საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას ტანურაში, სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco-ს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:00 საათზე მოხდა.
კომპანია Aramco-ს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამოძიება ავარიის გარემოებების დასადგენად გრძელდება.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, რას ტანურაში მდებარე Aramco-ს ნავთობტერმინალმა ნავთობის ჩატვირთვა რამდენიმე დღის წინ განაახლა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაძაბულობის გამო ოპერაციები თითქმის ოთხი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო.