ავტორი:

საგანგაშო სტატისტიკა - ინგლისში ფსიქიკურ დახმარებას, წელიწადში ერთ მილიონზე მეტი ბავშვი საჭიროებს, მთავარი მიზეზი შფოთვაა: მათი რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდება

საგანგაშო სტატისტიკა - ინგლისში ფსიქიკურ დახმარებას, წელიწადში ერთ მილიონზე მეტი ბავშვი საჭიროებს, მთავარი მიზეზი შფოთვაა: მათი რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდება

ინგლისში ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმართ მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. 2024-2025 წლების მონაცემებით, სპეციალიზებულ მომსახურებას ერთ წელიწადში 1 მილიონზე მეტმა ბავშვმა მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იანი ზრდაა და თითქმის ორჯერ აღემატება 2018-2019 წლების მაჩვენებელს.

  • ბავშვთა საკითხებში კომისრის, ლეიდ რეიჩელ დე სოუზას ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, დახმარების მოთხოვნის ყველაზე ხშირი მიზეზი შფოთვა გახდა, რომელიც ყველა მიმართვის 16%-ს შეადგენს.

ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ აუტიზმის ეჭვის საფუძველზე განხორციელებული მიმართვები ერთ წელიწადში თითქმის 50%-ით გაიზარდა და 96 000-ს გადააჭარბა. მნიშვნელოვნად იმატა სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევების, მათ შორის, ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის სინდრომისა (ADHD) და ტურეტის სინდრომის შემთხვევებმაც.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს დახმარება უფრო მეტმა ბავშვმა მიიღო, ანგარიშის თანახმად, მომლოდინეთა რიგები კვლავ ძალიან დიდია. ამჟამად მკურნალობის დაწყებას ბავშვების მესამედზე მეტი ელოდება, ხოლო 60 000-ზე მეტი ბავშვი დახმარების მისაღებად ორ წელზე მეტია რიგში დგას. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა.

  • ლეიდ რეიჩელ დე სოუზამ აღნიშნულ მონაცემებს „საშიში“ უწოდა და განაცხადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები მოთხოვნას ვეღარ აუდის.

მისი თქმით, აუცილებელია ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ბავშვებმა საჭირო დახმარება დროულად, სკოლებსა და ადგილობრივ საზოგადოებებში მიიღონ.

საქველმოქმედო ორგანიზაცია YoungMinds-იც შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები, ასევე ისინი, ვინც აუტიზმის ან სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევების შეფასებას ელოდებიან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები განსაკუთრებით ხშირია სოციალურად დაუცველ ოჯახებში. ინგლისის ყველაზე ღარიბი რეგიონების ბავშვები ყველა მიმართვის 15%-ს შეადგენენ, მაშინ როცა ყველაზე შეძლებული რაიონებიდან ეს მაჩვენებელი 7.6%-ია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არსებული მონაცემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე დროული და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

წყარო