ავტორი:

"ზარალი არის, ეს აშკარაა" - საწვავის კრიზისი, ფრონტის რეალობა და კულუარული მოლაპარაკებები: პუტინის ინტერვიუს მთავარი აქცენტები

"ზარალი არის, ეს აშკარაა" - საწვავის კრიზისი, ფრონტის რეალობა და კულუარული მოლაპარაკებები: პუტინის ინტერვიუს მთავარი აქცენტები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „ВГТРК“-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მისთვის უჩვეულო ღიაობით ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სამხედრო პრობლემებზე. 25-წუთიანი საუბრისას კრემლის ლიდერმა პირველად აღიარა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმის მძიმე შედეგები, შეეხო ფრონტზე არსებულ ვითარებას, ალასკის ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დეტალებს.

საინტერესოა, რომ პუტინის რამდენიმე განცხადება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა რუსეთის საგარეო უწყებისა და სხვა მაღალჩინოსნების ბოლო დროინდელ რიტორიკასთან.

ბენზინის დეფიციტი რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში

ინტერვიუს გამოსვლის წინა საღამოს პუტინმა საწვავის მომარაგების საკითხზე საგანგებო, მთავრობის ღამის თათბირი გამართა. კრემლის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ზურგში განხორციელებულმა რეგულარულმა დარტყმებმა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

"ჩვენ ახლა გარკვეულ დეფიციტს ვაკვირდებით, თუმცა ის კრიტიკული არ არის. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები პრობლემებს ქმნის, ეს აშკარაა და ზარალიც სახეზეა" - განაცხადა პუტინმა.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში, სადაც საწვავის კრიზისის გამო მოქალაქეებზე ბენზინის გაცემაზე მკაცრი შეზღუდვები და ტალონური (QR-კოდების) სისტემა მოქმედებს. პუტინის თქმით, ნახევარკუნძულს საწვავის მარაგი "მხოლოდ რამდენიმე დღის" აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მან მომარაგების სახმელეთო და საზღვაო გზებით გაზრდის პირობა დადო, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რთული შესასრულებელი იქნება უკრაინის მიერ ბენზინმზიდებზე მუდმივი ნადირობისა და ყირიმის ხიდზე საწვავის ცისტერნების გადაადგილების აკრძალვის ფონზე.

კრიზისიდან გამოსავლის სახით პუტინმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სწრაფი რემონტი, დიზელისა და ბენზინის იმპორტის დაწყება და ობიექტების საჰაერო თავდაცვის (ПВО) სისტემებით გაძლიერება დაასახელა, რასაც, მისივე თქმით, დრო დასჭირდება.

კიევის "ახალი წინადადებები" და კრემლის უარი

პუტინის მტკიცებით, უკრაინის თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არის მცდელობა, აიძულონ მოსკოვი, შეაჩეროს სამხედრო შეტევა და დაიწყოს მოლაპარაკებები კიევისთვის ხელსაყრელი პირობებით. მან დაადასტურა, რომ სხვადასხვა არაფორმალური არხებით უკრაინული მხარისგან მიიღეს „ახალი იდეები“ კონფლიქტის ნაწილობრივი გაყინვის შესახებ.

უკრაინის სავარაუდო წინადადებები მოიცავდა:

ორმხრივ მორატორიუმს ქვეყნების სიღრმეში ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე. საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვას მხოლოდ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონით (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე).

რუსეთის პრეზიდენტმა ეს წინადადებები მყისიერად უარყო და მათ წამგებიანი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის დარტყმები უკრაინის ზურგზე „ბევრად უფრო ძლიერი და დამანგრეველია“, ხოლო ფრონტის ხაზის შეზღუდვა უკრაინას საშუალებას მისცემდა, ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე, ჯარები სხვა მიმართულებებიდან გადმოესროლა.

"კიევის რეჟიმის გადარჩენა ჩვენს გეგმებში არ შედის“, - აღნიშნა მან.

რეალობა ფრონტზე vs კრემლის პროპაგანდა

ინტერვიუში პუტინმა ტრადიციულად ილაპარაკა რუსული არმიის „წარმატებულ წინსვლაზე“ და აღნიშნა, რომ ჯარები ქალაქ სუმიდან 10.5 კილომეტრში, ხოლო კუპიანსკიდან 2.5–5 კილომეტრში იმყოფებიან. თუმცა, ეს განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებს. უკრაინული OSINT-პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთის შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად შენელებულია - მთელი მაისის განმავლობაში რუსებმა მხოლოდ 14 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია მოახერხეს (შედარებისთვის, 2025 წელს მათ 4.3 ათასი კვ.კმ დაიკავეს). კუპიანსკთან დაკავშირებით კი რუსი გენერლები წარმატებულ შტურმზე უკვე თვეებია ცრუ განცხადებებს აკეთებენ.

უთანხმოება რუსეთის მთავრობაში: რა მოხდა ალასკაზე?

ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური ნაწილი აშშ-სთან ურთიერთობებს შეეხებოდა. პუტინმა ფაქტობრივად საჯაროდ უარყო საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებები.

მანამდე ლავროვი აცხადებდა, რომ 2025 წელს ალასკაზე (ანკორიჯში) გამართულ სამიტზე დონალდ ტრამპთან მიღწეული იქნა კონკრეტული „შეთანხმებები“ უკრაინის გაყოფის შესახებ (სადაც აშშ თითქოს თანხმდებოდა რუსეთის მიერ დონბასის კონტროლს), რაც შემდეგ ვაშინგტონმა დაარღვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ეს კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ იქ მხოლოდ ამერიკული წინადადებების განხილვა მოხდა.

პუტინმა ინტერვიუში რუბიოს ვერსია დაადასტურა:

„არავის არანაირი ხელმოწერა არ დაუსვამს. ჩვენ უბრალოდ განვიხილავდით კონფლიქტის დასრულების გარკვეულ შესაძლებლობებს და კომპრომისებს, რომლებიც ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა“.

მიუხედავად ამისა, კრემლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვში მალე ჩავლენ ტრამპის სპეციალური წარგზავნილები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რათა დიალოგი გაგრძელდეს.

ლუკაშენკოს ვიზიტი ვალდაიზე და დაძაბულობა ბელარუსის საზღვართან

ინტერვიუს დასასრულს პუტინმა შეაფასა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან 26 ივნისს ვალდაის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა. ვიზიტი შედგა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი გაფრთხილების ფონზე, რომელმაც მინსკი საზღვართან რუსული სამხედრო რადიო რადიოსიგნალების გამაძლიერებლების განთავსებაში დაადანაშაულა და მათი განადგურებით დაემუქრა. თავად ლუკაშენკომ კი მანამდე განაცხადა, რომ ბელარუსს ამ ომში ჩათრევა არ სჭირდება.

პუტინმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკოსთან სამხედრო დაძაბულობა სიღრმისეულად არ განუხილავს და აქცენტი ეკონომიკაზე გაკეთდა. „ლუკაშენკოს ზელენსკის უხეში შეძახილები პანიკას არ ჰგვრის, ის ამ საკითხს ძალიან მშვიდად უდგება“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.