დაბრუნებას ითხოვს.
ახალწვეულების ოჯახების წარმომადგენელი ადვოკატი პერსი სალინასი ვარაუდობს, რომ რუსეთის მხარეს ამჟამად დაახლოებით 800 პერუელი იბრძვის. მისი თქმით, უმეტესობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დათანხმდა შეთავაზებას, რადგან მათ კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ დაახლოებით 20 ათასი დოლარის ბონუსსა და 3 000-4 000 დოლარის ყოველთვიურ ხელფასს ჰპირდებოდნენ.
პერუს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი მოქალაქეების გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია და მათ დახმარების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია.
თავის მხრივ, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ პატივს სცემს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ და აღნიშნავს, რომ ოფიციალურად წარდგენილ მოთხოვნებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის მზად არის.